საქართველოში მესამე ძალის კონტურებიც კი არ იკვეთება, თუმცა საფრანგეთში ამ კონტურებზე უკვე ალაპარაკდნენ(?!)

საქართველოში მესამე ძალის კონტურებიც კი არ იკვეთება, თუმცა საფრანგეთში ამ კონტურებზე უკვე ალაპარაკდნენ(?!)

„საქართველოს პარლამენტში „მესამე ძალა“ გამოჩნდა“, - ამის შესახებ საფრანგეთის რადიოსადგური „რადიო ფრანსე ინტერნასიონალე“ იტყობინება.

რადიოსადგურის ცნობით, წინამორბედი პარლამენტისგან განსხვავებით, საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობაში უკვე არა ორი, არამედ სამი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი: „მეოცნებეები“, „ნაციონალები“ და „პატრიოტები“.
საუბარია „პატრიოტთა ალიანსზე“, რომლის ლიდერებიც არიან ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი. „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ თანახმად, ზოგიერთები ამ ძალას „ნაციონალისტურად“ მიიჩნევენ, ხოლო ირმა ინაშვილს ხშირად ფრანგ მარი ლეპენსაც ადარებენ და ეს პარტია მხარს უჭერს ტრადიციული ღირებულებების აღდგენა-შენარჩუნებას.

ფრანგული რადიოსადგური იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი საარჩევნო ვიდეოკლიპის ეთერში გაშვებაზე ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ამ კლიპში ანტითურქული პროპაგანდა შეინიშნებოდა. ვიდეორგოლში გამოხატული იყო კრიტიკა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, „რომელსაც აჭარის თურქებზე მიყიდვა სურდა“.
„საერთოდ, ირმა ინაშვილი მიხეილ სააკაშვილის ყველაზე თანმიმდევრულ კრიტიკოსად ითვლება და მის დაპატიმრებას ითხოვს. ირმა ინაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხელისუფლების შეცვლაში, რომელიც 2012 წელს არჩევნების შედეგად განხორციელდა - სწორედ მან გამოაქვეყნა ის შოკისმომგვრელი კადრები, რომელშიც გლდანის საპყრობილეში მომხდარი ფაქტებია ასახული“, - იტყობინება ფრანგული რადიო და, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან ძალად მიიჩნევს პარლამენტში მოხვედრილ „პატრიოტთა ალიანსს“.

„პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ ფრანგული რადიოს გადაჭარბებულ შეფასებებს, როგორ ჩანს, არ იზიარებენ სხვა დასავლელი ლიდერები. ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ლარა ლინდერმან აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“, სავარაუდოდ, 6 პარლამენტარი ეყოლება. ლინდერმანის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ რუსული პროპაგანდის შედეგად მოხვდა პარლამენტში, მათ არ აქვთ საპარლამენტო ან მმართველობის გამოცდილება და ისინი მოსახლეობის ძალიან მცირე ფენის ინტერესების, მათი ხმის გაჟღერებას შეეცდებიან. ამავე დროს, ისინი ვერ შეძლებენ ბევრის მიღწევას.

ქართველი პოლიტოლოგები საქართველოში მესამე ძალის გამოჩენას დიდხანს ელოდნენ, რომელიც „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ დაბალანსებას შეძლებდა. ერთი პერიოდი, ასეთად მიაჩნდათ პაატა ბურჭულაძე. ასევე, დღემდე არსებობს მოლოდინი, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური სუბიექტები მესამე ძალად გადაქცევას მოახერხებენ. თუმცა საინტერესოა, იკვეთება თუ არა მესამე ძალის კონტურები პარლამენტში მოხვედრილ „პატრიოტთა ალიანსში“?

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „პატრიოტთა ალიანსს“ მესამე ძალად ვერ აღიქვამს, რადგან, ძირითადად, „პატრიოტთა ალიანსი“ მეორე ძალის წინააღმდეგობაზეა აგებული და, საერთო ჯამში, თანმხვედრ ინტერესშია სახელისუფლებო ძალასთან. ამიტომ „პატრიოტთა ალიანსი“ ანტინაციონალური მოძრაობის დამოკიდებულებას უფრო გამოხატავს, ვიდრე-მესამე ძალისა.

გარდა ამისა, არჩილ გამზარდიას თქმით, ჩვენ არ გვაქვს „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილება და არ ვიცით, რა ნიშას დაიჭერს ეს ძალა, პარლამენტში როგორ იმუშავებს, როგორ შექმნის საკუთარ თავს და რა პერსპექტივებს შეიძენს 2020-სთვის. ამას როცა გავარკვევთ, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, შეუძლია თუ არა „პატრიოტთა ალიანსს“ მესამე ძალად ჩამოყალიბება. მათ სჭირდებათ, რეალური ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას და იპოვონ ნიშა, რომლის ფარგლებშიც ამ წინააღმდეგობის გამო რომელიმე მხარის ნაწილად არ აღიქმებიან. რაც მთავარია, ხალხმა ისინი „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ნაწილად არ უნდა აღიქვას.

„ნაცმოძრაობის“ დროს ჩვენ გვახსოვს „ქრისტიან-დემოკრატების“ შესვლა პარლამენტში, თუმცა ისინი ზედმეტად ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ „ნაცმოძრაობას“, პერსპექტივები ვერ შექმნეს სამომავლო არჩევნებისთვის, რადგან ისინი ზომავდნენ რეიტინგს „ნაციონალებთან“ მიმართებით - როგორც აიწევდა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი, ისე იწევდა „ქდმ“-ს რეიტინგიც. ასე რომ, მმართველი ძალისადმი ზედმეტად ფეხდაფეხ მიყოლა ოპოზიციური პარტიისთვის არ არის სასურველი. თუკი „პატრიოტთა ალიანსი“ ამ შეცდომას დაუშვებს, მათაც შეიძლება ვერ შექმნან 2020 წლის პერსპექტივები, ხოლო, თუ ის ცალკე ნიშას დაიჭერს და იმუშავებს, როგორც, პირველ რიგში, ოპოზიცია და ხელისუფლების ოპონენტი და, მეორე მხრივ, „ნაცმოძრაობის“ მიმართ თავისი მტკიცე დამოკიდებულების მქონე, ამ შემთხვევაში, შეიძლება ვილაპარაკოთ „პატრიოტთა ალიანსის“ მესამე ძალის პერსპექტივაზე,“ - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ მთელი საზოგადოების ერთი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა, რომელთათვისაც „ქართული ოცნებაც“ და „ნაცმოძრაობაც“ მიუღებელია. ამდენად, პოლიტიკური პროცესიდან ამ ხალხის გარიყვას სჯობს, ისინი წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში თუნდაც „პატრიოტთა ალიანსის“ სახით, რომელიც, ერთი შეხედვით, რადიკალური და ნაციონალისტურია, მაგრამ, ამავე დროს, სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული და ბევრი სასიკეთო იდეისა თუ ინიციატივის ავტორია.

„თავისთავად ცხადია, როდესაც ამ პარტიის გამარგინალებას ცდილობენ სერიოზული ძალები - „ნაციონალები“ და მათ უკან მდგომ პირთა მიერ მხარდაჭერილი მედია, ასევე, კარგად დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი, ისინი გარკვეულ შედეგებს აღწევენ, მაგრამ მე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, თუკი ეს პარტია პარლამენტში მოხვდება. უბრალოდ, მათ ვურჩევდი, ჩვენს მეზობლებთან დაკავშირებით თავიანთი რიტორიკა შეარბილონ, დაუახლოვონ რეალურად არსებულ ვითარებას და ქვეყნის ინტერესებს, რადგან შეიძლება, „პატრიოტთა ალიანსის“ ზოგიერთმა პოლიტიკურმა ინიციატივამ ქვეყნისთვის გართულებები გამოიწვოს“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.