ელექტრომობილების ბუმი საქართველომდე ჯერ ვერ აღწევს

ელექტრომობილების ბუმი საქართველომდე ჯერ ვერ აღწევს

მსოფლიოში ელექტრომობილების ბუმი იწყება. კონკურენცია ყველა მიმართულებით მძაფრდება. საქართველოში კი საერთაშორისო ტენდენცია ნელა იკიდებს ფეხს. ჯერჯერობით ქვეყანაში სულ 50 ელექტრომობილია და არც ერთი დასამუხტი სადგური.

იაპონური ავტოგიგანტის „ნისანის“ ინფორმაციით, დღესდღეობით იაპონიაში ბენზინგასამართ სადგურებზე უფრო მეტ ელექტრომობილების დასატენ სადგურს შევხვდებით. ასეთი სადგურების რიცხვი ქვეყანაში 40 000-ს აჭარბებს. „ელექტრომობილების ბაზრის ზრდის პარალელურად ინფრასტრუქტურის განვითარებაცაა საჭირო“, - ამბობს კომპანიის ფინანსური დირექტორი, ჯოზეფ პიტერი.

თანამედროვე ერაში ელექტრონული ავტომობილები უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობენ. „ჯენერალ მოტორსის“ გენერალური დირექტორის, მერი ბარას განცხადებით, ელექტრომობილები ავტოინდუსტრიის წამყვანი ნაწილი გახდება და აღნიშნული პროცესი საკმაოდ სწრაფი ტემპებით წავა წინ.

ელექტრომობილების მწარმოებლები ავტომობილების დასატენი სადგურების მშენებლობით არიან დაკავებულები. „ტესლა“ მომხმარებელს საკუთარ სადგურებს სთავაზობს, „ფოლკსვაგენი“ და „ბეემვე“ კი აშშ-ში სადგურების ქსელის ასამოქმედებლად თანამშრომლობენ.

მსოფლიო ტენდენცია საქართველოშიც იკიდებს ფეხს, მაგრამ ძალიან ნელა. ყვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობა მხოლოდ 50 ერთეულია. შესაბამისად, არსად ელექტროგასამართი სადგური არ არსებობს. რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუს ტბის ასახვევთან და ევროპის მოედანზე (მეტეხთან) უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ელექტრომობილების დასატენი სადგურები გაიხსნას.

დედაქალაქის მთავრობამ შპს „i-sfeis“-ს ცენტრების მოწყობაზე მწვანე შუქი აუნთო და შესაბამისი ტერიტორიაც გამოუყო. ახალ გასამართ სადგურებში ელექტრომობილებს ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მოემსახურებიან.

„ეს თბილისში პირველი ელექტრომობილების მომსახურების სადგური იქნება. მთავრობამ კომპანიის ინიციატივა მოიწონა და მას ტერიტორიები გამოუყო. როგორც კომპანია ამბობს, ელექტრომობილებს უფასოდ მოემსახურებიან ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ეს დრო შეიძლება კიდევ გაიზარდოს“, – განაცხადეს სატრანსპორტო სამსახურში.

საკითხს მალე საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კომპანია მზადაა სადგურები რამდენიმე დღეში დაამონტაჟოს.

უახლოეს პერიოდში, კომპანიას თბილისის სხვადასხვა უბნებში კიდევ 30-50 ცენტრის ამოქმედება აქვს განზრახული. მოგვიანებით კი, კომპანია საქართველოში ელექტრომობილების რეალიზაციასაც გეგმავს.

სატრანსპორტო კომპანიაში ასევე, განიხილავენ საკითხს, რომ რომელიმე საფეხმავლო ქუჩაზე ელექტროავტობუსების ხაზი გაკეთდეს, რომელიც ერთი მხრივ, მოსახლეობაში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას გაზრდის, მეორე მხრივ კი მგზავრების კომფორტზე იზრუნებს.

ელექტრომობილების სწრაფმა მატება კი საერთაშორისო მასშტაბით პრობლემას უქმნის ნავთობინდუსტრიას. „კომერსანტის“ ცნობით, შესაძლოა, ნავთობგიგანტები სერიოზულად დაზარალდნენ. ამიტომაც მათ უნდა შეიმუშავონ სათადარიგო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ რადიკალური ტექნოლიგიური ცვლილებები საერთაშორისო ბაზრებზე მოხვდება იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს იყო მოსალოდნელი.

„თუ ისინი ჩაყოფენ თავს ქვიშაში იმ იმედით, რომ ყველაფერი მოგვარდება, მათ ექნებათ სერიოზული პრობლემები. ამიტომაც აუცილებლად სჭირდებათ მოქმედებების გეგმა“, - განაცხადა სარეიტინგო კომპანიის „ფიჩ“-ის მმართველმა დირექტორმა ალეკ გრიფიტსმა.

სააგენტო პესიმისტურ დასკვნას აკეთებს ისეთ კომპანიებთან დაკავშირებით როგორც „შევრონი“, „ექსონ მობილი“, „როიალ დაჩ შელი“.

ამავე დროს, სააგენტო თვლის, რომ ნავთობმოპოვება და გადამუშავება არაა ერთადერთი დარგი, რომელიც დაზარალდება ტექნოლოგიური რევოლუციის შედეგად - ენერგოგენერაციის მსხვილ კომპანიებს, რომლებიც იყენებენ გაზს ან ნახშირს, მოუწევთ სერიოზული კონკურენცია მზის და ქარის ელექტროსაგდურებთან, რადგანაც ახლო მომავალში ეფექტური სამრეწველო ელექტრობატარეები გადაწყვეტენ მათ წინაშე სადღეისოდ არსებულ პრობლემას - გამომუშავებული ენერგიის აკუმულირებას და შენახვას.