რას მოუტანს საქართველოს ინდოეთთან, პაკისტანსა და ბანგლადეშთან პირდაპირი სავაჭრო გზების გახსნა?!

რას მოუტანს საქართველოს ინდოეთთან, პაკისტანსა და ბანგლადეშთან პირდაპირი სავაჭრო გზების გახსნა?!

უნდა ფიქრობდნენ თუ არა თბილისში იმის თაობაზე, როგორ გაიხსნას სავაჭრო გზები სამხრეთ აზიის ქვეყნებთან?!

ამგვარი რჩევებით უცხოელები გვამარაგებენ და გვარწმუნებენ, რომ საქართველომ ინდოეთთან, პაკისტანსა და ბანგლადეშთან პირდაპირი სავაჭრო გზების გახსნაზე დღესვე უნდა დაიწყოს მუშაობა.

ყოველ შემთხვევაში, ეს რეკომენდაციები გაცხადდა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სახელწოდებით, „საქართველო და აბრეშუმის გზის დინამიკა”.

ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის თავმჯდომარე ფრედ სტარ მიიჩნევს, რომ თბილისში ამ თემებზე ჯერ არავინ საუბრობს. ეს მაშინ, როცა ამგვარი ბუმი გარდაუვალია და საქართველომ, რაც შეიძლება მალე, თადარიგი უნდა დაიჭიროს, რომ ამ პროცესების ნაწილი გახდეს. თუნდაც იმიტომ, რომ პაკისტანს დღესვე აქვს შესაძლებლობა, ექსპორტს კავკასიის გავლით აწარმოებდეს, მაგრამ ეს მარშრუტი დღეს არ არსებობს.

ფრედ სტარის აზრით, ოფიციალურმა თბილისმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს უნიკალური შესაძლებლობა, ანუ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, ვინაიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია-ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში და ვიეტნამიც კი კავკასიის გავლით სამომავლოდ თავისუფლად დაიწყებს ევროპასთან ვაჭრობას.

ამ თემაზე საუბრისას ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორანდმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონის წამყვანი ქვეყანაა, რომელსაც არა მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, არამედ დამხმარე, ე. წ. „რბილი ინფრასტრუქტურაც“ აქვს განვითარებული. ეს კი აუცილებელი კომპონენტია იმისთვის, რომ „აბრეშუმის გზაზე“ ქვეყანამ თავი დაიმკვიდროს.
„საქართველოს მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა აქვს საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების დასაცავად. საქართველო ლიდერი ქვეყანაა, რომელიც ევროპასთან, ამერიკასთან, ჩინეთთან და მთელს რეგიონთან ეკონომიკურ კავშირებს აძლიერებს“, - განაცხადა ყოფილმა ელჩმა საქართველოში და დასძინა, რომ საქართველო იმის მოდელია, თუ როგორ უნდა გაიგზავნოს ტვირთი ეფექტურად და არა -კორუფციული გზით“.

რას მოუტანს საქართველოს ინდოეთთან, პაკისტანსა და ბანგლადეშთან კიდევ უფრო დაახლოება?!

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ სამივე ქვეყანასთან პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები, ასე თუ ისე, მაინც გვაქვს. ყველაზე უკეთესი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ინდოეთთან, მეორე ადგილზეა პაკისტანი და შემდეგ უკვე ბანგლადეში. თუმცა ჯამურად ამ სამივე ქვეყანასთან ერთად ვაჭრობა ბოლო წლების განმავლობაში 30 მილიონ დოლარს არ აღემატება და ეს საკმაოდ სუსტი მაჩვენებელია.

„ჩინეთთან როცა დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, ეს კარგი ნაბიჯი იყო. ერთ-ერთი მსხვილი აზიური ბაზარი აქვს ინდოეთსა და პაკისტანსაც. ამიტომ ამ ქვეყნებშიც უფრო აქტიურად უნდა მოვახდინოთ ჩვენი ექსპორტი და, აგრეთვე, ამ ქვეყნებიდან შეიძლება გარკვეული პროდუქტის იმპორტირება“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

რაც შეეხება ამ აზიური ქვეყნებისკენ მიმავალ მარშრუტებს, ექსპერტის თქმით, ეს სწორედაც პრობლემურია. მაგალითად, ჩინეთთან ჩვენ გვაქვს სარკინიზო პირდაპირი მიმოსვლა, აგრეთვე, საზღვაო გზითაც არის შესაძლებელი ჩინეთთან ურთიერთობა, მაშინ, როცა ინდოეთთან სარკინიგზო გზა არ არსებობს, გვაქვს მხოლოდ საზღვაო მარშრუტი, რაც საკმაოდ რთული და გრძელი გზაა, ისევე როგორც ჩინეთიდან საქართველოსკენ საზღვაო გზის გამოყენებაა გრძელი მარშრუტი. ამდენად, სახმელეთო პირდაპირი გზის არარსებობა აბრკოლებს ამ პროცესებს. ცხადია, ამ პრობლემაზე ფიქრი საჭიროა, მაგრამ სახმელეთო გზის გაყვანა მარტივი არ არის, რადგან უამრავი ქვეყნის ჩართულობაა, მათი თანხმობა და კეთილგანწყობაა საჭირო. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, ვახტანგ ჭარაიას აზრით, ამ მარშრუტს დიდი პერსპექტივა ექნება, რადგან ჩინეთის მსგავსად, ინდოეთიც ერთ-ერთ ყველაზე დიდი ბაზარია მსოფლიოში.

„ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბას) ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ურთიერთობებში ჩვენი ქვეყნის ჩართვა მისასალმებელია, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ყოველდღიურად უფრო გლობალიზებული ხდება. ამდენად, სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, საგზაო და სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციის უკეთ გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე ამის გამოუყენებლობა.

„არსებობს ქვეყნები, რომელთაც მაღალტექნოლოგიური ეკონომიკები აქვთ, ჩვენი ქვეყნის მთავარი სიკეთე კი სავაჭრო გზების ათვისებაა. რაც შეეხება ინდოეთის, ბანგლადეშის, პაკისტანის მიმართულებით ტრანზიტული ფუნქციების ათვისებას, ამ ქვეყნებში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ეს ქვეყნები უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც მრავალ ასეულმილიონიანი და, უფრო მეტიც, მილიარდნახევრიანი ბაზარი. მოგეხსენებათ, ბანგლადეში მსოფლიოში ყველაზე მეტად დასახლებული ქვეყანაა, ინდოეთში მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არანაკლები რაოდენობის ხალხია პაკისტანში. ბუნებრივია, ერთი მხრივ, ეს არის ძალიან დიდი გასაღების ბაზარი, რომელთანაც სავაჭრო ურთიერთობები დადებითი იქნება და, მეორე კუთხით, ეს არის იაფი მუშახელი, რაც ნიშნავს, რომ მათი იაფი პროდუქცია ევროკავშირის თუ სხვა ბაზრებზე კონკურენტუნარიანი იქნება. ამიტომ მივესალმები, თუ საქართველო ისე განავითარებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, რომ ამ ქვეყნებში არსებული სავაჭრო ურთიერთობების ათვისება საქართველოს სატრანზიტო სივრცის ხარჯზე მოხდება. ჩვენი ქვეყნისთვის ეს დამატებითი შემოსავლის მომტანი იქნება“, - აღნიშნა ზურაბ კუკულაძემ.