უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ისტორიულ მაქსიმუმზეა

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ისტორიულ მაქსიმუმზეა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9104 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მართალია ეს შარშანდელ მაჩვენებელს 24%-ით აღემატება, მაგრამ საგანგაშო ისაა, რომ კატასტროფულად არის გაზრდილი იმპორტი. შესაბამისად, ისტორიულ მაქსიმუმზეა უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც.

იანვარ-სექტემბრეში ექსპორტი 1512 მლნ აშშ დოლარი იყო (8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7592 მლნ აშშ დოლარი (34 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის 6080 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67 პროცენტი შეადგინა.

შარშან იანვარ-სექტემბერში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მთელი ვაჭრობის 55%-ს შეადგენდა, ხოლო 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 49% იყო.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ხაზს უსვამენ, რომ 2016 წლის პირველი სამი კვარტლის იმპორტის მაჩვენებელზე გავლენა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ მოახდინა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის თქმით, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის კრიტიკულ ზღვარს ქვეყანამ დიდი ხნის წინ მიაღწია, თუმცა დღემდე პრობლემის მოგვარება და სიტუაციის გამოსწორება არ მომხდარა.

„არ აქვს მნიშვნელობა უარყოფითი ბალანსი 45% იქნება თუ 67%, პრობლემა ისაა, რომ ასეთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს უკვე წლებია და ამის გამოსასწორებლად არაფერი კეთდება. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ჩვენი ეკონომიკა თითქმის არაფერს აწარმოებს, რომელიც საზღვარგარეთ შეიძლება გავიტანოთ და გავყიდოთ. როდესაც ქვეყანაში თითქმის არაფერი იწარმოება, ჩვენი ექსპორტიც ძალიან სუსტია, შესაბამისად, იმპორტი სწრაფად იზრდება“, - ამბობს „კომერსანტთან“ საუბრისას ჯანიაშვილი.

მისივე თქმით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღეს ეროვნული ვალუტის კურსი ასეთი არასტაბილურია: „უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ლარის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია“, - დასძენს ჯანიაშვილი და ხაზს უსვამს, რომ თუ ქვეყანას სურს ექსპორტი გაიზარდოს და უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც შემცირდეს, აუცილებელია შეიქმნას ძლიერი ეკონომიკა და ფული რეალურ სექტორში ჩაიდოს.

ამ აზრს ეთანხმება სტატისტიკის ექსპერტი სოსო არჩვაძეც.  მისი თქმით, საჭიროა სხვადასხვა მწარმოებლური დარგების განვითარება.

„მთლიანობაში ექსპორტი უნდა გახდეს უფრო მრავალპროფილიანი, რომ ექსპორტმა უკეთესი თანაფარდობა დაამყაროს იმპორტთან.  საქართველო ითვლება აგრარულ ქვეყნად, მაგრამ ამის მიუხედავად ყოველწლიურად 1,1 მლრდ დოლარის მეტი მოცულობის აგროსასურსათო პროდუქტის იმპორტი გვჭირდება. მილიარდ დოლარზე მეტი გაედინება საქართველოდან მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება, თანამედროვე დონეზე განვავითაროთ სოფლის მეურნეობა.

ტექნოლოგიური თვალსაზრისით, დაახლოებით, 100-120 წლით ჩამორჩება საქართველო ამერიკისა და ევროპის აგრარულ სექტორებს და ეს პრობლემა დაუყოვნებლივ არის აღმოსაფხვრელი. ჩვენ გვინდა რეალური სექტორის განვითარება ან ისეთი დარგების, როგორიცაა გადამამუშავებელი წარმოება, მანქანათმშენებლობა“, - აღნიშნა სოსო არჩვაძე.