საქართველოს მთავრობას ლარის გაუფასურების გამო ბოლო დღეებში თავს დიდი კრიტიკა დაატყდა. მინისტრები შემოტევის მოგერიებაში არიან. მათი არგუმენტები ისეთივე არაფრისმთქმელია, როგორსაც მთელი წლის განმავლობაში ისმენდა მოსახლეობა. არანაირი იმედის მომცემი პროგნოზი არც ერთ მათგანს არ დასცდენია. ისმის მხოლოდ ზოგადი ფრაზა, რომ ყველაფერი რიგზეა და „ლარი დასტაბილურდება“.
„საქართველოში მაკროეკონომიკური გარემო უმჯობესდება, რაც აუცილებლად აისახება ლარის გაცვლით კურსზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. სექტემბრის მონაცემებით გაზრდილია უცხოეთიდან ფულადი გზავნილები (13%-ით), მცირედ მაგრამ იმატებს ექსპორტი, შემცირებულია იმპორტის მოცულობა (C ჰეპატიტის პროგრამის გამოკლებით).
ამასთან, ფინანსთა მინისტრი არჩევნების დასრულების შემდეგ ბაზარზე გაურკვევლობის მოხსნაც ელის. მისი თქმით, არ შეიძლება ვალუტის გაცვლითი კურსი გამოყენებული იქნას პოლიტიკური ტემპერატურის აწევისთვის. მან მოუწოდა ოპონენტებს, არ მოახდინონ ამ თემის დაძაბვით ნეგატიური მოლოდინის წახალისება და ვითარება ობიექტურად შეაფასონ, მათ შორის, რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები.
„როგორც ეროვნულმა ბანკმა თქვა, ეს არის ერთჯერადი ტრანზაქციები, რომელიც ამოწურულია და უნდა ველოდოთ კურსის დასტაბილურებას და გამყარებას“, - აღნიშნა ხადურმა.
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც პოლიტიკოსებს მოუწოდებს ლარის კურსზე არ ილაპარაკონ, რათა დაუსაბუთებელ პანიკას არ შეუწყონ ხელი. ამიტომ ყოველი გაუფასურების შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები აღარ უნდა კეთდებოდეს.
„მინდა, რომ ჩვენ ნელ-ნელა შევცალოთ ფორმატი ლარის კურსთან დაკავშირებით და ყოველი დღის ვაჭრობის შემდეგ არ ვაკეთოთ კომენტარები ამასთან დაკავშირებით, რადგან ნეგატივის გარდა ეს არაფერს არ იწვევს. ბაზარი არის ღია. ეს არის მცურავი კურსი და, შესაბამისად, როდესაც მცურავი კურსის დროს კურსი დგინდება, ეს არის მოთხოვნა-მიწოდება. ეს არის ის მოთხოვნა-მიწოდება, რომელიც ბაზარს გააჩნია“, - ამბობს ქუმსიშვილი.
პირველი ვიცე-პრემიერი გამორიცხავს, რომ ბიუჯეტის ხარჯს ლარის კურსზე ნეგატიური გავლენა აქვს. ოფიციალური მონაცემები, რომლებსაც ის იცნობს, ბიუჯეტის მხრიდან ლარის კურსზე ნეგატიური ზემოქმედების საფუძველს არ ქმნის.
იგივეს ამტკიცებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეც. მისი თქმით, ძირითადი ფუნდამენტური ფაქტორები, რაც ლარის კურსზე უნდა მოქმედებდეს, შარშანდელთან შედარებით დადებითია და კურსის ცვლილებას არასწორი მოლოდინი და ერთჯერადი ტრანზაქციები იწვევს.
„ორი ფაქტორია, რაც ლარის კურსის ცვლილებაზე ზემოქმედებს. ერთია, არასწორი მოლოდინი, რაც ზოგიერთმა ექსპერტმა შექმნა, თითქოს, არჩევნების შემდეგ ლარი კატასტროფულ ნიშნულამდე უნდა მისულიყო. რა თქმა უნდა, არასწორი მოლოდინის შექმნა ლარზე ზეწოლას იწვევს და ეს შემდეგ უფრო მაღალ კურსში აისახება. მეორეა, ერთჯერადი ტრანზაქციები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ახსენა. ესეც გარკვეულ გავლენას იწვევს, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მაკროპარამეტრები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა, ქვეყანაში გადმორიცხვები, ტურიზმიდან შემოსავლები, წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. ბიუჯეტის ხარჯვას ლარის კურსზე გავლენა არ ჰქონია, რადგან გეგმის მიხედვით ხდება ხარჯვა“, - დასძინა კაკაურიძემ.
ლარის კურსის შეცვლას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ბოლო ხანებში განხორციელებული მსხვილი ტრანზაქციებით ხსნის: „ამჟამად არის რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია, რომელმაც, შესაძლოა, გაცვლითი კურსის დროებითი ჭარბი ცვლილებები გამოიწვიოს“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.