როგორც მოსალოდნელი იყო არჩევნების შემდეგ ლარი გაუფასურების გზას დაადგა. ეროვნულმა ბანკმა ბოლო სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, მაგრამ ამით ვერაფერს უშველა. ლარი დაცემას განაგრძობს და ოფიციალურმა კურსმა უკვე 2,3527-ს მიაღწია, ხოლო რეალური გაცვლითი კურსი 2,37-ს აღემატება. ასეთ დაბალ დონეზე ეროვნული ვალუტა 2016 წლის 14 ივლისის შემდეგ აღარ ყოფილა. ჯერჯერობით ლარი ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება.
ლარის დევალვაციის მორიგმა ეტაპმა უკვე გამოიწვია მითქმა-მოთქმა. პირველი საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელის გივი კორინთელის თქმით, 3 კვირაში ასეთი დიდი რაოდენობით სავალუტო რეზერვების გაყიდვა საყურადღებოა. რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიდევ განხორციელდებოდა რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია:
„ამ ტრანზაქციების პარალელურად სებ–ი ყიდის დოლარს, რომ მან კურსზე სერიოზული ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს, ანუ აბალანსებს. რამდენად სწორად აკეთებს ამას, ეს ცალკე საკითხია, თუ ეკონომიკური საფუძველი არ არის, მაშინ ნაკლებად საგანგაშოა. თუ ამას ეკონომიკური საფუძველი აქვს, მაგრამ ეროვნული ბანკი კრიტიკის თავიდან აცილების მიზნით ლარის სისუსტის დაფარვას ამით ცდილობს, ეს ძალიან ცუდია“, – განაცხადა კორინთელმა.
„კავკასიის ბიზნეს ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ სებ-ის ინტერვენციები ბაზრის ადეკვატურია, კურსის არასისტემური რყევის დროს გამართლებული. ბოლოდროინდელი ფაქტორები არჩევნებით განპირობებული მოლოდინით აიხსნება. ინტერვენცია გაუმართლებელია მხოლოდ მაშინ, როცა სისტემური რყევაა, მაგალითად, თუ უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დეფიციტის დაბალანსებას ემსახურება.
„ექსპერტების ნაწილი თვლიდა, რომ ლარის ინტერვენცია იყო გამოწვეული წინასაარჩევნო პერიოდით, მაგრამ რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულმა ბანკმა არჩევნების შემდეგ სავალუტო ინტერვენციები მაინც გააგრძელა“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე და ხაზს უსვამს, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციას მაშინ არ ახორციელებს, როდესაც ლარის გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესებითაა გამოწვეული.
„ჩემი აზრით, სახეზეა მოკლევადიანი ფაქტორი, რაც შეიძლება იყოს რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით გამოწვეული. ამასთანავე, იყოს გამოწვეული მოკლევადიანი აჟიოტაჟით და მოლოდინით, რაც უკავშირდება პოსტ საარჩევნო პერიოდს, თუმცა მე არ ველოდები დამატებით პოლიტიკურ ზეწოლას ლარის კურსზე. რაც მთავარია მოქმედ და ასევე შემდეგ პარლამენტს მოუწევს აქტიურად მუშაობა იმისთვის, რომ ლარის კურსის ვარდნა არ გაგრძელდეს და ეროვნულ ბანკს არ მოუწიოს მთელი რეზერვების დახარჯვა, რადგან ლარის კურსი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის თერმომეტრია“, - განაცხადა კეპულაძემ.
სავალუტო პოლემიკაში ჩართვა მოუწია ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს. ამჯერადაც მინისტრი (ისევე როგორც არაერთხელ) აცხადებს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში გაცვლითი კურსი დასტაბილურდება და გამყარდება.
„საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ ნამდვილად ველოდებით გაცვლითი კურსის დასტაბილურებას და გამყარებას. ეს არის მოკლევადიანი რყევა, რაზეც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გააკეთა“, – აღნიშნა ხადურმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას თუ რამდენად მოქმედებს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ლარის გაცვლით კურსზე, რაზეც ოპონენტები საუბრობენ, ნოდარ ხადურმა ოპონენტებს მოუწოდა, ობიექტურობა შეინარჩუნონ.
ხადური ოპონენტებს ასევე ურჩევს, რომ საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებას, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მათ ავტორიტეტს.