"შესაძლოა, სულ მალე ირაკლი ალასანია პრეზიდენტ მარგველაშვილის გუნდში გამოჩნდეს - არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის ვაკანტურ პოსტს ირაკლი ალასანიას სთავაზობს. გარდა ამისა, ასევე საუბარია იმაზეც, რომ "თავისუფალი დემოკრატებისგან" წასულმა რამდენიმე მისმა ყოფილმა თანაპარტიელმაც შეიძლება, მიიღოს თანამდებობის შეთავაზება, ოღონდ არა პრეზიდენტისგან, არამედ "ქართული ოცნებისგან" და თუკი ეს ასე მოხდება, ალასანია და მისი ყოფილი თანაგუნდელები აღმასრულებელი ხელისუფლების დაპირისპირებულ ბანაკებში აღმოჩნდებიან. პოლიტოლოგების თქმით, ალასანიას პრეზიდენტის გუნდში გამოჩენა სასურველია და შესაძლოა, ეს მარგველაშვილის ირგვლივ მომავალი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის მიმანიშნებელიც იყოს. ხოლო თუ პარტიის სხვა ლიდერები ოპოზიციიდან უცებ "ქართული ოცნების" გუნდში თანამდებობებზე გადაინაცვლებენ, ეს არცთუ დადებითად შეფასდება და ამ პოლიტიკოსების იმიჯს დიდი ზიანი მიადგება კიდეც. ალასანიას უშიშროების საბჭოში დანიშვნა კი ცოტა განსხვავებული რამეა, რადგან პრეზიდენტი დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციად აღიქმება....", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მარგველაშვილი-ალასანიას კავშირი, როგორც პოტენციური "მესამე ძალა".
"კონკრეტულად რომელი ყოფილი "თავისუფალი დემოკრატი" სად დაინიშნება, ეს ჯერ არავინ იცის, თუმცა, საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შეთანხმება არსებობს და ალასანიას პარტიიდან წასულებს საგარეო საქმეთა სამინისტროში სთავაზობენ დასაქმებას. მაგალითად, ვიქტორ დოლიძეს შესაძლოა, მინისტრის მოადგილის თანამდებობა შესთავაზონ. აღსანიშნავია, რომ პირველი მოადგილე დავით ზალკალიანიც ყოფილი "თავისუფალი დემოკრატია" და მან ეს პოსტი პარტიიდან წასვლის შემდეგ მალევე მიიღო. ასევე საუბარია იმაზეც, რომ უქმდება ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის სახით შეუერთდება და დიდი ალბათობაა, ამ თანამდებობაზე ვიხილოთ რომელიმე ყოფილი "თავისუფალი დემოკრატი". ასევე ზურაბ აბაშიძეს შესაძლოა შესთავაზონ ელჩის პოსტი, ირაკლი ჩიქოვანს კი ასევე საგარეო უწყებაში რომელიმე დეპარტამენტის უფროსობა. იმაზე, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრებთან თანაშრომლობა "ოცნებისთვის" მისაღებია, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა განცხადება. "არიან ადამიანები ამ პარტიაში, რომლებიც იმსახურებენ სიმპათიებს და თანამშრომლობას შესაბამისად არ გამოვრიცხავ, თუმცა ვისთან როგორ და ა.შ. - ეს ყველაფერი არის შემდგომი დაზუსტების საგანი", - განაცხადა კობახიძემ ამ პარტიიდან ლიდერების წასვლის შემდეგ. ჯერჯერობით "ქართულ ოცნებასთან" რაიმე სახის მოლაპარაკების დაწყებას არ ადასტურებენ ყოფილი "თავისუფალი დემოკრატები". თუმცა, ნაწილი ამბობს, რომ შეთავაზების შემთხვევაში თანამშრომლობა შესაძლებელია", - აღნიშნავს გამოცემა.
"ვიქტორ დოლიძის თქმით, პრემიერ-მინისტრს არ შეხვედრია და მოლაპარაკება არ ჰქონია, თუმცა პოლიტიკაში ყოფნისას არ გამორიცხავდა "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას და "ბუნებრივია, არც ახლა გამორიცხავს". ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ის ამ ეტაპზე პოლიტიკისგან ისვენებს და გეგმებზე არ საუბრობს. ზურაბ აბაშიძის თქმით, "არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება" და მხოლოდ ერთი რამეა გამორიცხული - ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არასდროს არ იქნება. გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ მას არანაირ განხილვასა და შემოთავაზებაში მონაწილეობა არ მიუღია, სხვამ კი თავისი თქვას. ყოფილი თანაპარტიელებისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიას ჯერ არ გაუკეთებია განცხადება, მიიღო თუ არა გიორგი მარგველაშვილისგან შეთავაზება და ვნახავთ თუ არა მას ჩვენ არა "ქართული ოცნების", რაც გამორიცხულია ბიძინა ივანიშვილთან მისი დაპირისპირების გამო, არამედ პრეზიდენტის გუნდში. ალასანია საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე საუბარს ხვალ, 18 ოქტომბერს აპირებს", - დასძენს გამოცემა.
"თუკი ალასანია პრეზიდენტის გუნდში გამოჩნდება, პოლიტოლოგების ნაწილში იმასაც ვარაუდობენ, რომ ეს იქნება ერთგვარი ნიშანი იმის, რომ მარგველაშვილი ირგვლივ ახალ პოლიტიკურ გუნდს იკრებს, რომლითაც შესაძლოა, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მომავალ არჩევნებში ჩაერთოს. თუმცა, მეორე ნაწილის თქმით, პრეზიდენტის სურვილი შესაძლოა იყოს მხოლოდ ის, რომ ალასანიას მსგავსი პოლიტიკური პოტენციალის მქონე ლიდერი არ დარჩეს პოლიტიკის გარეთ და ჯერჯერობით, ახალ პოლიტიკურ ძალაზე საუბარი ნაადრევია. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, არ გაუკვირდება, თუ მარგველაშვილი ალასანიას თანამდებობას შესთავაზებს, თუმცა, ეს შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ მარგველაშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას იწყებს, რადგან ჯერ ბევრი რამ უნდა "მოიხარშოს" და ეს მხოლოდ შორეული პერსპექტივის თემაა", - წერს სტატიის ავტორი.
"შეიძლება, მარგველაშვილმა ალასანიას ეს თანამდებობა შესთავაზოს. მე თუ მკითხავთ, ალასანია ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ღირსეულად მიიღო მარცხი და მოსახლეობაშიც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ამ მხრივ. მასთან დაკავშირებით რომ ნებისმიერს და მათ შორის მარგველაშვილს პოლიტიკური პერსპექტივები ჰქონდეს, ეს ლოგიკურია. თუმცა, არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი სამომავლო პოლიტიკური ცენტრის შექმნას მიანიშნებდეს. ამ პერსპექტივით რომ დგამდეს მარგველაშვილი ნაბიჯებს, მაშინ ან ფიქრია ჩიხრაძეს რატომ მიიყვანდა თავისთან, ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გიორგი აბაშიშვილს. არც ერთი არ არის არჩევნებისთვის გამოსადეგი პირი, ორივე ჩრდილში მყოფი, ნაკლებად პოპულარული ფიგურაა, რომლებსაც მხოლოდ მუშაობა შეუძლიათ და ამა თუ იმ სფეროში საკუთარი აზრის არგუმენტირებულად წარმოჩენა" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"იგივე არგუმენტია ალასანიასთან მიმართებაშიც. ისეთი პოლიტიკური პოტენციალის მქონე ადამიანი, როგორიც ალასანიაა, რა თქმა უნდა, სასურველია, არ დარჩეს პოლიტიკის გარეთ და თუ გიორგი მარგველაშვილმა მას თავის აპარატში ადგილი მიუჩინა, ეს ალასანიას პოლიტიკის გარეთ არდატოვების ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ. მომავალი რაიმე ტიპის არჩევნებისთვის კი, როგორც ფიქრია ჩიხრაძე არ არის რეიტინგული, ისე ალასანიაც და ეს ამ არჩევნებმაც აჩვენა. ამიტომაც ხმების მოსატანად დიდად სასურველ პარტნიორს ალასანია არ წარმოადგენს. ახალი გუნდის შექმნაში ალასანია რომ უნდოდეს თავის გვერდით ნებისმიერს, ეს გასაკვირი არ არის. აგერ, ბიძინა ივანიშვილმაც დაინანა, ალასანიამ რომ ვერ მოახერხა გადაებიჯებინა 5%-იანი ბარიერისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ალასანია მთლად მშვიდობიანად არ არის დაშორებული ივანიშვილის გუნდს. ალასანია ნამდვილად არის ის ფიგურა, რომლის მიახლოება, არდაკარგვა ყველასთვის იყოს მისაღები", - მიიჩნევს რესპონდენტი
"თუმცა, სანამ ახალ ძალას გააკეთებს ვინმე, ბევრი ფიქრია საჭირო - რაში უნდა გამოიხატებოდეს ეს სიახლე და რა უნდა ამ ამომრჩეველს. ამ ფიქრის გარეშე ნებისმიერ ახალ ძალასა და გაერთიანებას აზრი არ აქვს. მთავარი ის კი არ არის, ვინ იდგება მარგველაშვილის გვერდით, არამედ ის, თუ რა სიგნალი წამოვა მისგან. თუ მარგველაშვილმა განაგრძო პოლიტიკისთვის ბრძოლა, ის ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთვება, ამისთვის შემოიკრებს სამუშაო ჯგუფს. ბევრისთვის, როგორც პრეზიდენტი, ის საინტერესო ფიგურა აღმოჩნდა, ამიტომაც შესაძლოა, მას ამ ბრძოლაში პერსპექტივაც ჰქონდეს. ამ არჩევნების შემდეგ შეიძლება მარგველაშვილის პოლიტიკური გუნდის შექმნაზე საუბარი, რაც დღეს ნაადრევია", - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.
"თავისუფალი დემოკრატებიდან" წასული პოლიტიკოსები პროფესიონალები არიან, მათ დასავლეთში კარგად იცნობენ და ამ გუნდის გამოყენებას რომ "ქართული ოცნება" შეეცდება, ეს სრულიად ბუნებრივია. თუმცა, ამ ლიდერების კოლექტიურად პოლიტიკიდან გასვლა სწრაფად მოხდა, რომ ამან ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო პარტია "თავისუფალი დემოკრატები" და ამ დროს თუ ისინი ახლა ხელისუფლებაში თანამდებობებზე აღმოჩნდებიან, ეს მათ იმიჯზე ნეგატიურად იმოქმედებს - თუ ამის შემდეგ ისინი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდებიან და თანაც, ოპოზიციურ ფლანგზე დგომა მოუწევთ, მათ აუცილებლად შეახსენებენ, რომ ოპოზიციიდან მეორე დღესვე როგორ მოხვდნენ ხელისუფლების გუნდში. არა ხელისუფლებაში, არამედ ხელისუფლების გუნდში და ეს, რა თქმა უნდა, პრობლემა იქნება. თუმცა, ეს არ ეხება ალასანიას. ალასანია თუ უშიშროების საბჭოში მოხვდება, ეს ცოტა განსხვავებული რამეა, რადგან პრეზიდენტი დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციად აღიქმება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
"სწორი იქნება, თუ პრეზიდენტის ირგვლივ პროდასავლური ძალები გაერთიანდებიან და ახალ პოლიტიკურ ცენტრს შექმნიან, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სწორად. თავის დროზე, როდესაც პრეზიდენტმა "ოცნების" საპირისპირო რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, ამაში პრეზიდენტის სასახლეში გადასვლას არ ვგულისხმობ, მაშინ გამიჩნდა კითხვა - პრეზიდენტს ხომ არ აქვს პოლიტიკაში ჩართვის ამბიცია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ახალგაზრდა კაცია და რატომ არ უნდა უნდოდეს სახელმწიფოს მართვაში აქტიური მონაწილეობა და ამისთვის დაიწყოს პოლიტიკოსების გვერდით შემოკრება?! მაგრამ აქ მთავარია, რამდენად სწორად გადადგამს ამ მიმართულებით ნაბიჯებს... თუ მარგველაშვილს განზრახვა აქვს პოლიტიკაში აქტიურად შემოვიდეს, მაშინ მას პოლიტიკური ორგანიზაცია სჭირდება და არა რამდენიმე ლიდერი და მარტო ალასანიას წაყვანით შეცდომას უშვებს", - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.