ქართულ მედიაში უკვე მერამდენედ დაანონსდა, რომ არჩევნების შემდეგ გაძვირებას ვეღარაფერი შეაჩერებს. ხოლო არჩევნებამდელ პერიოდში, ძალით თუ ნებით, კიდევ ინარჩუნებდნენ არსებულ ფასებს. მეტ-ნაკლებად სტაბილური ფასები ნაწილობრივ იმითაც აიხსნებოდა, რომ იმპორტიორებს შედარებით იაფად ნაყიდი პროდუქციის მარაგი შემორჩენოდათ, რის გამოც ფასის ზრდისგან ჩვენი მომხმარებელი დაცული იყო. თუმცა მარაგების ამოწურვის შემდეგ შესაძლოა, ფასები მაღლა წავიდეს.
აღნიშნული ინფორმაციის წყაროდ ძირითადად იმპორტიორები სახელდებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ 2-3 კვირაში თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი 10-15%-ის ფარგლებში გაძვირდება. ზოგიერთმა პროდუქტმა კი უკვე მოასწრო გაძვირება. მაგალითად, შაქარზე, წიწიბურასა და ზეთზე ფასები იმატებს.
ახლა ერთადერთი საშველი ლარის კურსია. თუკი ლარის კურსი გეზს გამყარებისკენ არ აიღებს, სამომხმარებლო ბაზარზე თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდება.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ახლა შემოდგომის პერიოდია, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დასრულებულია და მოსავალი მიღებულია. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, ფასები გაიზარდოს, მით უმეტეს, ორ-სამ კვირაში ფასები არ გაიზრდება.
რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციას, ექსპერტის თქმით, სამწუხაროდ, ჩვენ დამოკიდებულნი ვართ რამდენიმე ფაქტორზე. პირველი, ეს არის უცხოეთის ბაზრებზე პროდუქციის ღირებულება და მეორე - ეროვნული ვალუტის კურსი. თუკი ლარი გაუფასურდება და გაიზრდება მისი კურსი დოლართან მიმართებით, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს გაძვირებას. ხოლო, თუ ამას დაერთობა გლობალური პროდუქციის გაძვირება, თუნდაც იმავე შაქარზე, ნავთობზე, ეს გაძვირების საბაბი გახდება.
„არჩევნები რომც არ ყოფილიყო, ეს პროცესი მაინც მოსალოდნელი იქნებოდა. შეუძლებელია, სახელმწიფომ ფასები გააკონტროლოს, მით უმეტეს, გააკონტროლოს იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომელსაც თვითონ არ აწარმოებს. ამიტომ არჩევნებსა და მის შედეგებთან ფასების ზრდის დაკავშირება საკმაოდ რთულია და არაეკონომიკური თვალსაზრისია. თუკი წინა წლების დინამიკას დავაკვირდებით, შემოდგომის პერიოდი ხასიათდებოდა იმით, რომ კვების პროდუქციაზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე არსებული მეტ-ნაკლებად სტაბილური ფასები ნოემბრის ბოლოსკენ, ან დეკემბრის დასაწყისისკენ თანდათან მატებას იწყებდა. ფასების ზრდის მამოტივირებელი გახლდათ ის, რომ სამ-ოთხ კვირაში საახალწლო სუფრისთვის სამზადისი იწყებოდა. ამჯერად კი, ეროვნული ვალუტის დიდი მასშტაბით გაუფასურება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ოქტომბერ-ნოემბრის პირველ ნახევარში ამას არ ველით. ახლა ლარის კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილურია და ნახტომისებური ცვლილება-მატება ან შემცირება არ ყოფილა. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მაღალია და საკმაოდ გაუფასურებულია ლარი“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ.
მისივე თქმით, ისევ და ისევ წლების დინამიკას თუ გადავხედავთ, წლის ბოლოს ლარი უფასურდება თუნდაც იმიტომ, რომ ბიუჯეტი ორიენტირებულია, როგორ აითვისოს წლის ბოლომდე დარჩენილი თანხები. თუმცა სწორი მაკროეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკით შეიძლება თავიდან ავიცილოთ მეყსეული გაუფასურება. ამისგან განსხვავებით, წინა წლებში საპირისპირო მოვლენები ხდებოდა. კერძოდ, ლარის კურსზე პოლიტიკური ზეწოლა შეიმჩნეოდა. ამას დამატებული მონეტარული და მაკროეკონომიკური ფაქტორები კი ლარის კურსის მეყსეულად გაუფასურებას იწვევდა.
„დღეს პოლიტიკური ზეწოლა მოხსნილია. მას შემდეგ, რაც შეიკრიბება პარლამენტი და დაიწყება საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობა, არასტაბილურობის განცდაც მოიხსნება და ეს უკვე დადებითად აისახება ლარის კურსზე“.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ხორბალზე ფასი დიდი ხანია იკლებს, ჭარბი მოსავალი მოვიდა და, შაქრის გარდა, ყველა პროდუქტზე ფასები კლებულობს.
„ფასების მატების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ეს ხელოვნურად გავრცელებული პანიკაა, პირიქით, ხორბალსა და სიმინდზე ჩვენ ველოდებით ფასების კლებას. თუ რამე კატასტროფა არ მოხდა, ნამდვილად არ მოიმატებს ფასები“.