საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის - „ქართლის“ გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ.
ქარის ელექტროსადგური „ქართლი“, მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სადგურად ითვლება. პროექტის სრული ღირებულება 34 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ელექტროსადგური საშუალებას მოგვცემს, ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ნაწილი ქარის ენერგიის ხარჯზე დავაკმაყოფილოთ.
პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქარის ელექტროსადგურის პროექტით საქართველო ჭეშმარიტად განვითარებულ, მოწინავე ტექნოლოგიების ქვეყნად გადაიქცევა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურის პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება და განვითარდება. ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილის განმარტებით კი, განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით, საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია, მათ შორისაა, ქარის ენერგიაც. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად შეეწყობა ხელი ამგვარი პროექტების განხორციელებას, რაც ენერგოდამოუკიდებულობისკენ სწრაფვასა და ევროპასთან აღებული ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს.
ქარის ენერგიას წარმატებით იყენებენ ჩინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, ესპანეთში, ინდოეთში, იტალიაში საფრანგეთში, უკრაინაში, კანადასა და პორტუგალიაში. საქართველოში ქარის სრული თეორიული ენერგოპოტენციალი შეადგენს 1300 მლრდ. კვტსთ-ს, მაშინ, როდესაც საქართველოს მდინარეების სრული თეორიული ენერგოპოტენციალი 135 მლრდ. კვტსთ-ია.
აღსანიშნავია, რომ მთელი წლის განმავლობაში მზე დედამიწაზე უზარმაზარ ენერგიას გზავნის. აქედან 2% ქარის ენერგიად წარმოიქმნება. ქარის ენერგიის ძირითადი წილი მოდის ზამთრის იმ თვეებზე, როდესაც ჰიდროელექტროსადგურები განიცდიან წყლის რესურსების დეფიციტს.
ქარის ენერგიის მეშვეობით მექანიკური ენერგიის მიღების პრაქტიკა კაცობრიობას ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჰქონდა, ხოლო ელექტროენერგიის მისაღებად მისი გამოყენება მე-19 საუკუნის ბოლოდან დაიწყეს.
თუმცა ქარის ენერგიის გამოყენებას აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. დადებითია ის, რომ არ აბინძურებს გარემოს სათბური გაზებით, ამაღლებს ენერგოუსაფრთხოების დონეს, ამცირებს ტარიფებს, ხოლო უარყოფითია, რომ ქარის ენერგიის გამოყენებას დიდი ფართობი სჭირდება, ეს იწვევს გადამფრენ ფრინველთა უნებლიე განადგურებას, ასევე, უარყოფით ფაქტორებად ითვლება მისი თანმდევი ვიბრაცია და ხმა.
საკრებულოს წევრი კახა ბროკიშვილი, რომელიც თავის დროზე ჰელიოსისტემების დანერგვის ინიციატორი იყო, For.ge-სთან საუბარში აცხადებს, საქართველოში მზე უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ქარი. შესაბამისად, მზის ენერგია უფრო წარმატებული და პრიორიტეტული იქნება. თუმცა არის ადგილები ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, ჯავახეთის ზეგანი, სადაც მუდმივი ქარია. ამიტომ განახლებადი ენერგიის საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი წამოწყება მომგებიანია.
„ეს არის საპილოტე პროექტი და პროექტმა უნდა იმუშაოს გარკვეულ ხანს, ანალიზი უნდა დაიდოს და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი, თუ რამდენად მომგებიანი იქნება ქარის ენერგიის გამოყენება ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტისთვის. ქარის ენერგიას თავისი ადგილი უჭირავს, თუმცა მზე და წყალი ყველაზე ბევრი გვაქვს საქართველოში. არის ადგილები საქართველოში, სადაც ქარი მუდმივადაა, ამ კუთხით უნდა შევხედოთ ამ პროექტებს. მე, მაგალითად, ქუთაისი უფრო ქარიანი მეჩვენება, როცა ვმოგზაურობ. თბილისში კი მზის ენერგიას ალტერნატივა არ აქვს, მზის ენერგია ევროპული ქალაქებისთვის, ასევე, თურქეთისთვის ჩვეულებრივი ამბავია. საქართველოში ჰელიოსისტემების საპილოტე პროექტი მე დავნერგე თემქაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსზე და უკვე მეოთხე წელია, ეს პროექტი გამართულად მუშაობს, ხალხიც კმაყოფილია, რადგან დაახლოებით 30-40%-ით გაუიაფდათ კომუნალური გადასახადები. თბილისში 7 ათას კორპუსამდეა, თუმცა ზოგიერთი უბანი, თუნდაც დიდი დიღომი, უფრო ქარიანია, მუხიანი კი ნაკლებ ქარიანია. ამიტომ უნდა შეისწავლონ ეს ადგილები და იმის მიხედვით დაამონტაჟონ პანელები. არსებობს მზის პანელის ტექნოლოგია, რომელიც გამოიმუშავებს ცხელ წყალს და არის უფრო განვითარებული ტექნოლოგიაც, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას“,-აცხადებს კახა ბროკიშვილი.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წევრი, ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ავთანდილ გელაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში მზის ენერგიის რესურსი ძალიან ბევრი გვაქვს და გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ქარის ენერგია. ამიტომ კარგი იქნება, თუ მზის ენერგიის ათვისებაც ინტენსიურად დაიწყება. თუნდაც აშშ-ში ყოველწლიურად 1 მილიონი კვადრატული მეტრი იფარება მზის პანელებით. ასევეა ევროპაში, თურქეთში, საბერძნეთში. მისივე თქმით, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში შეიძლებოდა განახლებადი ენერგიების დანერგვა საქართველოში, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ახლა კი კარგია, რომ საფუძველი ეყრება ამ პროექტებს.
„ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართველი მეცნიერების მიერ შედგენილი რუკა არსებობს, სადაც სიმძლავრეების მიხედვით განსაზღვრულია ქარის პოტენციალი საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერი წერტილისთვის. გორისა და ქარელის გარდა, საქართველოში სხვაგანაც გვაქვს ქარის ენერგიის გამოყენების პოტენციალი. ბუნებრივია, ყველა პროექტის განხორციელება ერთდროულად ვერ მოხდება. ძალიან კარგია, რომ დაიწყო ეს საქმე და, ალბათ, გაგრძელდება კიდეც. რაც შეეხება ქარის ენერგიის დანახარჯებს, ფასები აქ თითქმის ყოველდღიურად იცვლება. ეს ტექნოლოგიების სრულყოფასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ათჯერ გაიაფდა მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის ტექნოლოგიების ღირებულება. ჩვენი ორგანიზაცია - საქართველოს „მწვანეთა მოძრაობა“ განახლებადი ენერგიების ყველა სახეობას უწევს ლობირებას. ბუნებამ მოგვცა ამის საშუალება, ეს საჩუქარია ბუნებისგან და შეიძლება მზის, ქარისა და წყლის რესურსების წელიწადის დროთა მიხედვით ჩანაცვლება. მით უმეტეს, რომ ჰიდრორესურსები ზამთრის პერიოდში მნიშვნელოვან ეკონომიას იძლევა გაზის თუ საწვავთან დაკავშირებით“,-აღნიშნა ავთანდილ გელაძემ.