რუსეთში ღვინო ძვირდება, რა ელის ქართულ პროდუქციას?

რუსეთში ღვინო ძვირდება, რა ელის ქართულ პროდუქციას?

რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი, შესაძლოა, შემცირდეს. გადასახადების ზრდა პრობლემას დისტრიბუტორესაც შეუქმნის და მწარმოებლებსაც. ახალი განაკვეთი ძალაში შესვლის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ამ კუთხით მუშაობა გააქტიურდა.

რუსული „კომერსანტის“ ცნობით, ღვინოზე აქციზის გაორმაგებას, ასევე სიგარეტზე აქციზის ინდექსაციას 2017-19 წლების საგადასახადო სტრატეგიის პროექტი ითვალისწინებს. აქციზის გაზრდა დაგეგმილია ყველა სახის ღვინოზე, გამონაკლისი იქნება „ცქრიალა“ და ხილის ღვინო.

იმპორტულ პროდუქციაზე 1 ლიტრზე აქციზი 9-დან 18 რუბლამდე გაიზრდება, დაცული გეოგრაფიული სახელებით რუსეთში წარმოებულზე კი - 5-დან 10 რუბლამდე. რა დროიდან ამოქმედდება ეს ცვლილები პროექტში მითითებული არ არის.

გარდა ამის, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს სურს აქციზი თამბაქოს ნაწარმზე 10%-ით გაზარდოს - 1000 სიგარეტზე 1,56 რუბლამდე. იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენელებმა უკვე განაცხადეს, რომ ეს სიგარეტის 1 კოლოფს 89-დან 109 რუბლამდე გააძვირებს.

ღვინის ბიზნესში ჩართულ კომპანიათა ნაწილისთვის სიახლე მოულოდნელი აღმოჩნდა. ისინი მოთხოვნის შემცირებას პროგნოზირებენ, მათ შორის, ადგილობრივი წარმოების შემცირებას, რაც ხელს შეუშლის იმპორტის ჩანაცვლებას.

ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი ადგილობრივი ბაზრის წახალისებაზე ზრუნავს. საქმე ყირიმული და რუსული ღვინის კონკურენტულობის ზრდას ემსახურება, კრასნოდარის მხარეში მევენახეობის განვითარება სწრაფად მიმდინარეობს.

ქართველი მეღვინეები სხვადასხვაგვარად შეხვდნენ ჩრდილოეთში გაჟღერებულ ინიციატივას. ზოგიერთი განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავს, ზოგი კი ექსპორტის შემცირებას პროგნოზირებს.

KTW-ს დამფუნებელ ზურაბ ჩხაიძეს რუსეთის მიერ აქციზის შესაძლო გაძვირება სავსებით ლოგიკურად ეჩვენება. მისი აზრით, აქციზის ზრდა ქართულ ღვინოზე უმნიშვნელოდ აისახება, რაც საბოლოო ჯამში ფასზე და საექსპორტო გაყიდვებზე არ იმოქმედებს.

„თელიან ველში“ მიიჩნევენ, რომ ეს მთლიანად დისტრიბუტორის მოსაგვარებელი საკითხია. შესაძლოა, მათ მარჟის შემცირებაც მოუხდეთ. „შუხმან ვაინსში“ კი, აქციზის გაზრდით ფასის უპირობო გაზრდას პროგნოზირებენ.

ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ გენერალური დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი განმარტავს, რომ რუსეთში ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ, ქართულ კომპანიებზე ამას საკმაოდ ნეგატიური გავლენა ექნება.

„როგორც წესი, გაძვირება კარგის მომტანი არ არის ხოლმე. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რუსეთში მწვავე კრიზისია, შემცირებულია მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა. შედეგად, ნებისმიერი მცირე გაძვირება ღვინის რეალიზაციაზე უარყოფითად აისახება“, - აცხადებს მარგველაშვილი.

კომპანია „ბადაგონის“ დირექტორი გია შენგელია განმარტავს, რომ ეს ფაქტი ქართველი მწარმოებლებისთვის ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება. შესაძლოა, იქაურმა დისტრიბუტორებმა ქართველებს ფასის დაკლება მოსთხოვონ, რაც საბოლოო ჯამში ღვინის ქართველ მწარმოებლებს დააზარალებს. გარდა ამისა, მისივე პროგნოზით, თუ დახლებზე ღვინის ფასი გაიზარდა, ეს გაყიდვებს აუცილებლად შეამცირებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში 28 156 547 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გაიტანეს, რაც 42%-ით აღემატება შარშანდელ ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 64,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

მიმდინარე წლის აგვისტოში რუსეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პირველ ადგილზე იყო. ამ ქვეყანაში 14 664 610 ბოთლი ღვინო გადაიზიდა. მეორე პოზიციაზეა ჩინეთი (3 368 361 ბოთლი), შემდეგ მოდის უკრაინა (3 042 192 ბოთლი), ყაზახეთი (2 287 826 ბოთლი) და პოლონეთი (1 367 960).