ქართული პროდუქტი აზერბაიჯანულ შეზღუდვას გადაურჩება?!

ქართული პროდუქტი აზერბაიჯანულ შეზღუდვას გადაურჩება?!

აზერბაიჯანი საბაჟო განაკვეთებს ზრდის და იმპორტიორებს შეზღუდვას უწესებს. ახალი გადაწყვეტილება მალე შევა ძალაში და 2 წლის განმავლობაში იმოქმედებს. როგორც საქართველოს მთავრობა ირწმუნება, აზერბაიჯანში პროდუქციის იმპორტზე საბაჟო განაკვეთების მოსალოდნელი ზრდა ქართულ პროდუქციას და ექსპორტიორებს არ შეეხება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს დაუდასტურა, რომ ცვლილებები საქართველოს არ შეეხება. „აზერბაიჯანთან ორმხრივი და მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გვაქვს, რომელსაც მსგავსი საიმპორტო ტარიფების ზრდა არ ეხება. შესაბამისად, ეს ქართულ პროდუქციას ნამდვილად არ შეეხება. კონსულტაცია აზერბაიჯანულ მხარესთანაც გვქონდა და მათაც დაადასტურეს“, - აღნიშნა არველაძემ.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ზოგიერთი სახეობის პროდუქციის იმპორტზე საბაჟო განაკვეთები 2 წლით იზრდება. საუბარია ხორცპროდუქტებზე, ფრინველის ხორცზე, კვერცხზე, ხილზე, ბოსტნეულზე, თხილზე, წვენებზე, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებზე, მათ შორის, მინერალურ წყლებზე, ასევე საშენ მასალაზე - ბეტონზე, ცემენტზე, აზბესტზე, აგურსა და კერამიკაზე.

მართალია საქართველოს მთავრობა მშვიდადაა, მაგრამ ასე არ ფიქრობენ მეზობელ ქვეყანასთან ბიზნესით დაკავებული მეწარმეები. „საქართველოს მეფრინველეობის ასოციაციის“ და კომპანია „კუმისის“ ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანში მიღებული გადაწყვეტილება იმ კომპანიებზე, რომლებიც აღნიშნულ ქვეყანაში ექსპორტს ახორციელებდნენ, ძალიან ცუდად აისახება. მისი თქმით, აზერბაიჯანში საქართველოდან მხოლოდ სანაშენე წიწილები (ბროილერის ქათამი) და საინკუბაციო კვერცხი შედის. რაც შეეხება ქათმის ხორცს და კვერცხს, ამ კუთხით აზერბაიჯანის ბაზარი დაკეტილია. მიუხედავად ამისა, უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ ქართველ მწარმოებლებზე აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილება ნეგატიურად აისახება.

„ჩვენგან განსხვავებით აზერბაიჯანში ადგილობრივ ბაზარს ავითარებენ და ამის გამო იმპორტირებული არც ხორცი შედის და არც ქათამი. ბაქომ ადგილობრივ წარმოებას მიხედა და გადასახადი გაზარდა, რაც ჭკვიანურია და ყველა ქვეყანაში მიღებულია“, - ამბობს უჩუმბეგაშვილი.

კომპანია „წყალი მარგებელის“ დამფუძნებელმა ავთანდილ სვიმონიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ აზერბაიჯანში იმპორტის გადასახადის ზრდა კონტრაბანდას გაზრდის. დისტრიბუტორი კომპანიები შეეცდებიან პროდუქცია საბაჟოს გვერდით ავლით შევიდეს.

„აზერბაიჯანშიც გავაგზავნით, თუმცა გადაზიდვა იმ რაოდენობით აღარ იქნება. მნიშვნელოვანია იქაური დისტრიბუტორები როგორ დაალაგებენ სიტუაციას და რა ფასს დააწესებენ. ზოგადად, აზერბაიჯანში იმპორტირებული წყალი ძვირია. თუ კიდევ გაიზარდა ფასი, შეიძლება, მოთხოვნა შემცირდეს. ჩვენგან ისევ იმ ფასში გავა, თუმცა პროდუქტი ადგილზე მაინც გაძვირდება. იქაურ პარტნიორებთან გვქონდა კომუნიკაცია, თუმცა ისინიც მოლოდინის რეჟიმში არიან“, - აცხადებს სვიმონიშვილი.

გარდა აზერბაიჯანისა, მიმდინარე კვირაშივე ცნობილი გახდა, რომ გადასახადის გაზრდა იგეგმება რუსეთშიც. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ღვინის აქციზს. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, 2017 წლიდან ღვინოზე აქციზი გაორმაგდება. ქართველი მეღვინეების თქმით, რუსეთში ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ, საქართველოზე და ქართულ კომპანიებზე ამას საკმაოდ ნეგატიური გავლენა ექნება.