"მიუხედავად მცდელობებისა, "ქართულმა ოცნებამ" ელექტორატს ახალი ვერაფერი შესთავაზა. საბოლოოდ, ადგნენ და ისევ მტრის ხატის შექმნითა და შიშით მიიყვანეს ამომრჩეველი ურნებთან. როცა ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო უმრავლესობისა და არჩევნების შედეგის პრობლემებზე, ამის საფუძველს ის ვარაუდიც იძლევა, რომ "ქართული ოცნებით" იმედგაცრუება საზოგადოებაში გაგრძელდება, თუ ხელისუფლებამ არ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი და მიზანმიმართული გადაწყვეტილებები. ამის ბაზას და რესურსს კი, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ოცნების" ლიდერების გასაგონად - ფრთხილად იყვნენ, არ წაუცდეთ ხელი და..." / "სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, მით უფრო, "ნაციონალურ მოძრაობაში". მის ჩანაცვლებაზე ბოკერია და მისი გუნდი იზრუნებენ".
"საკონსტიტუციო უმრავლესობა ტრაგედია არ არის, მაგრამ აქ ერთი სერიოზული პრობლემა იჩენს თავს - არჩევნებზე მივიდა ამომრჩეველთა 51%, ანუ ნახევარზე ოდნავ მეტი, რომელთაგან "ქართულ ოცნებას" მხარი დაუჭირა ნახევარზე ნაკლებმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის ძალიან დიდი უმრავლესობა "ქართული ოცნების" მხარდაჭერის მიღმაა. შესაბამისად, მეორე ტურის შედეგად, როდესაც ეს ძალა, ალბათ, მართლაც მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მისი მანდატები არ იქნება ამომრჩევლის მხარდაჭერის ადეკვატური, რამაც შეიძლება დიდი პრობლემები შექმნას. მალე დაიწყება განხიბვლა და მივიღებთ ხელისუფლებას, რომელსაც ექნება, ერთი მხრივ, საკონსტიტუციო უმრავლესობა, მეორე მხრივ კი, ელექტორატის ნახევრის ნახევრის მხარდაჭერა. ამან შეიძლება ის დიდი პრობლემები შექმნას, რაც საქართველოში ასეთ ვითარებაში ტრადიციულად იქმნებოდა ხოლმე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია დაირღვევა, თუმცა ხიფათს ვგრძნობ და ამას უპირველესად "ქართული ოცნების" ლიდერების გასაგონად ვამბობ. მათ ეს უნდა იცოდნენ, კარგად გააანალიზონ და ფრთხილად იყვნენ, არ წაუცდეთ ხელი, როგორც წინა ხელისუფლებას, და არ წაიყვანონ ქვეყანა ისევ ავტორიტარიზმისკენ...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
"საწყენია, რომ "თავისუფალი დემოკრატები" და რესპუბლიკური პარტია პარლამენტს გარეთ დარჩნენ, მაგრამ ამას საგარეო ორიენტაციის მიმართულებით არ განვიხილავდი. ვერაფრით ვიტყვით, რომ მომავალ პარლამენტში პროდასავლური ძალები ნაკლებად იქნებიან წარმოდგენილი. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში "ქართული ოცნება" პროდასავლურ პოლიტიკას არ ატარებდა. ჯერჯერობით ნამდვილად არ არსებობს საფუძველი იმის თქმისა, რომ "ქართული ოცნება" არ არის პროდასავლური ძალა. კი ბატონო, "პატრიოტთა ალიანსი" იმ ძალად მიიჩნევა, რომელიც უფრო რუსეთისკენ იხრება, მაგრამ ექვსკაციანი ფრაქცია ბევრს ვერაფერს შეცვლის. ჩემი აზრით, "პატრიოტთა ალიანსს" ამომრჩეველთა მხარდაჭერა პრორუსულობის გამო სულაც არ მიუღია - "ალიანსი" ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო ერთადერთი ძალა, რომელიც მუდმივად აკრიტიკებდა "ნაციონალურ მოძრაობას", სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდა და თუ ხელისუფლებას უპირისპირდებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის სათანადოდ არ სთხოვდა სააკაშვილის ჩინოსნებს პასუხს. მათ სწორედ იმ ამომრჩევლის მიმხრობა მოახერხეს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ რადიკალური ზომების გატარებას მოითხოვდა და ეს რომ არ მოხდა, "ქართულ ოცნებაზე" განაწყენდა. მათი წარმატების მიზეზი ეს მგონია და არა მათი საგარეო ორიენტაცია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"თავისუფალ დემოკრატებს" პარლამენტში შესვლის დიდი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ შეძლეს და, ჩემი აზრით, ამის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის განსაზღვრა. არ დაუსვეს საკუთარ თავს კითხვა: ვინ დაუჭერდა მათ მხარს? ეს შეცდომა დაუშვეს "რესპუბლიკელებმაც". მათ, ფაქტობრივად, მთელ ელექტორატზე იმუშავეს და მიიღეს ის, რაც მიიღეს. მათ "ქართული ოცნებიდან" წამოსულ ამომრჩეველზე უნდა ემუშავათ, უნდა განესაზღვრათ, რატომ თქვა ამ ხალხმა "ქართული ოცნების" მხარდაჭერაზე უარი და რატომ ეძებდა მესამე ძალას. ეს რომ მოეხერხებინათ, ალბათ, ადვილად შეძლებდნენ საჭირო გზავნილების ჩამოყალიბებას და მათ მიმხრობას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რესპუბლიკური პარტია გვიან ჩაერთო საარჩევნო პროცესებში, ხოლო `თავისუფალმა დემოკრატებმა~ ე.წ. კაბელების საქმის საარჩევნო თემად გადაქცევით დაუშვეს შეცდომა. მათი ადამიანურად მესმის, მაგრამ პოლიტიკურად ეს არ იყო სწორი", - ამბობს ექსპერტი.
"ალასანიას გადაწყვეტილებას და ამ პარტიაში შექმნილ ვითარებას უკიდურესად უარყოფითად ვაფასებ. ძალიან დამწყდა გული. ჩემთვის "თავისუფალი დემოკრატები" იყო ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ერთ-ერთი ნათელი წერტილი, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა პერსპექტივა. როდესაც ასეთი პროფესიონალი, განათლებული ადამიანების გუნდი ტოვებს პოლიტიკურ ასპარეზს, ეს სცდება პიროვნულ გადაწყვეტილებას და ქვეყნისთვის ძალიან წამგებიანია. ვიხილავთ თუ არა ყოფილ "თავისუფალ დემოკრატებს" "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში? დიდი ალბათობით, კი, რადგან "ქართულ ოცნებას" აქვს პროფესიონალი კადრების დეფიციტი. ჩემი აზრით, ეს ადამიანებიც მზად იქნებიან, თავიანთი კარიერა საჯარო ან დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელონ. პირდაპირი მინიშნებები თანამშრომლობაზე უკვე მოვისმინეთ როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან, ასევე "თავისუფალი დემოკრატების" რიგი ექსლიდერებისგან. თუმცა, ჩემი აზრით, ეს არ შეეხება ირაკლი ალასანიას, რომელსაც, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში არცთუ დაბალ თანამდებობაზე ვიხილავთ", - თვლის ვახტანგ ძაბირაძე.
"თუ ბოლო ოთხ წელს გადავავლებთ თვალს, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობისთვის" ერთდროულად იყო ლოკომოტივიც და მუხრუჭიც. ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ განახორციელა რებრენდინგი და საფრთხობელად დარჩა, რაც საარჩევნოდ კარგად გამოიყენა ხელისუფლებამაც და თავად "ნაციონალურმა მოძრაობამაც", ეს მიხეილ სააკაშვილის "დამსახურებაა". სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნისასაც და მერეც იყო ამ პარტიის ერთპიროვნული მმართველი, რომლის სანქციის გარეშეც ვერაფერი გაკეთდებოდა, თუმცა ისიც იგრძნობოდა, რომ პარტიაში დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი და მისგან დისტანცირების აუცილებლობა ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა. ამ პროცესის ლოგიკური დასასრული იყო ის, რომ უთანხმოებამ, რომელზეც კულუარულად იყო ლაპარაკი, აშკარად იჩინა თავი არჩევნების შემდგომ. დღეს შეიძლება უკვე ითქვას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა ლიდერებმა მოახერხეს, არ დამორჩილებოდნენ სააკაშვილის ნებას", - მიიჩნევს ძაბირაძე.
"როგორც კი სააკაშვილი პარლამენტში არშესვლის ინიციატივით გამოვიდა, მაშინვე ვთქვი, რომ შეუძლებელი იყო, "ნაციონალურ მოძრაობას" ეს გაეზიარებინა და პარლამენტში შესვლაზე უარი ეთქვა. `ნაცმოძრაობაში~ არიან ჭკვიანი ადამიანები, რომელთაც ანალიზის უნარიც აქვთ და პოლიტიკურ პროცესებსაც კარგად ხედავენ. პარლამენტში შეუსვლელობა ნიშნავდა ამ ძალის ქუჩაში დარჩენას მაშინ, როდესაც ქუჩაში ყოფნა საზოგადოებას არ სურს. ეს კი იქნებოდა ამ ძალის რეიტინგის საბოლოოდ დაცემის ტოლფასი და პარტიაში სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობაც შენარჩუნდებოდა. მივიღეთ უნიკალური ვითარება - "ნაციონალურმა მოძრაობამ" საჯაროდ თქვა უარი ლიდერის ასევე საჯაროდ გაცხადებულ რეკომენდაციებზე. სააკაშვილს არჩევანი არ ჰქონდა - ან უნდა დაჰყოლოდა პარტიის გადაწყვეტილებას, ან წასულიყო ქართული პოლიტიკიდან, და მან, როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა, გადაწყვიტა, დაჰყოლოდა თანაპარტიელების ნებას და ეს დემოკრატიის საბურველით შეეფუთა, არადა, რეალურად ეს ურჩობა იყო. სააკაშვილის ხასიათიდან გამომდინარე, ის არ მოისვენებს და შეეცდება, დაიბრუნოს დაკარგული პოზიცია პარტიის კულისებში მუშაობით, რაც გაჩენილ ბზარს, ჩემი აზრით, კიდევ უფრო გააღრმავებს", განმარტავს რესპონდენტი.
"ეს პროცესი დასრულებული არ არის, "ნაციონალებს", რომელთაც მხარი არ დაუჭირეს სააკაშვილს, კიდევ ბევრჯერ მოუწევთ სააკაშვილთან დაპირისპირება. საბოლოოდ კი "ნაციონალური მოძრაობის" ამ ორ ნაწილს, ადრე თუ გვიან, მოუწევს ერთმანეთთან დაშორება. ვფიქრობ, იმ ნაწილს, რომელიც დაუპირისპირდება სააკაშვილს, ამ უკანასკნელის საპირწონედ ახალი ლიდერი დასჭირდება, რომელიც, ჩემი აზრით, მალე გამოჩნდება... სააკაშვილს უნდა, შეინარჩუნოს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობა, თუმცა ამ ეტაპზე ეს დასრულებული ამბავი მგონია. ღმერთმა გვაშოროს და, თუ ქვეყანაში არ დაიწყო ისევ რევოლუციური პროცესები, სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, მით უფრო, "ნაციონალურ მოძრაობაში". მის ჩანაცვლებაზე ბოკერია და მისი გუნდი იზრუნებენ, დარწმუნებული ვარ, კარგადაც. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბოკერია იქნება ლიდერი, რაც თვითონაც მშვენივრად იცის. ვფიქრობ, ის თავად შეუწყობს ხელს სააკაშვილის საპირწონის მოძებნას, აქცევს მას ლიდერად, თვითონ კი კულისებში დარჩება", - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
"რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის თაობაზე მიღებული რეზოლუციების კენჭისყრაში ქართული დელეგაციის არმონაწილეობას, რომელთაც არ იცოდნენ, როდის იმართებოდა კენჭისყრა - მინდა მჯეროდეს, რომ ეს მართლაც შემთხვევით მოხდა და სააკაშვილის გამო არ დაგეგმეს შურისძიება. სააკაშვილზე გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი და უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობა. შეიძლება უკრაინის ხელისუფლებასთან გვქონდეს პრეტენზია, მაგრამ ეს უნდა მოგვარდეს დიპლომატიური გზით და არავითარ შემთხვევაში ეს ორი ქვეყნის ურთიერთდამოკიდებულებაზე არ უნდა აისახოს, მით უფრო, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობისას", - დასძენს ექსპერტი