"ასეთ შედეგს ნამდვილად ველოდი. ეს მოლოდინი მხოლოდ მე არ მქონდა, ეს მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა იცოდა. ძალიან გამართლებულად მიმაჩნია, როდესაც არჩევნების წაგების შემდეგ ბევრმა ცნობილმა პოლიტიკურმა ფიგურამ სივრციდან გასვლა გადაწყვიტა. თებერვლიდან მოყოლებული, როგორც მე, ასევე მთელ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ხელი მიგვიწვდეობოდა ამა თუ იმ სოციალურ კვლევებზე, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ვერც ერთი პოლიტიკური პარტია, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა", "ქართული ოცნებისა", და პაატა ბურჭულაძის პარტიისა, სანამ ყველაფერი არ გააფუჭა, 5%-იან ბარიერს სხვა ვერავინ ლახავდა. თებერვლიდან-ოქტომბრამდე ვერც ერთმა პარტიამ და მისი ლიდერებმა ვერ შეძლეს, რომ საზოგადოებისთვის გაშვებული მესიჯები, მიმართვები, დაპირებები, თამაშის ტაქტიკა და კომუნიკაცია შეეცვალათ, რათა ამომრჩეველი მიეზიდათ და პარლამენტში მოცემული ბარიერი მაინც გადაელახათ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მათი ადგილი მინიმუმ არც პარლამენტში და მაქსიმუმ არც პოლიტიკაში არ არის", - აცხადებს პოლიტოლოგი და პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლაგაზიძე: ივანიშვილმა მთელი პოლიტიკური სპექტრი მოასუფთავა.
"ეს რეალობა ვინმესთვის რომ მოულოდნელი ყოფილიყო, მაშინ სრულიად სხვა ანალიზის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ მათ ეს იცოდნენ და საკუთარ თავში ძალა ვერ იპოვეს, რომ პოლიტიკური სტილი შეეცვალათ. ხელისუფლებამ და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთმანეთის სასარგებლოდ პიარი წამოიწყეს. "ოცნება" საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილს საფრთხობელას სახით წარმოუდგენდა, რომლიც შესაძლოა ქვეყანაში დაბრუნებულიყო და სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინა. ამიტომ ივანიშვილმა და "ოცნებამ" მოსახლეობას მოუწოდა, რომ "ქართველო, ბიულეტინს ხელ იკარ" და ხმა "ოცნებას" მიეცი, თუ გინდა, რომ ქვეყანაში არეულობა არ წავიდეს. როგორც ვნახეთ, ამ პიარსვლამ შესანიშნავად იმოქმედა და მათ ის შედეგი მიიღეს, რაზეც ოცნებობდნენ. მეორე მხრივ კი, "ნაციონალურ მოძრაობასაც" აწყობდა, რასაც სააკაშვილის ბოლო დღეების გამოსვლებით დადასტურდა. ის მოსახლეობას ეუბნებოდა, რომ ან გვირაბით, ან კიდევ ზღვით მოცურდებოდა და ამ არჩევნებისთვის ხელისუფლებას დაასრულებდა. ამას კი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის უსუსურობაც დაემატა, რომლებიც მათ გასაჩერებლად ხელსაც არ ატოკებდა", - აღნიშნავს რესპონდენტი.
"საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლოა, კონსტიტუციაზე ძალადობის საბაბი გახდეს, რაც საქართველოს ისტორიაში განვლილმა 25 წელმა შესანიშნავად გვაჩვენა. ამიტომაც არის ხალხი ასე დაზაფრული და "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობა არავის სურს. ამ შემთხვევაში შემაკავებელი ვერც საპარლამენტო და ვერც არასაპარლამენტო ოპოზიცია იქნება. არჩევნებმა და ბიძინა ივანიშვილმა ქართული პოლიტიკური სპექტრი ფაქტობრივად მოასუფთავა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ცუდია, რადგანაც თავად ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ საკუთარი თავი ამოწურა და ვინც პოლიტიკიდან წავიდა, ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა. მათ საკუთარი შესაძლებლობები და რესურსი ახლა ნამდვილად სწორად შეაფასეს. ხვალ და ზეგ ლიმონივით გამოწურულ პოლიტიკურ ძალებზე ქართველი ამომრჩეველი ფსონს აღარ დადებს. ვერც 2017 წელს და ვერც მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მათი რეაბილიტაცია ვერ მოხერხდებოდა. შესაძლოა, ეს ქირურგიული ჩარევა იყოს, თუმცა განახლებისთვის აუცილებელია. ვაკუუმი ცოტა ხნის განმავლობაში შეიძლება შეიქმნას, მაგრამ სხვა მენტალობის ხალხით აუცილებლად შეივსება. რაც შეეხება პარტიებს, როლებმაც მარცხი განიცადეს, მათი მთავარი შეცდომა ის არის, რომ ეს პარტიები თავის საარჩევნო კამპანიას აგებდნენ არა ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვებაზე, არამედ იმაზე, რომ ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა მოეპოვებინათ. რეალურად ისინი პარლამენტში "მფარველი ქოლგის" ძიებაში უფრო იყვნენ. რაღაც აქციებზე, გამოსვლებზე, პროტესტის გამოთქმაზე ქოლგის დაკარგვის შიშით უარს ამბობდნენ. სექტემბერში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გამოდიოდა და ყველას თავისი ადგილი მიუთითა, ეს პარტიები მიხვდნენ, რომ ქოლგის ქვეშ მათი ადგილი აღარ იყო. თუმცა ტაქტიკის შეცვლა ვეღარ მოასწრეს", - ამბობს პოლიტოლოგი.
"რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ პროდასავლური პარტიები პარლამენტის გარეთ დარჩნენ,ამომრჩეველი ძალიან კარგად ხედავდა, რომ ამ პარტიებს საკუთარი თავის და რესურსების თავადვე არ სჯეროდათ. ამომრჩეველი ხედავდა, რომ ამ ხალხს საკუთარი გამარჯვების რწმენა არ ჰქონდა და შესაბამისად არც მათ გარისკეს. რაც შეეხება თავად დასავლურ კურსს, აქ პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ კუთხით ლიდერობს. ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს დასავლეთმა იმ უსამართლობებზე, რომელსაც ისინი ქვეყანაში სჩადიოდნენ, რეაგირება არ მოახდინა და ჩვენს საზოგადოებას მათ მიმართ გარკვეული ნდობა დაეკარგა. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკას, მოსახლეობამ დაინახა, რომ დასავლეთმა დიდი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკის აღორძინება მომხდარიყო. მილიონობით თანხები ჩაიდო, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება მომხდარიყო, მაგრამ ესეც ელიტებს მოხმარდა. შეიქმნა ელიტა, რომელიც 50 ათასი ადამიანისგან შედგება და საზოგადოებაში დასავლეთის მიმართ სწორ განწყობას ვერ ქმნის. ფაქტობრივად ამ არჩევნებიდან გამოჩნდა, რომ ეს ფული სწორად გაფლანგული არ არის", - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.
"ირმა ინაშვილმა და მისმა გუნდმა ამ არჩევნებზე "ხალხოსნური" ნიშა დაიკავეს, საზოგადოებაში კი ასეთი ელექტორატი ყოველთვის არის. ინაშვილმა შეძლო, რომ სხვადასხა ფენის, შეხედულებისა და მდგომარეობის მქონე ადამიანები ერთი წუხილის ირგვლივ გაეერთიანებინა. ქართულ პოლიტიკაში ლიდერის არარსებობის გამო ამომრჩეველი დაიქსაქსა. ის ფენა, რომელმაც ახლა ხმა ინაშვილს მისცა, თავის დროზე გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს და ივანიშვილს უჭერდა მხარს. "პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში საფრთხობელას როლს შეასრულებს. "ქართულ ოცნებას" საშუალება ექნება, რომ მათი მეშვეობით დასავლეთით მანიპულირება მოახდინონ. "ოცნებას" სათქმელი ექნება, რომ თუ მათ გადაცდომებს არ აიტანენ, მაშინ ხელისუფლებაში ინაშვილისა და მისი გუნდის მსგავსი ხალხი მოვა. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, ის პოლიტიკური გვამია. მისი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ არჩევნები სავაჭრო მოედანი ეგონა, სადაც კარგად ივაჭრა და ახლაც ვაჭრობას აგრძელებს. 3%-იანი ბარიერის გადამლახავ პარტიებს სარეკლამო დრო ეძლევათ და სწორედ ამ უფასო სარეკლამო დროის გაყიდვას ცდილობს, სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებზე", - დასძენს პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრი.