კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ ერთპარტიული უმრავლესობა და მით უფრო საკონსტიტუციო უმრავლესობა ხიფათს შეიცავს, მაგრამ ხიფათი მაშინ ჩნდება, როცა უმრავლესობა თავისი უპირატესობის გამოყენებას არასწორად იწყებს. კანონმდებელი ფიქრობს, რომ 13 წლიანი პერიოდიდან გამომდინარე, უფრო ცუდია ნაციონალების ხელში უფრო მეტი ძალა იყოს, ვიდრე „ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდეს. დეპუტატის მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა ლაკმუსის ქაღალდი და ამ პარტიის თვითილუსტრაცია იქნება.
საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებსა და საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე, for.ge პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა:
„ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა საფრთხეებს შეიცავს, მეორე ნაწილი საპირისპიროს ამტკიცებს. როგორია, თქვენი პოზიცია?
- ზოგადად, ერთპარტიული უმრავლესობა და მით უფრო საკონსტიტუციო უმრავლესობა ხიფათს შეიცავს, რადგან როგორც წესი, ასეთი უმრავლესობა წინ ვერ აღუდგება ცდუნებას, რომ თავისი მდგომარეობა მიმდინარე მერკანტილური ინტერესების დასაკმაყოფილებლად არ გამოიყენოს. რასაკვირველია, ერთპარტიულ უმრავლესობას და მით უფრო კონსტიტუციურ უმრავლესობას ეფექტიანი მოქმედება შეუძლია, მაგრამ ყველაზე ეფექტიანი ხელისუფლება - დიქტატურაა, როცა დიქტატორის ნებისმიერი სურვილი და ბრძანება სრულდება. მისი ნება-სურვილი სრულდება მაშინვე და, თუ მას ვინმე არ შეასრულებს, მას პასუხს „კანონის შესაბამისად“ მოსთხოვენ. ყველაზე მეტი რისკის შემცველიც სწორედ დიქტატურა და ერთპარტიული მმართველობაა. დიქტატურა გინდ ერთი პირის იყოს და გინდ ერთპარტიული, სიკეთე არც ერთს მოაქვს და არც - მეორეს. ისტორიამ არაერთი მაგალითი იცის როგორც ერთპიროვნული დიქტატორის, ასევე ერთპარტიულის. ამისთვის საკმარისია, საბჭოთა კავშირი და ინდოჩინეთის ქვეყნები გავიხსენოთ. მსოფლიოში დღესაც არის ქვეყნები, სადაც ერთპარტიული დიქტატურებია. ამიტომ, რასაკვირველია, საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხის შემცველია. ზოგადად, სახელმწიფოს მოწყობა, მმართველობის ფორმები და გაწონასწორებული ნორმები იმისთვის იქმნება, რომ ისეთი შესაძლებლობებიდან თავი დავიცვათ, რომელიც ერთპარტიული მმართველობას მოსდევს. ერთ-ერთი პოსტაბჭოური ქვეყნის კონსტიტუციაში წერია, რომ ერთ პარტიას არ შეიძლება მანდატების 3/5-ზე მეტი ჰქონდეს. ანუ, ამ პარტიას ამომრჩეველთა ასსმა პროცენტმა მხარი რომც დაუჭიროს, მას 3/5-ზე მეტი მაინც არ ექნება.
კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის არსებობა, რამდენად დემოკრატიულია?
- თავისთავად, ასეთი ჩანაწერი დემოკრატიული არ არის, მაგრამ სხვა წესი ვერ მოიფიქრეს, რომ თავი შესაძლო საფრთხეებისგან დაეცვათ. გერმანიის ბუნდესტაგის არჩევისას, საარჩევნო კანონი ისეთია, რომ ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება ძალიან ძნელია. ეს კანონი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღეს და მას შემდეგ, ერთპარტიული უმრავლესობა ერთი-ორჯერ იყო, სხვა დროს, კოალიციური უმრავლესობა დგებოდა. გერმანელებმა ასეთი კანონი შექმნეს, რატომ? - იმიტომ, რომ უმრავლესობაში გარკვეული საფრთხე არსებობს.
რომელი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს - ჩვეულებრივი უმრავლესობა თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა?
- მიმდინარე პროცესებისთვის უფრო დიდი საფრთხე ჩვეულებრივი უმრავლესობაა, ვიდრე საკონსტიტუციო უმრავლესობა. რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე არსებითად ის კანონები მოქმედებს, რომელიც ქვეყანაში მუშაობს. ქვეყნის მოწყობის საფუძველი განსაზღვრულია კონსტიტიციით, ხოლო კანონებით ნორმები. ანალოგი რომ გავაკეთოთ, გეტყვით, რომ კონსტიტუცია არის სახლის საძირკველი, რომელზეც ზემოდან კანონებია დაშენებული. ამ თვალსაზრისით, ცუდი კანონები სახიფათოა, რადგან შეიძლება შენობა ჩამოიქცეს. კარგი საფუძვლის შემთხვევაშიც კი, სახიფათო კედლებია, რადგან მნიშვნელოვანია ის, კედლები თუ როგორ არის აშენებული. შეიძლება საძირკველი მყარი იყოს, მაგრამ კედლები ფარღალალა იყოს. ამიტომ, ხიფათი ორივეშია.
მეცხრე მოწვევის პარლამენტის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, თქვათ, რომელი უფრო საფრთხის შემცველია - საკონსტიტუციო უმრავლესობა „ოცნებას“ ჰქონდეს, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში მეტი მანდატი იყოს?
- საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობის შემთხვევაში, ხიფათი მაშინ ჩნდება, როცა ეს უმრავლესობა თავისი უპირატესობის გამოყენებას არასწორად იწყებს. ანუ, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ამის მაგალითები გვაქვს, როცა 2004 წელს, სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკა გვიბოძეს, ხოლო 2010 წელს, სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკა სუპერ საპრემიერ-მინისტრო რესპუბლიკად გადააქციეს. ეს უბრალოდ იმიტომ არ ამოქმედდა, რომ ცვლილებები ძალაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედიოდა და მანამდე რამდენიმე ცვლილების შეტანა მოვასწარით, რითაც სუპერპრემიეობა გამოვასწორეთ, თუმცა რაღაც ნორმები დღესაც ჩარჩენილია, რომელთა შეცვლა ვერ შევძელით. რატომ? - იმიტომ, რომ ამას ხელს „ნაციონალური მოძრაობა“ უშლიდა. ანუ, საკონსტიტუციო უმრავლესობის არასწორი მიმართულებით სვლა შესაძლებელია. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობამ სწორი ცვლილებების გაკეთება მოითხოვა, მაშინ ის ამის გაკეთებას ადვილად შეძლებს და მას ამაში ხელს „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეუშლის, რომლისგანაც სიმართლე რომ გითხრათ, კონსტრუქციულ მოქმედებას არ ველი და ამის თქმის უფლებას ის განვლილი ოთხი წელი მაძლევს, როცა პარლამენტში ერთად ვისხედით და პრაქტიკულად, ისინი მხარს არაფერს არ უჭერდნენ. მათი მხრიდან მხარდაჭერა საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციაში ჩანდა ხოლმე, სხვა საკითხების მიმართ ყოველთვის წინააღმდეგობა იყო და თან თითიდან გამოწოვილი არგუმენტები ისმოდა.
რიგ საკითხებთან მიმართებაში, პოლიტიკურ ვაჭრობასაც ჰქონდა ადგილი. ჯერ კიდევ სამი წლის წინ, for.ge წერდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლის სანაცვლოდ, პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ითხოვდა...
- სხვადასხვა საკითხები იყო. ხშირად, პოლიტიკურ კულუარებში ამბობდნენ, რომ ამა თუ იმ საკითხის მიღება სწორი იყო, მაგრამ ისინი საკითხს მხარს „ამიტომ“ და „იმიტომ“ ვერ დაუჭერდნენ. ეჭვი მეპარება, რომ ვინც გუშინ ასე იქცეოდა, ხვალ სხვაგვარად მოიქცევა. პარლამენტში მათი წარმომადგენლობა რაც უფრო დიდი იქნება, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ კანონების მიღების და საკონონმდებლო პროცესს ხელი შეუშალონ, მათ შორის - კარგი კანონების მიღებას. ცუდი კანონის მიღებას თუ შეეწიღააღმდეგები, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ კარგი კანონების მიღებას ხელს რატომ უშლი? ამასთანავე, „ქართული ოცნების“ ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა ლაკმუსის ქაღალდი და ამ პარტიის თვითილუსტრაცია იქნება. თუ ხელისუფლებას უმრავლესობა არ ჰყავს და ამ დროს, საზოგადოება გარკვეულ ცვლილებებს ითხოვს, მმართველი გუნდი იტყვის, ოპოზიცია მიშლის ხელს, თორემ ამას გავაკეთებდიო. როცა ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა თავად აქვს, ის ვერავის ვერაფერს გადააბრალებს და მას საზოგადოების მიერ მოთხოვნილი ცვლილების შესრულება მოუწევს, ან საკითხის წინააღმდეგ ღიად წასვლა. რასაკვირველია, არასწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ზიანი ქვეყანას მიადგება, მაგრამ ზიანი არასწორი გაწყვეტილების მიმღებსაც მიადგება.
ანუ, ხელისუფლებისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა როგორც ფუფუნება, ასევე ბეწვის ხიდზე გავლაა?
- თუნდაც, 2012 და 2008 წლები გაიხსენეთ. საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო იმაში, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო და სააკაშვილმა პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა. ასეთი ვითარება რატომ შეიქმნა? - სააკაშვილისა და მისი პარტიის არასწორი, არასამართლიანი გადაწყვეტილებების გამო. ხელისუფლების შეცვლა 2008 წელს ვერ მოხერხდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს, ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვებისთვის ყველა მეთოდს - უკანონო მეთოდებს იყენებდა, მან საპარლამენტო არჩევნები მაინც წააგო. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი ხვედრი ელის ყველას, ვინც ცუდად იქცევა. ცუდად მოქცევის შესაძლებლობაც უნდა გქონდეთ. ბევრ ადამიანზე უთქვამთ, ქრთამს არ აიღებსო, მაგრამ აქვე კითხვა ჩნდება - მას ისეთი უფლებები ჰქონდა კი, რის გამოც ქრთამს შესთავაზებდნენ? გაინტერესებთ, უფრო უკეთესი რა იქნება - საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს, თუ უფრო დიდი წარმომადგენლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდეს? „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში დიდ წარმომადგენლობას დადებითად ვერანაირად ვერ ჩავთვლი. სხვა პარტია რომ ყოფილიყო, ალბათ, სხვაგვარად ვიტყოდი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში ამას პოზიტიურად ვერ ჩავთვლი. შესაფასებელი ერთი რაღაც რჩება - რა უფრო სახიფათოა, ნაციონალების ხელში უფრო მეტი ძალა თუ „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა?! 13-წლიანი პერიოდიდან გამომდინარე, რომელმაც ჩემს თვალწინ ჩაიარა, უფრო ცუდად მიმაჩნია, ნაციონალების ხელში უფრო მეტი ძალა.
„ოცნების“ მხრიდან საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციაში არსებული ხარვეზების გამოსწორება მოხდება, საპირისპიროს ოპონენტები ამტკიცებენ. პერიოდები გვახსოვს, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებს თავის თავზე ირგებდა. „ოცნებამ“ რა შეიძლება, მის სასიკეთოდ გამოიყენოს და მოირგოს?
- ყველაფრის გაკეთება შეიძლება, გააჩნია, ვინ რას მოინდომებს. შეიძლება სუპერსაპრეზიდენტო გააკეთონ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს გააკეთონ. შეიძლება, პრემიერის უფლებამოსილების გაზრდა მოითხოვონ. ბევრნაირი ცუდის გაკეთება შეიძლება, რთული კარგის მოფიქრებაა. თუ ვინმე კონსტიტუციაში ნაღმის ჩადებას მოინდომებს, ქვეყანაში საქმის საკმარისი მცოდნე ადამიანია, რომელიც იტყვის, რომ ეს სახიფათოა და ამის გაკეთება არ შეიძლებაო. ამის გაკეთებას თუ მაინც შეეცდებიან, საზოგადოების რეაქციაც ადეკვატური იქნება. ასე მოქცევას არავის ვურჩევდი.
საქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალური კონსტიტუციის რომელი მოდელი იქნება?
- ცოტა გვიკლია იქამდე, რომ კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა ვიყოთ და მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ყველაზე უკეთესი ეს იქნებოდა, ვინაიდან, ეს ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ყველაზე ნაკლებ რისკებს შეიცავს. იმისათვის, რომ ეს მოდელი მივიღოთ, რიგი ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ამ მოდელის მიხედვით აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს. არც დღეს აქვს და არც უნდა ჰქონდეს, მაგრამ პრეზიდენტის უფლებამოსილებები უნდა გაფართოვდეს, თუმცა არა მთავრობის მიმართულებით, არამედ ისეთი ინსტიტუტების შექმნაში თანამონაწილეობით, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ მიეკუთვნება.
მაგალითად?
- ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების გამწესება. დღეს მოქმედი კანონით, ამ მოსამართლეებს თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. შეხედეთ, უზენაეს სასამართლოში რა ხდება. უზენაესი სასამართლოს გამწესებაში ორი სხვადასვა სუბიექტი მონაწილეობს - პრეზიდენტი და პარლამენტი. ანუ, დადებითი გადაწყვეტილება ორივემ უნდა მიიღოს, რომ ადამიანი უზენაესი სასამართლოს წევრი გახდეს. პირველ-მეორე ინსტანციის სასამართლოებში ვითარება სხვაგვარია და მოსამართლეთა გამწესებისას უკმაყოფილება ბევრჯერ წარმოიშვა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ იყო გამოთქმული. ჩემი აზრით, კარგი იქნება, რომ მოსამართლეთა გამწესება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინადადების საფუძველზე პრეზიდენტის მიერ ხდებოდეს. ანუ, ამ პროცესში ორი სახელმწიფო შტო მონაწილეობდეს. მათ შორის ერთი პრეზიდენტი იყოს და ამით ორი ფილტრი იყოს. პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინადადები უნდა გაანალიზოს და თქვას, ან დავნიშნოთ ან - არა. ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას სტატისტიკის და ანტიმონოპოლიური სამსახურები უნდა გამოეყოს. რატომ? - ყველას ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია სჭირდება. ამ სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნა უნდა მივანდოთ არა აღმასრულებელ ხელისუფლებას, არამედ პრეზიდენტსა და პარლამენტს. ანუ, პრეზიდენტის უფლებამოსილება ამ მიმართულებით უნდა გაფართოვდეს.
საუბარია პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე. როგორ ფიქრობთ, ქვეყნის პირველი პირი ვინ უნდა აირჩიოს - ხალხმა თუ პარლამენტმა?
- საპარლამენტო რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი პირდაპირ წესით არჩეული პრეზიდენტი არ არის. ევროპის ქვეყნების უმეტეს ნაწილში, პრეზიდენტები პირდაპირი წესით არ აირჩევიან. მათ ან პარლამენტში ირჩევენ, ან ე.წ. ამრჩევთა კოლეგიები. გერმანიასა და იტალიაში ეს კოლეგია პარლამენტის წევრებისგან და სახელმწიფოს ტერიტორიული ერთეულების წარმომადგებლების მიერ არჩეული დელეგატებისგან შედგება. საქართველოში როგორ შეიძლება ეს მოდელი ამუშავდეს? - კოლეგია პარლამენტის 150 წევრისგან და საკრებულოთა გაერთიანებების მიერ არჩეული 150 დელეგატისგან უნდა შედგებოდეს. კახეთი საკუთარ დელეგატებისგან აირჩევს, იმერეთი თავისას და ა.შ. პირდაპირი წესით არჩევის მომხრეები აცხადებენ, რომ ამით პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიზღუდება. ასეთი შეფასება აბსოლუტურად არასწორია. პრეზიდენტის უფლებამოსილება განსაზღვრულია კონსტიტუციით და ის არჩევის წესზე დამოკიდებული არ არის. თურმე, ამით ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას ვართმევთ და სხვას გადავცემთ. პირდაპირი არჩევნები აღიარებული ვალდებულებაა წარმომადგენლობითი ორგანოების შექმნისთვის. ასეთი ვალდებულება სხვა ინსტიტუტებს არ ეხებათ, რადგან წარმომადგენლობითი უმაღლესი ორგანოა. ვინაიდან, ისეთი ვითარება იქმნება, რომ ამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება, მე დავფიქრდებოდი, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი ახლავე შემოვიღოთ თუ 2018 წლის შემდგომ პერიოდზე და ახლა არსებული წესი დავტოვოთ. ვფიქრობ, რომ ამაზე მსჯელობა ღირს, რადგან საბოლოოდ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე უნდა მივიდეთ.
პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა საფრთხეებს არ შეიცავს? ეს საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არ გახდება?
- ვისი მოსყიდვა უფრო ადვილია - დეპუტატის თუ ამომრჩევლის? დეპუტატს ხუთ-ათ ლარად მოისყიდი? ვისი მოსყიდვა უფრო ძნელია?
ალბათ, დეპუტატის, რადგან ის რიგითი ამომრჩევლისგან განსხვავებით, მეტ რაღაცას მოითხოვს...
- დიახ.
ასევე საუბარია, უშიშროების საბჭოს გაუქმებაზეც. ამ თვალსაზრისით, თქვენი ხედვა როგორია?
- ასეთი ფუნქციის ორგანო შეიძლება არსებობდეს, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხებს ეხება. სახელი - უშიშროების საბჭო შეუსაბამოა ფუნქციასთან. ამ შემთხვევაში, სახელწოდებასა და შინაარს შორის კონფლიქტი გვაქვს. ასეთი ტიპის საბჭოები რიგ ქვეყნებშია, ოღონდ, მათ ეროვნული თავდაცვის საბჭოები ჰქვია. უშიშროება არასწორი ტერმინია, რადგან უსაფრთხოებაზეა საუბარი. თავის დროზე, მას სახელწოდება ვიღაცამ არასწორად დაარქვა. მას ეროვნული თავდაცვის საბჭო უნდა ერქვას. ის სახელი უნდა ერქვას, რა ფუნქციასაც ასრულებს.
რაც შეეხება პარლამენტის ადგილსამყოფელს, თქვენი მოსაზრებით, საკანონმდებლო ორგანო თბილისში უნდა ფუნქციონირებდეს, ქუთაისში თუ ორივე ქალაქში?
- იმისათვის, რომ ხელისუფლების მოქმედება ეფექტური და ოპტიმალური იყოს და არა ხარჯიანი, პარლამენტი და მთავრობა ერთსა და იმავე ადგილას უნდა იყვნენ. სადაც გინდათ იყვნენ, მაგრამ ერთსა და იმავე ადგილას უნდა იყვნენ. სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი რესპუბლიკაში არის სხვადასხვა ადგილას პარლამენტი და მთავრობა. ამას სხვა ისტორიული მიზეზები ჰქონდა - თეთრი და შავი ნაწილი. მთავრობასა და პარლამენტს ხელიხელ ჩაკიდებული მუშაობა სჭირდებათ. როცა მთავრობა და პარლამენტი სხვადასხვა ქალაქებში არიან განთავსებული, უქმად ბევრი დრო იკარგება. მოსახლეობა მთავრობასა და პარლამენტს იმიტომ არ ქირაობს, რომ მათ დრო უქმად - უსარგებლო მგზავრობაში კარგონ. გერმანიაში, კანცლერის ადმინისტრაცია და ბუნდესტაგი ერთმანეთთან მიწისქვეშა გვირაბით არის დაკავშირებული. მათ ქუჩაში გამოსვლა არც კი სჭირდებათ. ბუნდესტაგის სხდომებს მინისტრები მუდმივად ესწრებიან და კვირაში ერთხელ სამთავრობო საათია.
„სამთავრობო საათის“ გამართვას მოქმედი რეგლამენტიც ითვალისწინებს, მაგრამ მერვე მოწვევის პარლამენტში არ გამოგიყენებიათ...
- ამ პარლამენტში სამთავრობო საათი არ გამართულა. გერმანიაში, ამ დღეს მინისტრები მიდიან და ისინი ბუნდესტაგში სხედან. აუცილებელია, მთავრობა და პარლამენტი ერთსა და იმავე ქალაქში იყვნენ. ნურავინ ნუ ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს და თქვას, რომ თითქოს, პარლამენტის ქუთაისში ყოფნით ქუთაისი განვითარდება, ან პარლამენტის წამოღებით დაიქცევა და მიწასთან გასწორდება. პარლამენტის ყოფნა ქალაქს ვერც ხელს შეუწყობს და ვერც შეუშლის, განვითარებას სხვა რამე სჭირდება და არა პარლამენტის გადაადგილება. მაგ საქმეს პარლამენტის გადაადგილება რომ შველოდეს, ოთხი წელი ქუთაისში იყოს, ოთხი წელი თელავში და ოთხი წელი - ხაშურში. გორგოლაჭებიანი პარლამენტის შენობა გავაკეთოთ.