„დამოკიდებულება, რომ შუა ბრძოლიდან გახვედი, მაგრამ პარლამენტში ჯდომა გინდა, არადამაჯერებელია, უმადური თემაა“

„დამოკიდებულება, რომ შუა ბრძოლიდან გახვედი, მაგრამ პარლამენტში ჯდომა გინდა, არადამაჯერებელია, უმადური თემაა“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური განხეთქილების კიდევ ერთი მიზეზი სანდრა რულოვსი და მის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება გახდა. საქართველოს ყოფილი პირველი ლედი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაგეგმილ ფარსში მონაწილეობას არ აპირებს.

სანდრა რულოვსი გეგმავს თუ არა მეცხრე მოწვევის პარლამენტში შესვლას და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის მეორე ნომრით გარანტირებული მანდატის აღებას, ამას ჯერჯერობით არ აკონკრეტებს და ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ცოლის მეშვეობით მისი პოზიციის გახმოვანება არ სჭირდება.

რულოვსი ირწმუნება, რომ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„არაერთგვაროვანი რეაქცია და არაჯანსაღი სპეკულაციები მოჰყვა ჩემს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის მიერ ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ. ჩემი ამ გადაწყვეტილების შესახებ პარტიისთვის ცნობილი ჯერ კიდევ 11 ოქტომბრიდან იყო. ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება არ იყო, ჩემთვის ღრმად შეურაცხმყოფელია როგორც პოლიტიკოსისთვის და როგორც ქალისთვის. ასეთი აზროვნება და ქალი პოლიტიკოსის მიმართ, ასეთი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებთან შეუსაბამოა“, - აღნიშნავს რულოვსი.

რულოვსი საკუთარ განცხადებაში ვის გულისხმობდა, ეს მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა, როგორც ჩანს, მას მხედველობაში გივი თარგამაძის კომენტარი ჰქონდა, რომელმაც აღნიშნა, რომ რულოვსის გადაწყვეტილება მიუღებელია, რადგან მეორე ტურების კამპანიას აზიანებს.

„პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მეორე ტურებში მონაწილეობაზე მიიღო გადაწყვეტილება. ის, რომ ბრძოლას აქვს აზრი, ყველაზე მეტად მარნეულის ამომრჩეველმა დაადასტურა. ამომრჩევლის დაცვა არის არა მათი ბრძოლიდან არიდება, არამედ ბრძოლაში მათ გვერდით დგომა და მასთან ერთად გამარჯვების მიღწევა“, - განაცხადა თარგამაძემ.

თუ რას ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზე, ამის გარკვევას for.ge პარტიის წევრებთან შეეცადა, რომელთა ნაწილმა საკითხზე საჯარო საუბარი არ ისურვა და პარტიის პოზიციად თარგამაძის განცხადება მოიშველია, მეორე ნაწილმა კი, რულოვსის გადაწყვეტილების ახსნა სცადა.

თავდაპირველად, ლევან თარხნიშვილს სანდრა რულოვსის გადაწყვეტილების შეფასება არ სურდა, თუმცა, მან for.ge-სთან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ისიც აღნიშნა, რომ ყოფილმა პირველი ლედიმ ეს გადაწყვეტილება პიროვნულად, შეუთანხმებლად მიიღო.

თარხნიშვილს შეფასებით, რულოვსმა ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც პარტიას მეორე ტურების წინ დააზიანებს.

„ამ საკითხზე განცხადება გივი თარგამაძემ გააკეთა და დასამატებელი არაფერი მაქვს. პარტიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მეორე ტურებში მონაწილეობს. შესაბამისად, ამ ბრძოლას ვაგრძელებთ. მეორე ტურების მიმართ დიფერინცირებული მიდგომა არ იქნება. სამწუხაროა, რომ ქალბატონმა სანდრამ ეს გადაწყვეტილება პიროვნულად, შეუთანხმებლად მიიღო“, - აღნიშნა თარხნიშვილმა, რომელსაც რულოვსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შევახსენეთ, რომ პარტიამ მისი გადაწყვეტილების თაობაზე ჯერ კიდევ 11 ოქტომბერს იცოდა.

თარხნიშვილი ირწმუნება, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსგავსი რამ არ თქმულა.

„11 ოქტომბრის პოლიტსაბჭოს სხდომას ვესწრებოდი და მსგავსი რამ არ მახსოვს. უზუსტობას აქვს თუ არა ადგილი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ამ პოლიტსაბჭოს სხდომას ვესწრებოდი, როცა მეორე ტურებში მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილება იყო მიღებული“, - აღნიშნავს დეპუტატი.

თარხნიშვილი არ ეთანხმება შეფასებას, რომ სანდრა რულოვსი მეორე ტურებში პარტიის მიერ წარდგენილი პირებიდან გამოკვეთილი კანდიდატი იყო.

„ამაში ვერ დაგეთანხმებით, რადგან გამოკვეთილი ლიდერი მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატია, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა და მას ყველაზე მაღალი მონაცემი აქვს. ლიდერია ასევე ახალციხის ოლქში ვაჟა ჩიტაშვილი. სხვები რას ფიქრობენ, ალბათ, თავად იტყვიან“, - ამბობს თარხნიშვილი, რომლისგან განსხვავებით, საკითხზე საუბარი არ ისურვეს ირმა ნადირაშვილმა და დავით დარჩიაშვილმა.

როგორც for.ge-ს ნადირაშვილმა განუცხადა, პარტიას რა კომენტარის გაკეთებაც უნდოდა, თარგამაძე-რატიანმა-მელიამ გააკეთეს და ის ამ თემაზე დამატებით არ ისაუბრებს.

კოლეგის მსგავსად, საუბრისგან თავს იკავებს დარჩიაშვილი, თუმცა, მას ჰგონია, რომ ამ თემისგან სკანდალის შექმნა მედიას სურს.

„მზადება მეორე ტურისთვის მიმდინარეობს და ვიღაცა ამ თემისგან სკანდალის აგორებას ცდილობს, მაგრამ ამაში მონაწილეობის არავითარი სურვილი არ მაქვს. ეს სკანდალი ივანიშვილს უნდა, მე - არა“, - განუცხადა for.ge-ს დარჩიაშვილმა.

თანაგუნდელებისგან განსხვავებით, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდნენ გიორგი თევდორაძე და ეკა ხერხეულიძე.

for.ge-სთან საუბარში თევდორაძე აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პარტია მეორე ტურში მონაწილეობდა, მაგრამ კანდიდატებს თავისუფლება მიეცემოდათ, საკუთარი გადაწყვეტილება თავად მიეღოთ.

მისი თქმით, მისთვის როგორც მაჟორიტარი დეპუტატისთვის, მეორე ტურიდან სანდრა რულოვსის გამოთიშვა დარტყმა და მნიშვნელოვანი დანაკარგია, მაგრამ ის რულოვსის გადაწყვეტილებაში ვერანაირ დანაშაულს ვერ ხედავს.

„პარტია ერთი-ორი ადამიანის ნებით არ იმართება და რელევანტურია პარტიული დემოკრატია. ვერ ვიხსენებ, სანდრამ საკუთარ გადაწყვეტილებაზე გააკეთა თუ არა მინიშნება, მაგრამ შეიძლება იმ წუთას არ ვიყავი. პოლიტსაბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ მეორე ტურებში მონაწილეობა პერსონალური საკითხი იყო. შესაბამისად, სანდრა რულოვსს პარტიული დისციპლინა არ დაურღვევია“, - დასძენს თევდორაძე.

საკითხზე საუბრისას ეკა ხერხეულიძე ყურადღებას ზუგდიდში შექმნილ ვითარებაზე ამახვილებს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სანდრა რულოვსი იმ პოზიციიდან გამოდის, რა ვითარებაც რეალურად სამეგრელოში იყო.

ზუგდიდში არჩევნები ნახევრად გასამხედროებულ ვითარებაში ჩატარდა, სადაც ადამიანებმა არჩევანი შანტაჟისა და ტერორის ქვეშ გააკეთეს. სამეგრელოში ვიყავი როგორც კარდაკარის დროს, ასევე მას შემდეგ. სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობით ადამიანებს უბნისკენ ძალით ერეკებოდნენ და მათ ტრანსპორტით უზრუნველყოფდნენ. ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს და ცდილობს, ამ ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს და მათ მიმართ არ გამოიყენონ ისეთი აკრძალული მეთოდები, როგორიცაა: დაშინება, დაშანტაჟება“, - აღნიშნავს ხერხეულიძე.

კანონმდებელი თანაგუნდელების განსხვავებულ პოზიციებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მან თანაპარტიელების პოზიციები იცის, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი გუნდია.

„გუნდის სიმტკიცე იქ ვლინდება, როცა საერთო გადაწყვეტილებას ყველა პატივს სცემს. პოლიტსაბჭოზე კენჭისყრა ჩატარდა და ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მეორე ტურში მონაწილეობა მივიღოთ. დეტალურად წინადადების წყობა როგორი იყო, ვერ გეტყვით. სანდრა საუბრობდა იმაზე, რომ ოლქში გაყალბების ფაქტები იყო და საჭირო იყო ხალხის გამხნევება. მეორე ტურზე სანდრას მკაფიო პოზიცია არ ჰქონია“, - დასძენს ხერხეულიძე.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების თაობაზე პოლიტოლოგების განწყობას, ექსპერტები რულოვსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკან სააკაშვილის კვალს ხედავენ და პროგნოზირებენ, რომ პარტიაში შიდა დაპირისპირება ქრონიკულ სახეს მიიღებს.

როგორც for.ge-ს სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა, ცოლ-ქმრის შეხედულებების საჯაროდ გარჩევა ძალიან უმადური თემაა.

ცისკარიშვილი სააკაშვილის მიერ გაკეთებულ მოწოდებებს იხსენებს და ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მთელ პარტიას მოუწოდებდა, რომ მეორე ტურში მონაწილეობა არ მიეღო და პარლამენტში არ შესულიყო, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ გარკვეული განხეთქილების წინაპირობა გახდა.

„ამ ფაქტის კომენტარისგან თავს შევიკავებდი, თუმცა რასაკვირველია, მეუღლის გამონათქვამები და პოზიციები საკუთარმა მეორე ნახევარმა უნდა აღიქვას და საკუთარი ფავორიტის ნება-სურვილს მისდიოს. დიდი ალბათობით, ეს შიდა დაპირისპირება ქრონიკულ სახეს მიიღებს. როგორც ჩანს, ქალბატონი სანდრა მისი მეუღლის მოთხოვნებს ნაწილობრივ აკმაყოფილებს და პარლამენტში შედის, მაგრამ მას მეორე ტურში მონაწილეობა აღარ სურს, რადგან როგორც ჩანს, მას საკუთარი დამარცხების მოლოდინი აქვს, რისი თავიდან აცილების სურვილიც აქვს. მას სიაში გარანტირებული ადგილი აქვს. ანუ, როგორც ჩანს, რულოვსის გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა და იგი ცდილობს, განსხვავებული მოსაზრებების მქონე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პოზიციების საამებლად თან მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღოს და თან საპარლამენტო სიის სათავეში აღმოჩნდეს“, - ამბობს ცისკარიშვილი.

რამაზ საყვარელიძე პროგნოზირებს, რომ რულოვსის ამ ნაბიჯით პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. for.ge-სთან საუბარში საყვარელიძე ვარაუდობს, რომ რულოვსის გადაწყვეტილება ნაკარნახევია იმ სცენარით, რითაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.

„სააკაშვილს სურდა, რომ ამ ჯგუფს კურსი პროტესტისკენ და ქუჩის აქციისკენ აეღო, სადაც მისთვის უფრო მომგებიანი ქუჩაში დამდგარი სანდრა იყო. ის ამაზე მთელ მსოფლიოს შეძრავდა, თორემ, პარლამენტში დამჯდარი სანდრა მიშას ინტერესში არ უნდა ყოფილიყო. ანუ, მიშასთვის რაიმეს მომტანი პარლამენტში მყოფი სანდრა არ იქნებოდა და ამიტომ მგონია, რომ სანდრას ეს გადაწყვეტილება მიშას კვალს ატარებს. მეორე მხრივ, სანდრა რულოვსი ამ ჯგუფში რომ არ იყოს, ეს თავად ამ ჯგუფსაც აწყობს, რადგან პარლამენტში მყოფი სანდრა მიშას გავლენის ქვეშ იქნება და არ მგონია, რომ ნაციონალების დღევანდელ საპარლამენტო ჯგუფს მიშას გავლენა შიგნით აწყობდეს. შეიძლება ითქვას, რომ პროცესი ბუნებრივად მიდის, რადგან რაც მოხდა, როგორც ერთს, ასევე მეორე მხარეს აწყობს“, - აცხადებს საყვარელიძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს გია ხუხაშვილიც, რომელიც არ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი სისტემურ დაპირისპირებაში გადაიზრდება.

როგორც for.ge-ს ხუხაშვილმა განუცხადა, რულოვსის გადაწყვეტილება ახალი ისტორია არ არის, რადგან მოვლენების განვითარების ორი კენცეფცია იყო, საიდანაც პირობითად სააკაშვილის კონცეფცია მოკლევადიანი იყო, ხოლო ბოკერიას კონცეფცია - გრძელვადიანი, რომელიც 2020 წელს ხელისუფლებაში დაბრუნებაზე იყო ორიენტირებული.

ხუხაშვილის მოსაზრებით, მეორე ნაწილმა გაიმარჯვა, რაც პარლამენტში შესვლა-არშესვლის მიზეზებს უკავშირდებოდა.

„ამ შემთხვევაში წამყვანი იყო ის, რომ სააკაშვილს წამზომი ჩართული უკრაინაში აქვს და მას წყალივით ახალი პლატფორმა სჭირდება, რათა პოლიტიკური წონა შეინარჩუნოს და საქართველოშიც ფორსირებულ კრიზისს ამიტომ ითხოვდა. არ ვფიქრობ, რომ პირველი აზრის გამარჯვების შემთხვევაში, ანუ, ასეთი ტიპის კრიზისის ფორმირების შემთხვევაში, რასაც სააკაშვილი ითხოვდა, ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა. როგორც ჩანს, სააკაშვილი აპირებს, რომ ეს თემა რაღაცა მომენტში შიდა პარტიული ბრძოლების დროს გამოიყენოს. ის პირველივე შეცდომას დაელოდება და როგორც ჩანს, ეს თემა მუდმივად ნელ-თბილი მდგომარეობაში იტრიალებს“, - ამბობს ხუხაშვილი.

ექსპერტს არ ჰგონია, რომ სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას რამე განსაკუთრებული დაპირისპირება მოჰყვეს.

„სანდრას კომენტარები გასაგებია და ლოგიკურია, რაც შეეხება მეორე მხარის განცხადებას, რომ გადაწყვეტილებამ „ნაციონალური მოძრაობა“ დააზარალა, კი ბატონო, დააზარალა და ამ აზრს ვიზიარებ. როცა მეორე ტურზე მხარდამჭერების მობილიზაციას ცდილობ და ამ დროს, მეორე ფლანგზე, არჩევნებში მონაწილეობაზე კანდიდატი უარს აცხადებს, მით უმეტეს ლიდერის მეუღლე, ბუნებრივია, ეს პარტიის აქტივისტებში გარკვეულ დემონიზაციას უაკავშირდება“, - აცხადებს ექსპერტი.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მეორე ტურიდან რულოვსის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნა იმას არ ნიშნავს, რომ ის პარლამენტში არ შედის.

„ცალკე, კიდევ ერთი ინტრიგა იქნება ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სანდრა რულოვსი. იმ ფონზე, როცა მეორე ტურზე უარს აცხადებს, ლოგიკური არ იქნებოდა, რომ ის ამ ფონზე პარლამენტში სიით შესულიყო. არ მგონია, რომ პარტიამ მასთან დაპირისპირება გადაწყვიტოს, მაგრამ ლოგიკური იქნება ის, პარლამენტში თუ არ შევა. სხვა შემთხვევაში, მის მიმართ კითხვები კიდევ უფრო გაძლიერდება. დამოკიდებულება, რომ შუა ბრძოლიდან გახვედი, მაგრამ პარლამენტში ჯდომა გინდა, არადამაჯერებელი იქნება“, - დასძენს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, სანდრა რულოვსმა 10 692 ხმა მიიღო, რაც 44.8%-ია, „ქართული ოცნებიდან“ მისმა კონკურენტმა ედიშერ თოლორაიამ კი, 11 607 ხმა, რაც 48.63 პროცენტია.