პარლამენტმა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესწავლა უკვე დაიწყო. ბიუჯეტის პროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განიხილავენ. პირველი, რაც ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა გააკეთოს, ეს ბიუჯეტის პროექტის სასწრაფო შესწავლა და მისი უკან მთავრობაში გადაგზავნაა, რათა საკანონმდებლო ორგანოს ძირფესვიანად გადამუშავებული ვარიანტი დაუბრუნდეს.
2017 წლის ბიუჯეტი დეკემბრის შუა რიცხვებამდე დამტკიცებული უნდა იყოს. პროექტის შესწავლა და განხილვა კი, როდის მოხდება, ჯერ უცნობია. საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ, მას უკვე მე-9 მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს. მისი შეკრება კი ვერ ხერხდება. პარლამენტის მუშაობის დასაწყებად დეპუტატთა 2/3-ია საჭირო. ამ ეტაპზე კი მხოლოდ 97 დეპატუტი გროვდება, რადგან 53 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია გასამართი. ასე რომ, როდის შეუდგებიან ბიუჯეტის განხილვას კანონმდებლები, გარკვეული არ არის.
როგორც ფინანსთა სამინისტროში, ასევე პარლამენტში ამბობენ, რომ ეს არ არის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი და პროექტი მნიშვნელოვნად გადამუშავდება. პირველად ვერსიაში, როგორც მთავრობა განმარტებით ბარათში აღნიშნავს, „საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით“ არ არის გათვალისწინებული სახსრები ახალი პროგრამებისთვის, თუმცა პროექტის გადამუშავების შედეგად არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების ფარგლებში მათი „მაქსიმალური“ დაფინანსება იგეგმება.
„დოკუმენტი საარჩევნო პერიოდის დასრულების შემდგომ მნიშვნელოვნად გადამუშავდება. გაიზრდება მისი ჯამური მოცულობა და მასში გათვალისწინებული იქნება ბევრი სიახლე, მათ შორის, იმ პროექტების - პროგრამების ზრდა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.
ცვლილებებზე საუბრობს უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი. მისი თქმით, პარლამენტში წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი მნიშვნელოვან მუხლებში სცილდება იმ გეგმებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია. „ბიუჯეტის პროექტი აუცილებლად შეიცვლება, განსაკუთრებით სოციალურ ნაწილში“, - განუცხადა „კომერსანტს“ ვოლსკიმ.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პროექტის მიხედვით, 410 მლნ ლარით იზრდება და 10 მლრდ 555 მლნ ლარს მიაღწევს. მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9 მილიარდ 520 მილიონ ლარს, გრანტები 135 მილიონ ლარს, ხოლო კრედიტები 900 მილიონ ლარს.
როგორც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2017 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის და მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4% იქნება. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 4,5%-ის ფაგრლებშია მოსალოდნელი.
პროექტის თანახმად, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 მლრდ 170 მლნ ლარია, რაც მთლიანი შიდაპროდუქტის 22,3%-ს შეადგენს. დაახლოებით 450 მლნ ლარით მცირდება მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი და ის 523 მლნ ლარი იქნება, რაც ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედებას უკავშირდება, ანუ 2017 წლიდან დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება, რაც ამცირებს მომავალ წელს ამ გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების პროგნოზს.