„მთავარი სამიზნე გიორგი კვირიკაშვილია - ვითომდა, ის ლიდერი არ არის, რომელიც სიტუაციას მართავს“

„მთავარი სამიზნე გიორგი კვირიკაშვილია - ვითომდა, ის ლიდერი არ არის, რომელიც სიტუაციას მართავს“

საქართველოში, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომლის შედეგი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გეგმებზე აისახება, რადგან სასწორზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საკითხი დგას. გადასანაწილებელი 50 მანდატია, რომლის მოპოვებაში ხელისუფლება დარწმუნებულია, არასამთავრობო სექტორი კი, ამომრჩეველს ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ სთხოვს.

თუ რას ფიქრობენ მმართველ გუნდში მეორე ტურებზე, ამის თაობაზე for.ge ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გია ვოლსკის ესაუბრა:

სამოქალაქო სექტორი ამომრჩეველს მოუწოდებს, 30 ოქტომბერს, მეორე ტურში არჩევანი ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ გააკეთოს. რამდენად მართებული მოწოდებაა?

- არასამთავრობო ორგანიზაციებმა აშკარად პოლიტიკური განცხადება გააკეთეს. ისინი არასამთავრობი არიან თუ არა, ეს მეორე საკითხია. მათ მიერ მოყვანილი არგუმენტები უსაფუძვლოა და უფრო მეტად ბრალდებას ჰგავს, ვიდრე დემოკრატიის გამყარების და განვითარების მცდელობას.

საუბარია იმაზე, რომქართული ოცნებისმიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება საფრთხის შემცველია. შესაძლო საფრთხეებს, თქვენც ამჩნევთ?

- ხელისუფლებას ძალაუფლების უზურპაცია ჩვეულებრივი უმრავლესობითაც შეუძლია და „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ სწორედ ის განასხვავებს, რომ მას ამის სურვილი არ აქვს. სამოქალაქო სექტორი მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს და ამ თემით მანიპულირებას ერთადერთი მიზანი აქვს.

თქვენი ოპონენტები ფიქრობენ, რომქართულ ოცნებასსაკონსტიტუციო უმრავლესობის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენების პოლიტიკური კლასი არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუკი, საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებთ, საკუთარი თავის კონტროლს შეძლებთ?

- როგორც კი, ქვეყანას დაუპირისპირდები, ეს შეუქცევად და დესტრუქციულ პროცესებს გამოიწვევს, რაც სახელმწიფოში არასტაბილურობას წარმოშობს. „ოცნებისთვის“ სტაბილურობის თემა პირველ რიგში დგას და მართალი გითხრათ, ამ თემაზე თავის მართლება უხერხულად მიმაჩნია, რადგან შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში სტაბილური გარემო შექმნა. ჩვენი ხელისუფლების მთავარი ნიშანი ქვეყნისა და ხალხის წინაშე აღებული პასუხისმგებლობაა. იცით, რომ ევროკავშირის ასოცირებულ ქვეყანას განსაკუთრებული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა გააჩნია, რაც კონკრეტულ დოკუმენტებშია გაწერილი. სააკაშვილისგან გიორგი კვირიკაშვილი განსხვავდება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი არგუმენტია.

ოპონენტების მხრიდან ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზეც ისმის. ყურადღება გაბათილებულ ბიულეტინებზე მახვილდება. არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს და გაყალბების თაობაზე ოპოზიციის ბრალდებები, რას ემსახურება?

- ნებისმიერ პარტიას, მათ შორის სახელისუფლებო ძალას შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს, რომ ბიულეტინი მის საწინააღმდეგოდ არის დაზიანებული, თუმცა დამკვირვებლების რაოდენობითა და კომისიის შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ, არ მგონია, ეს საკითხი სერიოზულად უნდა განვიხილოთ. საზოგადოების გარკვეული რაოდენობა არსებობს, რომელმაც მხარი არავის არ დაუჭირა, თუმცა საკუთარი ბიულეტინი გამოიყენა. კონკრეტულ ციფრებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ცესკო მონაცემებს დადგენილ ვადებში გამოაქვეყნებს.

პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, თუ რა საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ საპირისპირო სურათის წარმოდგენა შეგიძლიათ? იმ შემთხვევაში თუკი, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებთ, რა პროცესები შეიძლება განვითრდეს?

- საქმე სწორედ მაგაშია. პრიმიტიული კითხვა ისმევა: პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერება უფრო მეტ საფრთხეს შექმნის თუ იმ პოლიტიკური ძალის საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელმაც ქვეყანა მძლავრ დემოკრატად აქცია, რაც აღიარებული იქნა და საქართველომ განვითარებული დემოკრატების ოჯახში საკუთარი ადგილი დაიკავა? სიტუაციას გადახედეთ, ქვეყანაში ცოცხებსა და ყავარჯნიან კაცებს ადამიანის უფლებების დასათრგუნად როდის იყენებდნენ?! ასევე როდის ხდებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით მანიპულირება, ან ის რომ ხელისუფლება სტრატეგიული შეცდომების ხარჯზე, ოკუპანტის სასარგებლოდ საკუთარ ტერიტორიებს თმობდა?! ამ ყველაფერს თუ გადავხედავთ, ადვილ დასკვნას გავაკეთებთ, რეალურად საშიში ვინ არის. აღსანიშნავია, რომ მთავარი შეტევა ბიძინა ივანიშვილზე მიმდინარეობს, თუმცა ყველაფერს პასუხი ევროკავშირის ასოცირებული წევრობითა და ვიზა ლიბერალიზაციაზე მიღებული გადაწყვეტილებით გაეცა. ქუთაისში ნახევარი მილიარდის ინვესტიცია კეთდება და უახლოეს მომავალში, ქუთაისი ჰარვარდისა და ოქსფორდის დონის ქალაქად მოგვევლინება. ამ ყველაფერს სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას და ამის საპასუხოდ მას არაფორმალურ მმართველობას აბრალებენ.

პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლის და გუნდის შექმნის იდეა იმას ემყარებოდა, რომ ქვეყანას ინსტიტუტები მართავდნენ და არა - პიროვნებები. ამ ყველაფრის ფონზე ივანიშვილის მიმართ შეტევა მიმდინარეობს, რაც გუნდის მიმართ შეტევას ნიშნავს. მთავარი სამიზნე გიორგი კვირიკაშვილია. ვითომდა, კვირიკაშვილი ის ლიდერი არ არის, რომელიც სიტუაციას მართავს. მას ლიდერად როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე ქართული საზოგადოება აღიარებს. მან ქართულ საზოგადოებაში დიდი სიმპათიები დაიმსახურა და მის სახელს ბევრი პოზიტიური პროცესი უკავშირდება. მის მიმართ ირიბი შეტევა მიდის. პროპაგანდა მიმდინარეობს იმისა, რომ თითქოს, ეს ხალხი და „ოცნება“ საზოგადოებისთვის საშიში იქნებიან, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებენ. უმრავლესობა გვყავდა და ქვეყნის სასიკეთოდ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კანონპროექტი მივიღეთ. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობაზეა საუბარი, ხელისუფლება ვალდებულია, ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება საზოგადოებასთან შეათანხმოს. მთავარია, ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება, რაც „ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განასხვავებს.

თქვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე აპელირებთ, თუმცა არჩვენების შემდეგ, დასავლურ პრესაში ითქვა, რომ უმჯობესია, ქართულ პოლიტიკას ივანიშვილი და სააკაშვილი ჩამოშორდნენ...

- ასეთი მოსაზრება გაჟღერებული ერთ გამოცემაში იქნა და ეს დასაშვებია, მაგრამ რეალობა ქართულმა საზოგადოებამ იცის. გიორგი კვირიკაშვილი გამორჩეული ლიდერია, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, რომ გადაწყვეტილებები ვინმემ უკარნახოს. ბიძინა ივანიშვილის მიზანი სწორედ ის იყო, რომ ინსტიტუტები ძლიერი ყოფილიყო. ამის გამოხატულება ის მმართველობაა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა ჩამოაყალიბა. ეს ჩვენს საზოგადოებას გაცილებით უკეთ ესმის, ვიდრე რომელიმე დასავლელ ჟურნალისტს.