საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი გახდა, რომლის ბიოგრაფიული მონაცემებიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა უფრო უკეთ იცის, ვიდრე პოლიტიკოსებმა და უსაფრთხოების დარგში ექსპერტებმა.
ქვეყნის პირველმა პირმა დავით რაქვიაშვილის კანდიდატურა საზოგადოებას დღეს წარუდგინა და აღნიშნა, რომ ის უშიშროების საბჭოს მდივნობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრია.
რაქვიაშვილის შესახებ პრეზიდენტი ამბობს, რომ მას სერიოზული გამოცდილება აქვს როგორც აშშ-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე რუსულ მხარესთან ურთიერთობის.
მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის თაობაზე აღნიშნავს, რომ ის 2010 წელს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო და ჩართული იყო ჟენევის მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციის მექანიზმში.
„მას სერიოზული გამოცდილება აქვს. აშშ-ში ელჩის მოადგილე - დესპანი იყო. მე და რაქვიაშვილი ერთად ვქმნიდით იმ ინსტიტუტს, რომელსაც ვხელმძღვანელობდი. ის ჩემი თაობის ერთ-ერთი გამოჩენილი ალპინისტია, რაც სერიოზული პიროვნული მაჩვენებელია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოში იმუშაო და ქვეყნის გაძლიერებას და თავდაცვისუნარიანობას ემსახურო“, - აღნიშნა მარგველაშვილმა, რომლის ცნობითაც, მას რაქვიაშვილთან ახლო ურთიერთობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს.
თავის მხრივ, რაქვიაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობას განსაკუთრებულ პასუხისმგებლობად აფასებს და საკუთარ პრიორიტეტებს ასახელებს.
უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის განცხადებით, ისეთ დროს, როცა ქვეყანას მყისიერი საფრთხე არ ემუქრება, უშიშროების საბჭოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საფრთხეების პრევენციაზე, ხოლო მაშინ, როცა სასწორზე სახელმწიფოებრიობა და მშვიდობა დევს, უშიშროების საბჭო სწორედ ის პოლიტიკური სათათბიროა, სადაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ამ ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავ გადაწყვეტილებებს განიხილავს.
„გეოპოლიტიკურ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, ჩვენს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები უდავოდ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ასეთ ცვალებად გარემოში შესაძლო გამოწვევების გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტებით და მათი კოორდინირებული მოქმედებით“, - აღნიშნავს რაქვიაშვილი.
თუ ვინ არის დავით რაქვიაშვილი და თუ რა გამოცდილება აქვს მას უსაფრთხოების სფეროში, ამის გარკვევას for.ge შეეცადა, თუმცა, მას ჩვენს მიერ გამოკითხული პოლიტიკოსებიდან და ექსპერტებიდან მხოლოდ ნაციონალი დავით დარჩიაშვილი იცნობს.
როგორც for.ge-ს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, მას უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის სახელი და გვარი არაფერს არ ეუბნება და ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის შერჩევა პრეზიდენტის პრეროგატივა იყო.
„უბრალოდ, მას ვერ ვიხსენებ ვინ არის. ალბათ, ამ სფეროში 15-20 წელია ვსაქმიანობ და მისი სახელი და გვარი არ მსმენია. თუკი რაიმე საშუალება მომეცემა, მასთან ვითანამშრომლებ, როგორც ამას მუშაობის ფორმატი მოითხოვს. ჩემთვის უშიშროების საბჭო უფრო შინაარსობრივი ფორმატია და მისი მდივანი ვინ იქნება, ეს გადამწყვეტი არ არის, რადგან ეს პრეზიდენტის მრჩეველი ორგანოა“, - აღნიშნავს სესიაშვილი, რომლის მსგავსად, რაქვიაშვილის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი.
for.ge-სთან საუბარში ვოლსკი აცხადებს, რომ რაქვიაშვილის მონაცემები და ბიოგრაფია კარგი აქვს, თუმცა რას იზამს, ამას დრო აჩვენებს.
„მას წარმატებებს ვუსურვებ. უშიშროების საბჭოს მდივნობა საერთაშორისო პოლიტიკის ცოდნას და ბევრ სხვა უნარს მოითხოვს“, - დასძენს ვოლსკი.
კოლეგების მსგავსად, უშიშროების საბჭოს მდივანზე არაფერი სმენია პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლევან ბერძენიშვილს.
„მის შესახებ ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან ამ ადამიანს არ ვიცნობ. ალბათ, პრეზიდენტმა უნდა წარმოადგინოს, ვინ არის. ალბათ, მას ვიღაცეები იცნობენ“, - განუცხადა for.ge-ს ბერძენიშვილმა, რომლისგან განსხვავებით, რაქვიაშვილს იცნობს ნაციონალი დავით დარჩიაშვილი.
დარჩიაშვილი for.ge-ს რაქვიაშვილს უხასიათებს და ამბობს, რომ მას იცნობ, როგორც ძალიან კარგ ადამიანს.
„ის ამ სისტემაში ნაყოფიერად მუშაობას რამდენად შეძლებს, ამის თაობაზე კითხვის ნიშნები მაქვს“, - დასძენს დარჩიაშვილი.
რაც შეეხება ექსპერტების განწყობას, როგორც პოლიტიკოსების ნაწილი, ასევე ისინიც, დავით რაქვიაშვილს არ იცნობენ.
for.ge-სთან საუბარში სამხედრო ექსპერტი ბესო ალადაშვილი აცხადებს, რომ დავით რაქვიაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნად რომ დაინიშნებოდა, ამის თაობაზე ვარაუდები გუშინ გამოითქვა.
მისი თქმით, მას თავად პიროვნების შესახებ არაფერი სმენია, მას პირადად არ იცნობს და არც მისი სხვა აქტივობები არ ახსოვს, რაც უსაფრთხოებას ეხება. ალადაშვილი საკითხზე საუბრისას აქცენტს უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე აკეთებს და ამბობს, რომ მდივნის ფუნქციები უფრო სიმბოლურია და მდივანი გავლენას ვერც საშინაო და ვერც საგარეო პოლიტიკაზე ვერ მოახდენს.
„ბუნებრივია, პიროვნებაზეც ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ფუნქციებიდან გამომდინარე, მდივანი ვინც არ უნდა ყოფილიყო, ვერაფერი შეიცვლება. დღეს უშიშროების საბჭო უაღრესად შეკვეცილი ფუნქციების სტრუქტურაა. ანუ, ნამდვილად ქართული დომხალი და აჯფსანდალია“, - აღნიშნავს ალადაშვილი.
კოლეგის მსგავსად, რაქვიაშვილს არ იცნობს ვახტანგ მაისაია, თუმცა, მის შესახებ ვარაუდს გამოთქვამს, რომ ის საგარეო დაზვერვაში მუშაობდა.
„რამდენადაც ვიცი, დავით რაქვიაშვილი საგარეო დაზვერვაში მუშაობდა და იმედია, საიდუმლო ინფორმაცია არ გავთქვი. რამდენად კარგი კადრია, ამას დრო აჩვენებს. როგორც პროფესიონალი მზვერავი, ალბათ, თავის თავს ამ მიმართულებით გამოავლენს. რა გითხრათ, რით გაგახაროთ“, - განუცხადა for.ge-ს მაისაიამ.
ზემოთ აღნიშნული პირების გარდა, for.ge-მ დავით რაქვიაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება სხვა პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთანაც სცადა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ისინი უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს არ იცნობდნენ, შეფასებებიც არ გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თანამდებობა ირინა იმერლიშვილმა დატოვა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.