„ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია“

„ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მეორე ტურში საზოგადოებამ გადაწყვეტილება დემოკრატიული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. ოთარ კახიძის განცხადებით, თუ „ქართულ ოცნებას“ არ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს წაადგება დემოკრატიულ პროცესს.

„საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რა არის მისთვის უკეთესი - ჰქონდეს სრული კარტბლანში „ქართულ ოცნებას“ და მან თავის ნებაზე შეცვალოს კონსტიტუცია, თუ ის, რომ არსებობდეს „ქართული ოცნების“ გაწონასწორების მექანიზმი პოლიტიკური ოპოზიციის სახით“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

როგორც ცნობილია 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ აქტივობა მაღალი იქნება და მეორე ტურში დამაჯერებელი იქნება „ქართული ოცნების“ გამარჯვება. პარლამენტს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური ძალები ამომრჩევლებს მოუწოდებენ გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღონ.

„თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი, თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ ამომრჩეველი მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული საკუთარ პოზიციებში, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ კანდიდატების მიმართ. შესაბამისად, მეორე ტურში თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„ჩვენ, ჩვენს ამომრჩეველს თავისუფალ არჩევანს ვუტოვებთ და არსებული რეალობიდან გამომდინარე თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვმონაწილეობთ მეორე ტურში, ჩვენი კანდიდატი ჭიათურაში ბოლომდე აპირებს ბრძოლას. რაც შეეხება სხვა დანარჩენ საკითხებს, ჩვენი ამომრჩეველი არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკუთარ პოზიციებში და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს თამარ კეკენაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლო არჩევანის გაკეთებისკენ საკუთარ ამომომრჩევლებს არც „ახალი მემარჯვენეები“ მოუწოდებენ. მამუკა კაციტაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება ქართული დემოკრატიის გადამრჩენი, მით უმეტეს მრავალაპრტიული დემოკრატიის გადამრჩენი, თუნდაც იმის გამო, რაც მან 2008 წელს გააკეთა და თავად აიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას არ აპირებს „ახალი საქართველო“. გიორგი ვაშაძის განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ფაქტობრივად შემდგარია და მის წინააღმდეგ ბრძოლა, მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით, ილუზიაა.

განსხვავებულია „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თამარ კორძაიას პოზიცია, რომლის განცხადებით კობა ნარჩემაშვილსა და გიგი წერეთელს შორის, წერეთელს აირჩევდა.

„პარტიას კი არ ძლევს ხმას, არამედ პერსონები ფასდება ამომრჩევლის მხრიდან. ამ შემთხვევაში საქართველოს ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა იმსჯელონ არა პარტიულად, არამედ კანდიდატები საკუთარი ისტორიით, საკუთარი პერსონით შეადარონ ერთანეთს და ასე მიიღონ გადაწყვეტლება. თუ ჩვენ მაჟორიტარულ სისტემაში პარტიულად გადაწყვეტლებებს მივიღებთ, მაშინ საერთოდ რად გვინდა მაჟორიტარული სისტემა. იმიტომ, რომ მერე ყველა ხელისუფლებას ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა? ეს არის ძალიან დიდი შეცდომა“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

ნიშნავს თუ არა კორძაიას განცხადება ამომრჩეველზე მოწოდებას, რომ მეორე ტურში ხმა მისცენ „ნაციონალურ მოძრაობას“ დამოუკიდებელი ექსპერტის ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ მარჯვენა ხელმა არ იცის რას აკეთებს მარცხენა და ეს მარტო ამ საკითხთან მიმართებაში არ ვლინდება.

„პარტიაში არიან მკაფიოდ გამოკვეთილი ინდივიდუალები მაღალი ცნობადობით და შეუძლიათ თავს მისცენ უფლება განაცხადონ ის, რაც შეიძლება ზოგჯერ არ ემთხვეოდეს პარტიის სხვა ლიდერების აზრებს. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და მათმა ერთმა ჯგუფმა ხელისუფლეაბასთან ურთიერთობის დალაგება არჩია, რესპუბლიკელებში ამის გაკეთებას ცდილობს დავით უსუფაშვილი, მაგრამ პარტიის სხვა ლიდერების გამოხდომები, მის ამ მცდელობას არარად აქცევს.

რაც შეეხება შეკვრას ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა თუ ეს მოხდა ამას ექნება თავის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. პირადი წყენის და სურვილის გამო, რომ რაღაცნაირად დაფიქსირდნენ როგორც პროცესებზე ჯერ კიდევ გავლენის მომხდენი პოლიტიკური ძალა, განსაკუთრებით არჩევნებზე მარცხის შემდეგ, იმას ვერ აცნობიერებენ, რომ ასეთი პოზიციით ამომრჩეველს კარგავენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ საკითხს უფრო პერსონალურ ჭრილში განიხილავს და ძირითადად აქცენტი ორ დაპირისპირებულ მხარეზე კეთდება. მისი თქმით, ის რომ კობა ნარჩემაშვილი არ მოსწონთ ეს გასაგებია.

„ან რატომ უნდა მოსწონდეთ? მე პრეტენზიები არ მაქვს ნარჩემაშვილთან, მაგრამ ის არ ასოცირდება პროგრესთან და მომავალთან. რაც შეეხება გიგი წერეთელს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხიმგებლობის თავისი წვლილი აქვს იმ ყველაფერზე, რაც ხდებოდა სააკაშვილს დროს, მაგრამ როგორც ჩანს „რესპუბლიკური პარტია“ თვლის, რომ წერეთელი არ იყო სისხლის სამართლის დამნაშავე.

გასაგებია, საქართველოში ხომ საკუთარ თავს არავინ არაფერს აბრალებს. თავის წარუმატებლობის მიზანს ეძებენ სხვაგან და ეს „სხვაგან“ ამ შემთხვევაში ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“. შესაბამისად, ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია, ეს არის პრინიციპი ამ შემთხევაში. ასე აზროვნებს ჩვენი პოლიტიკური კლასი, რბილად, რომ ვთქვათ სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი სუსტად აქვთ განვითარებული.

გარდა იმისა, რომ თავის წარუმატებლობას „ქართულ ოცნებას“ აბრალებენ, თვისი მომავალი პოლიტიკური პერსპექტივისთვის საფრთხედ მიაჩნიათ „ქართული ოცნების“ გაძლიერება, რაც ბუნებრივია. მათი აგრესია აბსოლუტურად გასაგები და ადამიანურია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.