საქართველოში მინიმალური ხელფასის ცნება დავიწყებას მიეცა და მის შემოღებაზე ყოველთვის ფეხს ითრევენ. არადა, ხშირია შემთხვევა, როდესაც დასაქმებული საარსებო მინიმუმზე დაბალ ხელფასს იღებს.
საქართველოში მინიმალური საათობრივი ხელფასი 0,42-0,45 ცენტს შეადგენს, საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი კი 2,2 დოლარის ფარგლებშია. ამ დროს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში, აღნიშნული მაჩვენებელი ჩვენთან შედარებით მაღალია. მაგალითად, სომხეთში მინიმალური საათობრივი ხელფასი 0,76 ცენტია, აზერბაიჯანში - 0,77 ცენტი, რუსეთში - 0,93 ცენტი, თურქეთში კი - 1 დოლარი.
კარგა ხანია მინიმალური ხელფასის ცნება პრაქტიკაში საერთოდ არ არსებობს და შესაბამისად, არც მსგავსი სტატისტიკა იწარმოება. არადა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ყველგან არის დადგენილი. 2005 წლამდე მინიმალური ანაზღაურება 20 ლარს შეადგენდა, შემდეგ კი ასეთი ზღვარი არავის გახსენებია.
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია ამბობს, რომ ევროპის ქვეყნებში მინიმალური ხელფასი ყველგან მოქმედებს, მაგრამ ბიზნესი სიძნელეებს არსად აწყდება.
`მინიმალური ხელფასი საქართველოში 1997 წლიდან არსებობს, მაგრამ ის სამარცხვინოდ მცირეა. კერძო სექტორში ეს არის 20 ლარი თვეში, ხოლო საჯარო სექტორში - 135 ლარი. „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში ოფიციალური საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 960 ლარი, სინამდვილეში კი, ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს 50, 80, 120 ლარზე - ასეთი ხელფასები აქვთ ბიბლიოთეკებში, მუსიკალურ სკოლებში და საავადმყოფოებში - სანიტრებს. მოკლედ, ამ მხრივ სიტუაცია სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. უნდა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ადამიანებს, რომლებიც შრომობენ, მაგრამ მაინც ღარიბები არიან.
ჩვენ სპეციალური კვლევა ჩავატარეთ და ასეთი შედეგი მივიღეთ: დაახლოებით 62 ათასამდე ადამიანს საქართველოში აქვს საარსებო მინიმუმზე, ანუ 163 ლარზე ნაკლები ხელფასი, ხოლო 100 ლარზე ნაკლები - 25 ათასს. თვითდასაქმებულთა ხელფასებზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ ბევრ მათგანს აქვს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება. სამაგიეროდ, სახელმწიფო სექტორში აქვთ საკმაოდ მაღალი ხელფასები და ეს ყველამ იცის~, - განუცხადა `ბიპიენს~ ალექსანდრიამ.
რამდენად შექმნის მინიმალური ხელფასის შემოღება პრობლემებს? ბიზნეს სექტორს ეს იდეა არ მოსწონს და დამსაქმებელთა ასოციაციის მეშვეობით მისა განხორციელებას ეწინააღმდეგება. თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაიაკი ამბობს, რომ თუკი მინიმალური ხელფასი გონივრულ ზღვარზე იქნება, მაშინ ამ პრობლემებს აღარ გადავაწყდებით:
„ამ ყველაფერს ბაზარზე არსებული სიტუაცია განსაზღვრავს და როდესაც მინიმალურ ხელფასზე ვსაუბრობთ, დიდი სიფრთხილე გვმართებს. თუკი მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს გაუტოლდება, მაშინ არაფერი შეიცვლება, ხოლო თუ 500 ან 600 ლარს დავაწესებთ, გრძელვადიან პერიოდში ეს უარყოფით შედეგს უფრო მოგვცემს, ვიდრე დადებითს. ეს ინვესტორებსაც დააბრკოლებს, რადგან ისინი საქართველოში იაფი სამუშაო ძალის და შრომის კოდექსის სიმარტივის გამო შემოდიან. თუ ამ ყველაფერს გავართულებთ, ინვესტორების რაოდენობაც შემცირდება. ამიტომ ვამბობ, რომ მინიმალური ხელფასის საკითხის გადაწყვეტისას დიდი სიფრთხილე გვმართებს“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.