მიკროსაფინანსოებისა და ონლაინსესხების გამცემი კომპანიებისთვის ამოუდებელი ლაგამი დღითი დღე აზარალებს ჩვენს მოსახლეობას. ბოლო ხანებში ეს ორგანიზაციები კლიენტის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ერთვებიან და გაცილებით უფრო ხშირად მიმართავენ სასამართლოს. ისინი პრობლემურ მსესხებლებთან მიმართებით კოლოსალური თანხის გადახდას ითხოვენ. ასე რომ, ონლაინრეჟიმში წამიერად აღებული სესხი შესაძლოა სამმაგი, ხუთმაგი და უფრო მეტიც დაუჯდეს მსესხებელს.
როგორ დაიცვან თავი ჩვენმა მოქალაქეებმა ონლაინსესხების კომპანიების შემოტევისაგან?! ამის შესახებ For.ge-ს „ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბას) ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე ესაუბრა.
ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობა აპროტესტებდეს, როცა 200-ლარიანი სესხის ნაცვლად დაგვიანების გამო 600-დან 2000 ლარამდე თანხას ახდევინებენ, მიკროსაფინანსოები თავად უჩივიან კლიენტებს და სასამართლოებს ხშირად მიმართავენ. ეს ხომ მომხმარებლის მოტყუებაა, რადგან ასეთი მაღალი პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდას არც ერთი კანონი არ ითვალისწინებს?!
- სწრაფი ონლაინსესხების ორგანიზაციების რეგულაციებს ზუსტად იმიტომ ვითხოვთ, რომ პროცესი გამჭვირვალე გახდეს. რეალურად, ეს კომპანიები ყიდიან საფინანსო პროდუქტებს. სხვა შემთხვევაში, ამ სისტემის რეგულატორი თუ არის ეროვნული ბანკი, ამ შემთხვევაშიც, ეროვნული ბანკის რეგულაციას უნდა დაემორჩილონ სწრაფი ონლაინსესხების გამცემი კომპანიებიც. რეგულაციების პირობების თანახმად, უკვე შესაძლებელი გახდება სესხის გაცემის მთელი პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა. თქვენ გაინტერესებთ, ეს კომპანიები პირიქით რატომ უჩივიან მომხმარებელს? ერთი მხრივ, თუ სესხს არ დააბრუნებს მოქალაქე, ბუნებრივია, მას ამის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს, თუმცა აქ საინტერესოა, რა რაოდენობით სესხს აბრუნებინებენ ადამიანს.
ონლაინსესხების მიერ დაწესებული სესხები და პირგასამტეხლოები ბევრად აღემატება კანონით დადგენილ პროცენტს. საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია, სესხის წლიური პროცენტი 100%-ს გაუტოლდეს.
- აქ ორი მომენტია, ერთი, თვითონ ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების საკომისიოები და, მეორე, პრობლემური სესხების შემთხვევაში, სესხების ამომღები კომპანიების მიერ დაკისრებული ჯარიმები თუ სხვადასხვა სახის პირგასამტეხლოები. მე ვფიქრობ, რომ მეორე ნაწილში გაცილებით მეტი პრობლემებია, ვიდრე პირველ ნაწილში, რადგან, თუ ონლაინსესხების გამცემი კომპანიების მიერ დაკისრებული საკომისიოს შესახებ მომხმარებელს სესხის აღებისას უკვე აქვს ინფორმაცია, მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს, როდესაც ეს სესხი გადადის სესხების ამომღები კომპანიების განკარგულების ქვეშ. ამიტომ საკითხი უნდა გავყოთ ორად - რა პრინციპით აკისრებს ონლაინსაკრედიტო ორგანიზაცია პირგასამტეხლოს პრობლემურ კლიენტს და რა პრინციპით აკისრებენ პირგასამტეხლოსა და სხვადასხვა სახის საკომისიოებს სესხების ამომღები კომპანიები?! მათი სესხის ამოღების მეთოდოლოგია უხეში და, ხშირ შემთხვევაში, კანონსაწინააღმდეგოა. ამიტომ კლიენტი და პრობლემური მსესხებელი დაუცველია ასეთ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას.
რამდენად მაღალია სესხების ამომღები კომპანიების მიერ დაკისრებული პროცენტები?
- საპროცენტო განაკვეთი ამომღებ კომპანიებს არ აქვთ. საპროცენტო განაკვეთი აქვს სესხების გამცემ კომპანიებს. თუ სესხი პრობლემური გახდა, ორი თვის შემდეგ წყდება საკომისიოს დარიცხვა და სესხი გადადის უკვე ამომღებ კომპანიაში, რომელიც ნამდვილად გაურკვეველი, უაზრო და არალოგიკური პრინციპით აკისრებს მსესხებელს საკომისიოს და სხვა თანხებს. ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ არ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში, რა რაოდენობით თანხა ეკისრება კლიენტს. თუ კლიენტი კარგად დაიცავს თავს და მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულია, ბუნებრივია, მას ნაკლებ ჯარიმას დააკისრებენ.
ანუ მსესხებელმა ადვოკატი უნდა იახლოს?
- ზუსტად ამის თქმა მსურს. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ სესხების ამომღებ კომპანიებთან ურთიერთობისას აუცილებლად გამოიყენონ კვალიფიციური მრჩევლის, თუნდაც იურისტის ან ფინანსისტის დახმარება. მსესხებლებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რაში გადაუხდიან ამომღებ კომპანიებს თანხებს. სასამართლოში სესხის წაღება ერთ-ერთ გამოსავლად მიმაჩნია ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას, რადგან სასამართლო რასაც დააკისრებს მსესხებელს, ის საბოლოოა და დამატებითი ჯარიმები და სანქციები მას აღარ დაეკისრება. ამიტომ ნუ შეეშინდებათ სასამართლოსი და, ამ შემთხვევაში, პროცესი გადავა ცივილიზებულ გარემოში.
მაგრამ ნაცმოძრაობიდან მოყოლებული, ამ სასამართლოებში მისვლის გამოცდილება ხომ არ გვკარნახობს, რომ შესაძლოა, მიკროსაფინანსოებისა და ონლაინსესხების კომპანიებმა მოსამართლეები მოისყიდონ?
- ამ ტიპის მსესხებლებთან ჩემი ურთიერთობიდან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სასამართლო სისტემაში მომხმარებელი გაცილებით დაცულია, ვიდრე სასამართლოსგან თავის აცილების შემთხვევაში. თანაც, აქ არ არის იმხელა თანხებზე საუბარი, რომ მოსამართლის მოსყიდვა გახდეს საჭირო. არც ერთი მოსამართლე არ დადებს თავის კარიერას სასწორზე, რაღაც 1500-ლარიანი ჯარიმის ან საპროცენტო განაკვეთის შემცირების აწევ-დაწევის გამო.
რამდენად ცდილობს ჩვენი მოსახლეობა, თავისი უფლებები დაიცვას და შეიტანოს სარჩელები, როდესაც ასეთი დიდი თანხის გადახდაზეა საუბარი, რაც არაკონსტიტუციურია?
- მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსახლეობის მთავარი პრობლემა საფინანსო პროდუქტების მოხმარების ნაკლები კულტურაა. საზოგადოების ფართო მასებმა არ იციან ამ ტიპის პროდუქტების მოხმარება, ასევე, არ იციან საკუთარი უფლებების შესახებ, რაც მათ საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გააჩნიათ. ეს მარტო ონლაინსესხებს არ ეხება, არამედ - ბანკებსა და სხვა ტიპის საფინანსოებსაც. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს როლი ზუსტად ფინანსური პროდუქტების მოხმარების კულტურის ამაღლება უნდა იყოს ჩვენს მოსახლეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას შეექმნება პრობლემები, რადგან ვიღაცას მიზანმიმართულად აწყობს ეს პროცესი და იმის ხარჯზე შოულობს ფულს, რომ მომხმარებელმა არ იცის საკუთარი უფლებების შესახებ.