მთელი ქვეყნის მასშტაბით ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაცია ოქტომბრიდან დაიწყო. პირველი პრობლემებიც უკვე გამოიკვეთა. სალონების მფლობელები ხარჯების ზრდაზე წუწუნებენ და კლიენტების დაკარგვის საფრთხეზეც მიუთითებენ.
რეგისტრაციის აუცილობლობა, რომელიც საქმინობის იდენტიფიცირებას გულისხმობს, ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის ნაწილია. რეგისტრაციის სავალდებულობა ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული საქმინობის რეგულირებაში და ინფექციის გავრცელების გზების მაქსიმალურად შეზღუდვაში დაეხმარება.
უკანასკნელი კვლევის მიხედვით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 7% ვირუსული C ჰეპატიტით არის ინფიცირებული. ბოლო ხანებში ფუნდამენტური კვლევა არ ჩატარებულა, ხელმისაწვდომია მხოლოდ ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია, რომელიც წლიდან წლამდე მუდმივად მზარდია. არ არსებობს დეტალური მონაცემები საქართველოში აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ. გასათვალისწინებელია ასევე დაურეგისტრირებელი პაციენტების ან დაავადებული ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც არ იციან ინფიცირების თაობაზე.
სილამაზის სალონები კი მომსახურების ფასის გაზრდაზე საუბრობენ, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამით კლიენტები შემოეფანტებათ. Be beauty-ის მენეჯერი შორენა გოგოხია ამბობს, რომ სალონის მოვლა ძალიან ძვირი ჯდება.
„რეგისტრაცია გავიარეთ. რაც შეეხება სტერილიზიაციისა და საერთოდ სალონის მოვლა-დეზინფექციის საშუალებებს, ეს ძალიან ძვირი ჯდება. ავტოკლავი (სტერილიზატორი) 3 000 დოლარზე მეტი ღირს. 2-3 სტერილიზაციის შემდეგ ხელსაწყოები ბლაგვდება და გალესვა სჭირდება. ერთი იარაღის გალესვა კი 10 ლარი ღირს.
ერთეჯადი ინსტუმენტები ჯერ არ გამოსულა. კომპლექტის ფასი კი 150 ლარიდან იწყება. ეს ყველაფერი მომსახურების ფასებზეც, რა თქმა უნდა, მოქმედებს, მაგრამ ფასი რომ გავზარდო, კლიენტი აღარ მეყოლება. ვფიქრობ, რეგისტრაციის შემდეგ კონტროლი უფრო გამკაცრდება და ბევრი სალონი დაიხურება. ალბათ, ეს ქმედებები ბაზრის მონოპოლიზაციისკენაა მიმართული“, - განუცხადა „ბიპიენს“ შორენა გოგოხიამ.
სილამაზის სალონები დამატებითი ხარჯის გასაწევად ჯერჯერობით მზად არ არიან. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომხმარებელზე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მზად არის თუ არა გადაიხადოს მეტი უსაფრთხო მომსახურებაში.
ლია გარდავა თბილისის ერთ-ერთი სალონის მფლობელია. მცირე შემოსავლის გამო იგი სტანდარტის სრულად დაცვას ვერ ახერხებს. ფასის აწევა არ უცდია და არც აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.
„დღეში 5-6 ადამიანი თუ შემოვა. მცირე სალონია და ძირითადად, ადგილობრივები გვაკითხავენ. ვცდილობ, სისუფთავე მუდმივად იყოს, მაგრამ მაღალი სტანდარტი რთული დასაცავია. ამისთვის საჭირო თანხა არ გამაჩნია, რადგან შემოსავალი არ იძლევა ამის საშუალებას. მომსახურების გაძვირება არ მიცდია, ამით ერთგულ კლიენტებს დავკარგავ.
ამიერიდან ვერც ფასის შენარჩუნებას მოვახერხებ. შევეცდები თვალი მივადევნო პროცესებს, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი ზომები თუ გატარდა, რაღაც კომპრომისზე მომიწევს წასვლა, ალბათ, ტარიფებს გადავხედავ და ვეცდები დავარეგულირო. უკიდურეს სიტუაციაში ობიექტის დახურვა მომიწევს. გაფართოების და წინსვლის საშუალება ჯერჯერობით არ მაქვს და არც უახლოეს თვეებში მექნება“, - აღნიშნა ინდმეწარმემ.
ცვლილება, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შევიდა, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ ესთეტიკური ცენტრები და სილამაზის სალონები რეგისტრაციას არ გაივლიან, ისინი 50 ლარიდან 1 000 ლარამდე დაჯარიმდებიან.