ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში 80 მილიონი დოლარი გაყიდა და თავგამოდებით ცდილობს არჩევნებამდე კურსი როგორმე შეინარჩუნოს. რა მოხდება შემდეგ, ამას ვერავინ ამბობს. ფაქტია, რომ ვითარების გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.
სებ-მა ინტერვენციები 22 სექტემბერიდან განაახლა და პირველ ჯერზე ბაზარს 20 მილიონი მიაწოდა, 27 სექტემბერს კი უკვე 40 მილიონი დოლარის გამოტანა დასჭირდა. იგივე განმეორდა 3 ოქტომბერსაც, როდესაც სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა დამატებით 40 მილიონი დოლარი გაყიდა.
რამდენად სწორია სებ-ის ქმედება და რას უნდა ველოდოთ თუნდაც ახლო მომავლში? საბანკო-საფინანსო სფეროს სპეციალისტი დავით წიქარიძე ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების გაყიდვას გაუმართლებელს უწოდება და აცხადებს, რომ ამით სებ–ი არჩევნებისთვის კურსის „დაჭერას“ ცდილობს.
„ტურისტული სეზონი დამთავრდა, სავალუტო შემოსავლები ძალიან შემცირდა, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი საფინანსო ბაზარზეც აისახა. ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების გაყიდვა მარტივი კომბინაციაა - სებ–ი არჩევნების წინ კურსის დაბალანსებას ცდილობს და მაქსიმალური ოდენობით ყიდის ვალუტას. ალბათ, ამ კურსს არჩევნებამდე გააჩერებენ, მერე კი დიდი ალბათობით, ლარი დაეცემა“, – აღნიშნა წიქარიძემ.
მისივე თქმით, ეს არის ეროვნული ბანკის მიერ წყალში გადაყრილი ფული: „ლარის გაუფასურების ტენდენცია აშკარაა, ამ დროს კი, როცა სებ–ი ამ ოდენობით ინტერვენციას ახორციელებს, სხვა არაფერია, თუ არა ფულის გადაყრა“, – განუცხადა „კომერსანტს“ წიქარიძემ.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ლარის კურსის დაჭერისკენ გადადგმული ნაბიჯები ექსპერტებში კითხვის ნიშნებს აჩენს. „ბევრი კითხვის ნიშანია ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიმართულებით. ბოლო დღეებში ხელოვნურად ხომ არ ინარჩუნებენ კურსს, რათა სანამ არჩევნებმა ჩაიაროს? დიდი ხნის განმავლობაში კურსის ხელოვნურად დაჭერა რეზერვების ფლანგვას იწვევს, საბაზრო პროცესებს ეშლება ხელი, ამომრჩევლის მოტყუებაც ხდება ირიბად“, - ამბობს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.
ექსპერტების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ფუნდამენტური ფაქტორების გავლენა არ ხდება ლარის გაუფასურებაზე, მიზანშეწონილია მსგავსი ინტერვენციების განხორციელება, რათა კურსის რყევა არ მოხდეს.
ეროვნულმა ბანკმა განხორციელებულ ინტერვენციებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, ეროვნული ბანკის ინტერვენციების ერთ-ერთი მიზანი გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის შემცირებაა.
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძის აზრით, სებ-ის გადაწყვეტილება ორი მიზეზთან არის დაკავშირებული: ეს უკავშირდება როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე საზოგადოებაში გამოწვეული გარკვეული აჟიოტაჟის ჩაცხრობას.
„ეროვნულმა ბანკმა ალბათ, იმიტომაც გაყიდა ამ ოდენობით დოლარი სავალუტო აუქციონზე, რომ გარკვეული გავლენა მოახდინოს. როგორც ჩანს, სებ-ი აჟიოტაჟის ჩაცხრობასაც ცდილობს. არის ვარაუდი ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით. გარკვეული მოლოდინი არსებობს არჩევნების შემდგომ პერიოდთან მიმართებაშიც. ახლა სებ-ი უფრო კურსის დასტაბილურებას ცდილობს, მაგრამ რაც ნაკლებად ჩაერევა სავალუტო ვაჭრობაში მით უკეთესია“, - განაცხადა კეპულაძემ.