საწარმოო ტრავმები და გარდაცვლილთა რაოდენობა არ მცირდება

საწარმოო ტრავმები და გარდაცვლილთა რაოდენობა არ მცირდება

ბოლო 4 წელია საქართველოში საწარმოო შემთხვევებისას გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა არ მცირდება. პროფკავშირებში ამტკიცებენ, რომ ეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის არაეფექტური მუშაობის გამოწვეული პრობლემაა. ინსპექციას არ შეუძლია სანქციის, ჯარიმის დაწესება და მხოლოდ რეკომენდაციის მიცემით შემოიფარგლება,

სახალხო დამცველის ოფისის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებებით, 2015 წელს სამუშაო ადგილზე დაშავდა და გარდაიცვალა 123 ადამიანი. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების დაუცველობა უმწვავესი პრობლემაა.

„სულ მცირე, 2-3 დღეში ერთხელ ხდება სავალალო შემთხვევა, როდესაც სამუშაო ადგილებზე ადამიანები ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს იღებენ ან იღუპებიან. მხოლოდ უკიდურესად ცოტა ფაქტს აშუქებს მედია და შესაბამისად, საზოგადოების თვალთახედვის მიღმაც ბევრი რამ რჩება“, - აღნიშნულია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან ქვეყანაში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მოქმედებს, თუმცა საქართველოს გარეთიანებულ პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მექანიზმი, რომელზეც ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა, არაეფექტური და ფორმალურია.

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის გოჩა ალექსანდრიას თქმით, ინსპექციას არ აქვს უფლება საკუთარი სურვილით, კომპანიის დაუკითხავად და თანხმობის გარეშე შევიდნენ და შეამოწმონ რამდენადაა დაცული უსაფრთხოების წესები, ხოლო რაც შეეხება შრომით უფლებებს (ხელფასი, გრაფიკი, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ა.შ.) ამ მხრივ შემოწმების უფლებამოსილება ინსპექციას არ გააჩნია.

გარდა ამისა, ინსპექციას არ შეუძლია სანქციის, ჯარიმის დაწესება, შესაბამისად, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მხოლოდ კომპანიისთვის რეკომენდაციის მიცემით შემოიფარგლება, რომელიც კონფიდენციალურია.

„დამსაქმებლის ნება-სურვილზეა, შეუშვებს თუ არა ინსპექტორს კომპანიაში ან რამდენად გაითვალისწინებს მათ რეკომენდაციას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ამ ორგანოს აღქმა სერიოზულად არასწორია. ერთადერთი შემთხვევა, როცა ინსპექციას უფლება აქვს დაუკითხავად შევიდეს საწარმოში, ტრეფიკინგზე ან იძულებით შრომაზე (იარაღით ან რაიმე სახის მუქარით იძულება) ეჭვია.

ამასთან, რასაც თვალყურს ვადევნებთ, საწარმოო შემთხვევებში გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი მიმდინარე წლის განმავლობაში წინა წლებთან შედარებით დიდად განსხვავებული არ იქნება. რაც ასევე ადასტურებს უწყების არაეფექტურობას“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ საუბრისას გოჩა ალექსანდრიამ.

პროფკავშირებში ყურადღებას ამახვილებენ სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების შემოღების თაობაზეც, რომელსაც 2014 წელს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა, მაგრამ მისი აღსრულება დღემდე ვერ ხერხდება.

2016 წლის განმავლობაში საწარმოო შემთხვევებისას გარდაცვლილია 20-მდე და მძიმედ დაშავებულია (როდესაც მკურნალობა 2 დღეზე მეტხანს გრძელდება) 40-მდე ადამიანი.

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, შს სამინისტროს ცნობით, საწარმოო შემთხვევების შედეგად 2011 წელს 54 ადამიანი გარდაიცვალა და 137 დაშავდა. 2012 წელს 48 გარდაიცვალა და 289 დაშავდა; 2013-ში - 23 გარდაცვლილი და 111 დაშავებული, 2014 - 45 გარდაცვლილი და 72 დაშავებული და 2015 წელს 42 გარდაცვლილი და 82 დაშავებული.