ვალუტის გაუფასურებამ იმპორტიორებს გაძვირებისკენ უბიძგა

ვალუტის გაუფასურებამ იმპორტიორებს გაძვირებისკენ უბიძგა

ლარის მორიგმა გაუფასურებამ იმპორტიორებს კიდევ ერთხელ მისცა პროდუქციის გაძვირების საშუალება. ეროვნული ვალუტა უკვე იმ ნიშნულზეა, როცა არსებული ფასებით მუშაობა თითქმის შეუძლებელი ხდება. ამ ყველაფერს ემატება მსოფლიო ბაზრის ტენდენცია. საერთაშორისო ბირჟებზე რამდენიმე პროდუქტი თვალშისაცემად გაძვირდა.

ორიოდე დღის წინ საქართველოში საწვავის ფასმა მოიმატა. ბენზინი და დიზელი  თითქმის ყველა ავტოგასამართ სადგურზე, დაახლოებით, 4-6 თეთრით გაძვირდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი საწვავის გაძვირებას ორი ძირითადი ფაქტორით ხსნის, რომელშიც ლარის ფაქტორიც ფიგურირებს.

„ოპეკის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ, ამ შეთანხმებას, რომლის მიზანიც ნავთობის ფასის ზრდა იყო, ოპეკის არაწევრი მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი ქვეყნებიც, მაგალითად რუსეთიც შეურთდა. შედეგად მნიშვნელოვნად მოიმატა ნავთობპროდუქტების ფასმა საერთაშორისო ბაზარზე.

ამას დაემატა, რომ ლარი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და რადგან დღეს ორივე ეს ფაქტორი ნეიტრალურ დიაპაზონშია, საწვავის ფასის მატება გარდაუვალი იყო“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მისივე თქმით, ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა საწვავი ცოტა გვიან გააძვირეს, რადგან გარკვეული მარაგი ჰქონდათ. რაც შეეხება არაბრენდირებულ სადგურებს, იქ უკვე დაახლოებით 10 დღეა, რაც ფასმა იმატა. ცვლილება ამ სადგურებზეც, ძირითადად, 3-დან 6 თეთრამდეა.

პარალელურად, სავაჭრო ქსელში, ლამის, გაორმაგდა შაქრის ფასი. პროდუქტის თბილისის ზოგიერთ სუპერმარკეტში 2,50 ლარამდეც კი გაძვირდა და 1 კგ შაქრის მინიმალური ფასი 2,15 თეთრიდან იწყება. ასაწონი შაქრის ფასმა 30 თეთრით მოიმატა და ნაცვლად 2 ლარისა, 1 კგ შაქარი 2.30 ლარი ღირს. რამდენიმე თვის წინ შაქარი 1,5 ლარადაც კი იყიდებოდა, ხოლო სულ ახლხან მისი ღირებულება 1,90-ს არ აჭარბებდა.

სუპერმარკეტებში შაქრის ფასის მატების მიზეზებს ვერ ასახელებენ, თუმცა მოვაჭრეების ვარაუდით, ერთ-ერთი მიზეზი დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნაა.

გარდა ამისა, შაქრის ფასი იზრდება მსოფლიო ბაზარზეც. ოქტომბრის დასაწყისში საერთაშორისო ბირჟებზე თეთი შაქარი თითქმის 7 პროცენტით გაძვირდა. პროდუქტის გაძვირება მსოფლიო ბაზარზე ბრაზილიაში შაქრის მცირე მოსავალმა გამოიწვია.

ასეთმა მკვეთრმა ცვლილებამ, შესაძლოა, საკონდიტრო საწარმზეც იმოქმედოს.  მაღაზია „ასორტის“ წარმოების მენეჯერი ქეთევან უჯმაჯურიძე განმარტავს, რომ შაქარზე ფასი ბოლო პერიოდია იზრდება, თუმცა ეს ფასზე არ ასახულა. მისი თქმით, კომპანია მოგების შემცირების ხარჯზე ცდილობს ფასის „დაჭერას“, თუმცა თუ ასე გაგრძელდა და შაქარზე ფასი არ შემცირდა, კომპანიას საკონდიტრო პროდუქციაზე ფასების ზრდა მოუწევს.

„იმედი გვაქვს, რომ გაძვირება არ დაგვჭირდება. ჩვენ ჯერ კიდევ 2 კვირის განმავლობაში დავაკვირდებით სიტუაციას, თუ შაქარზე ფასი არ შემცირდა, პროდუქციას გავაძვირებთ“, - აცხადებს უჯმაჯურიძე.

გარდა ამისა, საქართველოში სეზონური იმპორტის პერიოდი იწყება. ადგილობრივი პროდუქტი დახლებიდან თანდათან გაქრება და სულ მალე მის ადგილს იმპორტირებული სურსათი დაიჭერს. ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, წელს ფასიც მაღალი იქნება. შესაბამისად, მოსახლეობისთვის ზამთარი კიდევ უფრო რთული გადასატანი იქნება.