მმართველი გუნდი ოპონენტებისგან განსხვავებით არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა საფრთხეებს შეიცავს. პირიქით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთვის ბრძოლას აპირებს და მათ სასარგებლოდ, ამომრჩეველს ხმის მიცემას სთხოვს.
თუ რა ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში“ მეორე ტურებსა და საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხზე, ამის გარკვევის მიზნით, for.ge პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ნუკრი ქანთარიას ესაუბრა:
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთვის მანდატები გაკლიათ, თუმცა თქვენი შანსები მეორე ტურის შედეგების პროპორციულად იზრდება. რა განწყობებია, უმრავლესობაში?
- დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საარჩევნო ოლქში გავიმარჯვებთ და ამას პირველი ტურის სხვაობა მოწმობს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერაგული კამპანია აქვს დაწყებული, რომ ხმა ჩვენ კი არ მოგვცეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ მიეცითო. შესაბამისი განცხადება სამოქალაქო სექტორმაც გააკეთა, რომელსაც პირდაპირ შეიძლება მათი ნაწილი დავარქვათ. მათი კამპანია იმას ნიშნავს, რომ ნაციონალებს 27 მანდატი არ ჰყოფნით და საკონსტიტუციო უმრავლესობა საშინელებაა. გეგონებათ, ცხრა წლის განმავლობაში, საკონსტიტუციო უმრავლესობა თავად არ ჰქონდათ. იმის წარმოჩენას ცდილობენ, რომ „ოცნება“ პოლიტიკურ ურჩხულად გადაიქცევა და ქვეყანა დაინგრევა. ამ დროს ყველაფერი საპირისპიროა. ავიწყდებათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საკუთარ თავზე მოირგეს და სააკაშვილმა საპრეზიდენტო მმართველობა შეცვალა, რათა ტირანის როლში ყოფილიყო და ძალაუფლების უზურპაცია მოეხდინა. შემდეგ მან ჩათვალა, რომ პრემიერობა სურდა და ბერკეტების გადმოტანას შეეცადა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რაც მოვახერხეთ ის იყო, რომ ორგანული კანონებით გარკვეული ნორმები შევზღუდეთ. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის კეთილდღეობისთვის გვჭირდება და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ჭრა-კერვის შედეგად მიღებული მოდელის გასწორებას შევეცდებით. გვინდა, რომ ქვეყნის მთავარი კანონი ისეთი იყოს, რომელიც მრავალ წელს გაუძლებს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების პროცესში ჩართული ფართო სექტორი იქნება.
თქვენ ამბობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებთ. შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?
- ჩვენ აბსოლუტურად ღია სივრცე გვაქვს. 2008 წელს, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გვინდოდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და სამოქალაქო სექტორს ამის ხელმოწერას ვთხოვდით, რომლებიც ამისგან თავს იკავებდნენ. საკუთარ პოზიციებს სხვადასხვა მიზეზით ხსნიდნენ და ამბობდნენ, რომ კოლექტიურ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ უყვარდათ. რამდენიმე პირდაპირ ამბობდა, თქვენი ჭირიმე, თავი დამანებეთ, ჩემმა შვილმა მუშაობა დაიწყო და ამათი თავი არ მაქვსო. ახლა პოლიტიკური სივრცე თავისუფალია და სხვა დროა. შეუძლებელია, რომ ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რაც საზოგადოებასთან შეთანხმებული არ იქნება.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების თაობაზე უკვე რამდენიმე იდეა გაჩნდა. ერთ-ერთია პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება. ქვეყნის პირველ პირს, პირდაპირი წესით უნდა ირჩევდნენ თუ პარლამენტის მიერ?
- ამ პროცესში ჩემს განწყობას არავითარი განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ ექნება. ნებისმიერი საკითხი განხილული იქნება და ერთიან პოზიციას გამოვაცხადებთ. ყველაფერი განხილვის საგანია. 25 წლის მანძილზე, უამრავი ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რომელმაც დაგვაზიანა.
ბატონო ნუკრი, თქვენი პროგნოზი არ გამართლდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში რამდენიმე ადამიანს შეიყვანდა. როგორ ფიქრობთ, მათი შედეგის გაუმჯობესება რითი არის განპირობებული?
- ეს ჩემთვისაც გასაკვირი იყო. ვფიქრობდი, რომ 30 მანდატი სხვადასხვა პარტიაზე გადანაწილდებოდა, რაც სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. აღმოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არა მხოლოდ ღია, არამედ ფარული მომხრეებიც ჰყავს, რომლებიც საკუთარ პოზიციას არ ასაჯაროვებდნენ, მაგრამ ხმა ფარულად მას მისცეს. ამ ადამიანებმა დაიჯერეს, რომ სააკაშვილი მოცურავს და ნაპირს მალე მოადგება. ეს შედეგი გასაანალიზებელია, რადგან საზოგადოებას ტოტალიტარული მმართველობის ნოსტალგია გაუჩნდა თუ დაიჯერა, რომ ესენი დანაშაულებს აღარ ჩაიდენენ? მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგებმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზაციაც მოახდინა, რითაც სრული გამარჯვების წინაშე ვართ. პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატების გაზრდა არ უნდა დავუშვათ, რის გამოც ამომრჩეველი მეორე ტურზე უნდა მოვიდეს.
ამომრჩევლის შედეგებიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობას“ ანგარიშგასაწევ ძალად მიგაჩნიათ?
- მათ თავიანთი ამომრჩეველი ჰყავს, რომელსაც ქვეყნიდან ვერც გადავასახლებთ და მათი პოზიციების შეცვლას არც მოვინდომებთ. ეს ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არიან, მათ როგორი შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეთ. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში თუ რა მიზნით შემოდის, მათი ამოცანა ვითარების არევაა თუ სხვა რაიმე მიზანი, ეს გამოჩნდება. იმისათვის, რომ მათ ვერც ერთი საკითხის ბლოკირება ვერ მოახერხონ, საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება. მათი პოლიტიკური ტაქტიკის გამო, ან საკითხები ვერ გაგვქონდა, ან კვორუმი არ იყო. მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება იმისათვის, რომ მათ საბოტაჟებს არანაირი შედეგი აღარ ჰქონდეს.
პარლამენტში მეორე პოლიტიკური ძალა „პატრიოტთა ალიანსი“ იქნება. მათთან თანამშრომლობას განიხილავთ?
- „პატრიოტთა ალიანსი“ გარკვეული სეგმენტის გამომხატველია და მათ 5 პროცენტი მიიღეს. მათ პარლამენტში ყოფნის უფლება მოიპოვეს და საქმიანობას როგორ გააგრძელებენ, ეს მათი გადასაწყვეტია. ალბათ, მათ გადაწყობა მოუწევთ, რადგან ქუჩიდან პარლამენტში ერთი და იმავე არ არის, აქ სხვა სტანდარტებია. ფაქტიურად, 2012 წელს, პარლამენტში ჩვენც ქუჩიდან მივედით, რადგან ხანგძლივი მიტინგების და აქციების ეტაპი გავიარეთ. რაღაც პერიოდი დაგვჭირდა იმისთვის, რომ საპარლამენტო ცხოვრებას მივჩვეულიყავით. ალბათ, ამ პროცესს ისინი გაივლიან. რაც შეეხება თანამშრომლობას, ალბათ, რაღაც საკითხები იქნება, სადაც აზრთა თანხვედრა იქნება.