მთელი საქართველოს მასშტაბით 4 მილიონი ონლაინ სესხია გაცემული, რაც წარმოუდგენლად დიდი მაჩვენებელია. ეს იმის ფონზე, როდესაც საქართველოში ბოლო აღწერის მიხედვით, 3 730 000 ადამიანი ცხოვრობს და აქედან ყველა ზრდასრული არ არის. ონლაინ სესხების უმეტესობა კი 65 წელს ზემოთ არ გაიცემა და მას ვერც არასრულწლოვანი მოქალაქეები იღებენ. გამოდის, რომ დაახლოებით 2,5 მლნ ადამიანზე ზემოთაღნიშნული ოდენობის ონლაინ კრედიტი მოდის.
ერთი შეხედვით, სწრაფი სესხი ნორმალური დადებითი მოვლენაა, რადგან ორგანიზაცია მოქალაქეს სესხის აღებას უადვილებს, რაც მას ლოკალურად წარმოქმნილი პრობლემის მოგვარებაში ეხმარება. სინამდვილეში კი, მსესხებელი ხაფანგში ებმევა და იქიდან თავის დაღწევა ხანდახან შეუძლებელიც კი ხდება.
საქმე ის არის, რომ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებში თანხის გადახდის ვადა, ძირითადად, ერთი თვეა და თუკი მსესხებელი ფულს დროზე ვერ გადაიხდის, პრობლემაები სწორედ მაშინ იწყება: სესხის დაბრუნება 2-3 თვით რომ გადაავადოს, 500 ლარის ნაცვლად, შეიძლება 1500 ლარის შეტანა მოუხდეს. სწრაფი სესხის პროცენტიც და პირგასამტეხლოც არის ძალიან მაღალი და ოდნავაც არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ ნორმებს და მოთხოვნებს.
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ წარმომადგენლის განცხადებით, ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი მომხმარებელი ჰყავთ ონლაინ სესხების კომპანიებს, არ არსებობს.
„ამის განსაზღვრა რთულია. შესაძლებელია ერთ ადამიანს ორი წლის განმავლობაში 100 სესხი ჰქონდეს აღებული. ჩვენ არ ვიცით, რამდენი მომხმარებელი ჰყავთ მათ, არ ვიცით რა არის მათი სასესხო პორტფელი, ვადაგადაცილების მაჩვენებელი. ვიცით, რომ დაახლოებით 7-10% გაცემული სესხების იყო ნეგატიური სტატუსის მქონე. სტატისტიკაზე საუბარი ცოტა რთულია“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ საუბრისას ფინანსურმა ანალიტიკოსმა ანი ალიბეგაშვილმა.
მისი თქმით, ცუდია როდესაც არ არსებობს სტატისტიკა ონლაინ სესხების მომხმარებლების, მათი პორტფელების, დაფარული და უიმედო სესხების შესახებ, რომლებიც ამოღებას აღარ ექვემდებარება. ანი ალიბეგაშვილის განცხადებით, ბიზნესი უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა ვიცოდეთ, თუ რა ტიპის რეგულაციები მოაგვარებს პრობლემებს.
ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების მუშაობას ქვეყანაში არც ერთი კანონი არ არეგულირებს, შესაბამისად, მათ საქმიანობაში სრული თავისუფლება ენიჭებათ. თითოეულ მათგანს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ დააწესოს საპროცენტო განაკვეთი, რაც ხშირად გაუაზრებლად მაღალ ნიშნულს აღწევს. სამწუხაროდ, არ არსებობს ონლაინ-სესხების შემოსავლების ან ბრუნვის სტატისტიკა.
„საჭიროა ამ სფეროს რეგულირება, ამ მხრივ რამდენიმე ვარიანტი უნდა განხვიხილოთ, თუნდაც რომელიმე ევროპული ქვეყნის მაგალითის გადმოღებაც. ფაქტია, რომ ასე გაგრძლება არ შეიძლება“, – განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი ტიპის საკრედიტო ორგანიზაციები მკაცრი რეგულაციების ქვეშ არიან. მაგალითად, ლიტვასა და ლატვიაში მათზე ზედამხედველობას ეროვნული ბანკი ახორციელებს.