კონსტიტუციაში შესატანილი ცვლილებების მიზნით საკონსტიტუციო კომისია იქმნება

კონსტიტუციაში შესატანილი ცვლილებების მიზნით საკონსტიტუციო კომისია იქმნება

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, პრემიერ-მინისტრი ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მემკვიდრეობად მიღებულია დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით, მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების უზურპირება.

როგორც პრემიერი აცხადებს, ეს უნდა იყოს, ერთხელ და სამუდამოდ, ნამდვილად ევროპული, დემოკრატიული, საქართველოს კონსტიტუცია. მისივე თქმით, ეს არ იქნება ის საკითხი, რომელსაც ახალი პარლამენტი პირველ რიგში დაამტკიცებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აქ სიჩქარე არ ივარგებს, მთავრობის უმთავრესი ამოცანაა, რომ შექმნას ძალიან მაღალი დინამიკა განვითარების, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული უკლებლივ ყველა დანაპირები უცილებლად შეასრულოს.

„აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაცია, რომ დაიღუპა ქვეყანა დღეს, რადგან „ქართული ოცნება“ იმარჯვებს საკონსტიტუციო უმრავლესობით, არის ძალიან ხელოვნური. ჩვენ გვქონდა წარსულში პრეცედენტი, როდესაც კონსტიტუცია იყო მორგებული ერთ კაცზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. ჩვენ სწორედაც იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და ის ძალიან დინამიკური და ამბიციური განვითარების გეგმა, რომელზეც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით და რომლის განხორციელებაც დავიწყეთ, მივიყვანოთ ბოლომდე“, - განაცხადება გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტი და მზად არის, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით და დღესვე დაიწყოს კონსულტაციები სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესსა და სტრუქტურაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის განცხადების სულისკვეთება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ხსენებულ თემაზე სპეკულაციების დასრულებას და ამავდროულად მოხსნის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს.

„ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე დავიწყოთ კონსულტაციები აღნიშნული სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესსა და სტრუქტურაზე. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ წინა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის გამოცდილება იმისათვის, რომ აღნიშნული ახალი საკონსტიტუციო სამუშაო ჯგუფი არ იყოს ისეთივე არაეფექტიანი, როგორც ეს წინა საკონსტიტუციო კომისია იყო“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაისინჯოს ფართო ჩართულობით, ფართო კონსენსუსის საფუძველზე და სწორედ ამისათვის, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს შეიძლება იყოს კომისია ან სხვა მსგავსი ფორმატი, რაზეც დღეს ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა.

„ეს სამუშაო ჯგუფი აუცილებლად შეიქმნება. კიდევ ერთხელ ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არც ერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არ გვაქვს კონსტიტუციის არც ერთ ნორმასთან მიმართებით. საჭიროა მუშაობა თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. ცვლილებები შეიძლება შეეხოს ცალკეულ ნორმას, შეიძლება შეეხოს მთელ რიგ ზოგად საკითხებს.

რაც შეეხება მმართველობის ფორმას, არ მგონია, რომ ამას შეეხოს ძირეული ცვლილებები. ჩვენ გადავედით არსებითად საპარლამენტო მოდელზე და ვფიქრობთ, რომ სამუშაო ჯგუფში შევჯერდებით დაახლოებით ისეთივე მმართველობის ფორმაზე, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. მთავარია, რომ დაიხვეწოს საქართველოს კონსტიტუცია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას კონსტიტუციის შეცვლა საკუთარი მიზნებისთვის სჭირდება. გიგი წერეთელის განცხადებით, მოქმედ უმრავლესობას კონსტიტუცია იმიტომ არ მოსწონს და უმრავლესობის იმისთვის გამოყენებას სურთ, რომ რამდენიმე საკითხი შეცვალონ, რაც უკვე განაცხადეს.

„ერთი ეს არის ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა და საპარლამენტო სტსტუსის ჩამორთმევა ქუთაისისთვის. მეორე საკითხი ეს არის, რომ პრეზიდენტი არ უნდა აირჩიოს ხალხმა და თვითონ ვინც მოუნდებათ ის აირჩიონ და მესამე, ეს ეხება იმ ყბადაღებულ საკითხს, რაც არის ქორწინებასთან დაკავშირებული თემა, რომელიც დარეგულირებულია ისედაც ჩვენი კანონმდებლობით“, - აცხადებს გიგი წერეთელი.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საკონსტიტუცი კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ კონსტიტუციონალისტები და აქვე აცხადებენ, რომ აუცილებელია, რომ საკონსტიტუციო კომისია დაკომპლექტდეს როგორც პოლიტიკური ძალების, ასევე ექსპერტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმოდგენლების მიერ, რომ შემდეგ კითვის ნიშნები არავის არ გაუჩნდეს.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები შეთანხმდნენ ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპებზე.

„თუ მხარს დაუჭერენ ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპებს და ისეთ კონსტიტუციას მივიღებთ, რომელსაც მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა და ექნება არასაპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფის ხმარადაჭერა, ეს იქნება კარგი შედეგი. მაგრამ რატომღაც ჩვენ მიჩვეული არ ვართ კონსენსუსს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კოტე ჩოკორაია.

კონსტიტუციაში შესატანილი ცვლილებების მიზნით, 2012 წელს შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, მაგრამ კომისია შედეგზე ორიენტირებული ვერ აღმოჩნდა, არ იყო ჩამოყალიბებული უმრავლესობა, კომისიის ზოგიერთი წევრი სხდომებზე არ დადიოდა, რაც ქმნიდა ქვორუმის არარსებობას. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, საკონსტიტუციო კომისია ეფექტური ვერ იყო, მაგრამ კომისიამ შეძლო ბევრი ახალი იდეის დაფიქსირება და თუ შეიქმნება ახალი კომისია, მას ექნება საშუალება გაეცნოს ამ იდეებს.

„კონსტიტუცია გადახალისებას საჭიროებს, რაც სადავო არ არის. როგორი იქნება ახალი კომისია, ვერ გეტყვით, მაგრამ პრემიერმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ ეს არაა სასწრაფოდ გასაკეთებელი. ვიზიარებ პრემიერის განცხადებას, ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ ჩქაროსნულ ტემპში იქნას განხილული. ალბათ, უნდა ჩამოყალიბდეს პარალამენტი, ვნახოთ როგორი იქნება მთავრობა და ამის შემდეგ შეიძლება კომისიის შექმნაზე ლაპარაკი.

კარგია რაც უფრო ფართო ჩართულობა იქნება კომისიაში, არა მარტო პოლიტიკური სპექტრი, არამედ უნდა ჩაერთოს სამოქალაქო სექტორიც, მაგრამ არის მეორე პრობლემა - კარგია კომისიის გაფართოება და ფართო წარმომადგენლობის შექმნა, მაგრამ ეს ისევ გააჩენს ქვორუმის პრობლემას. ამიტომ, თუ ასეთი კომისია შეიქმნება, მაშინ უნდა გაითვალისწინონ რა პრობლემების წინაშე იდგა წინა კომისია. ამიტომ, მუშაობის ისეთი რეგლამენტი უნდა შეიქმნას, თავიდან იქნას აცილებული ქვორუმის პრობლემები. ფაქტია, რომ კონსტიტუცია ნამდვილად საჭიროებს გადასინჯვას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.