საქართველოში ერთი რთველი დასრულდა და მეორე იწყება

საქართველოში ერთი რთველი დასრულდა და მეორე იწყება

ქვეყანაში ყურძნის მოსავალი უკვე დაბინავებულია, ხოლო ციტრუსის კრეფამდე მცირე დროა დარჩენილი. ჯერჯერობით დასავლეთ საქართველოს მეციტრუსეებისთვის მთავრობის დახმარების საკითხი არ გადაწყვეტილა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „რთველი 2016~ ძალიან წარმატებულად ჩატარდა. გიორგი კვირიკაშვილმა ყურძნის კრეფის პროცესი მთავრობის სხდომაზე შეაჯამა.

პრემიერის ინფორმაციით, კახეთში ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო 178-მა კომპანიამ, გადამუშავდა 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი და კახეთის მოსახლეობის შემოსავალმა 97 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. რაც შეეხება რთველს რაჭა-ლეჩხუმში ყურძენი მიიღო 24-მა კომპანიამ და მთლიანობაში 500 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რაჭის მოსახლეობის შემოსავალმა რთველის პერიოდში, 2,5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ორივე რეგიონში, 2016 წელს, ყურძენი ღვინის კომპანიებს 19 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევქმენით თვისობრივად განსხვავებული სუბსიდირებისა და აგროსესხების პროგრამა, რომლის დანერგვითაც სახელმწიფომ მოახდინა მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულების სწორი სტიმულირება მიეღოთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენახების ფართობი იზრდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს და ადგილწარმოშობას, სწორი მიმართულებით განვითარებას, ბრენდირებული ღვინოების მსოფლიოს მასშტაბით ექსპორტს. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. ძალიან მახარებს ის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება თანდათან ძალას იკრებს. სწორედ ევროპის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა მიდის ექსპორტზე~, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილის შეფასებით, ქართული ღვინო მყარად წარმოდგენილია ტრადიციულ ბაზრებზე და ასევე ახალი სამიზნე ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და ქართული ღვინის ექსპორტი უპრეცედენტოდ მაღალი სისწრაფით იზრდება.

ყურძნის დაბინავების შემდეგ ნარჯისფერი რთველი იწყება, რომელიც აჭარაში ძალიან მალე გაჩაღდება. წელს ციტრუსის მოსავლიანობა საკმაოდ შემცირებულია, რაც მცენარეების მეწლეობით არის გამოწვეული. ამიტომ მოხდება თუა არა წელს ციტრუსის სუბსიდირება ჯერ გადაწყვეტილი არ არის.  სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლაშა კომახიძეს შეხვდა და საორგანიზაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინა.

აჭარაში მალე გაიხსნება საკოორდინაციო შტაბი და ამოქმედდება ცხელი ხაზი. ჩაბარებული ციტრუსი ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით. ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში შეეძლება.

საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსავალი 50-60 ათას ტონას შეადგენს. აქედან, დაახლოებით 10 000 ტონა განკუთვნილია სამრეწველო გადამუშავებისთვის, ხოლო დანარჩენი - საექსპორტო დანიშნულებისთვის. შარშან მოსავლიანობა თითქმის 90 ათას ტონას აღწევდა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბაზრის ანალიზის შემდეგ გადაწყდება ციტრუსის რეალიზაციაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარების საკითხი. სუბსიდირების პროგრამა ჯერ დამტკიცებული არ არის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ციტრუსის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხს. ლაშა კომახიძის განცხადებით, ტრადიციული ბაზრების გარდა, ქართული ციტრუსის ექპორტით ლატვია და უზბეკეთია დაინტერესებული. ოქტომბრის ბოლოს, აჭარაში დაგეგმილია ფორუმი, სადაც მოწვეული იქნებიან ციტრუსის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების წარმომადგენლები.