ფოთში ინდუსტრიული ზონის პერსპექტივა ჩაიძირა

ფოთში ინდუსტრიული ზონის პერსპექტივა ჩაიძირა

ფოთის ინდუსტრიული ზონა ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა. თიზ-ის შეღავათებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი „რაკია“ სარგებლობდა. არაბული კომპანია ფოთის ინდუსტრიულ ზონას 7 წლის განმავლობაში მართავდა.

„რაკიამ“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს გადასცა. ამ გარიგებით, „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“ ფოთის თიზ-ის 15%-ს, საქართველოს სახელმწიფო კი, უკვე 85% ფლობს. არაბული კომპანის 15% დაყადაღებულია „მელაინის“ სარჩელის გამო და თუ სასამართლო „რაკიას“ სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, აღნიშნული წილიც საქართველოს სახელმწიფოს ხელში გადავა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ არაბულ კომპანიასთან ქართულ სახელმწიფოს კონფიდენციალური ხასიათის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, შესაბამისად, მიზეზებზე საუბრისგან ამ დროისთვის თავს იკავებენ.

„კომპანიამ შეიცვალა სტრატეგია. აქ არ იყო საუბარი რამის არ, ან ვერ შესრულებაზე. რაც შეეხება მოლაპარაკებების კონკრეტულ დეტალებს, ამას არაბულ მხარესთან შეთანხმების გარეშე ვერ გავასაჯაროვებთ“, - აღნიშნეს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, მთავრობა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სხვა კომპანიისთვის გადაცემას არ გეგმავს. აღნიშნული თიზ-ი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და იმავე რეჟიმში განაგრძობს ფუნქციობას.

ეკონომიკის სამინისტროში ჯერ არც ის იციან, დარჩება თუ გასხვისდება მათ საკუთრებაში გადასული თიზ-ის წილი. „ინდუსტრიული ზონის მმართველი გახლდათ „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“, რომლის შვილობილი კომპანიაა შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია.“

აქვე აღვნიშნავთ, რომ „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“ თიზ-დან სრულად არ გასულა, მის საკუთრებაში რჩება „რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 15 პროცენტი. რაც შეეხება დანარჩენი 85 პროცენტის სახელმწიფოსთვის გადმოცემას, ეს გადაწყვეტილება ინვესტორმა თავად მიიღო შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიაზე“ დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიების სანაცვლოდ“, - აცხადებენ სამინისტროში.

„ჯიბისის“ ინფორმაციით, შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიამ“ ვერ შეასრულა თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიასა და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“ შორის 2010 წლის 25 მაისის და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“ და შპს „რაკია საქართველო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2011 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას და სხვა დეტალებს, ეს ინფორმაცია ხელშეკრულების მიხედვით კონფიდენციალურია.

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი იაშვილის თქმით, ის რომ, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არ გაამართლებდა, ამას წლების განმავლობაში აცხადებდა. ფოთის თიზ-მა ფუნქცია ვერ შეიძინა, ვერ იმუშავა და ინვესტორი იმიტომ გავიდა.

„2006 წელს, როდესაც კანონი პარლამენტში შემოიტანეს, ვეუბნებოდი, რომ ზოგადად, საქართველოში ინდუსტრიული ზონები ვერ გაამართლებდა“, - აცხადებს იაშვილი. მისი თქმით, ზოგადად, საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონები საინტერესო არ არის და არც ერთი არ მუშაობს.

„ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა კერძო ოპერატორმა ვერ განავითარა და სახელმწიფო რას იზამს? თავისუფლად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს პროექტი ჩავარდა“, - აცხადებს იაშვილი.

ფოთის თიზ-ი 2008 წლის ივნისში დაფუძნდა. 2009 წლის 14 აპრილის N72 დადგენილების თანახმად ინვესტორს ქ. ფოთში, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორიაზე 3 046 037 კვ/მ მიწის ნაკვეთი 99 წლის ვადით გადაეცა. ინვესტორს თიზ-ის განვითარების დიდი გეგმები ჰქონდა, თუმცა მისი მასშტაბური განვითარება ვერ მოახერხა.