შიდა ქართლში ქარის პირველი ელექტროსადგური - „ქართლი“ - ამუშავდა. ელექტროენერგიის გამომუშავებას იგი დეკემბრიდან დაიწყებს, მანამდე კი ტესტირების რეჟიმში იმუშავებს. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი პირობას იძლევიან, რომ მსგავსი პროექტები კიდევ უფრო განვითარდება.
„დიდი მადლობა ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებს, პროცესში მონაწილე თითოეულ ადამიანს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ამ პროექტში, ასევე კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებმაც ძალიან დიდი სამუშაო შეასრულეს უპრეცედენტოდ მოკლე დროში. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების ქარის ელექტროსადგური, რომელიც ფუნქციონირებს ალტერნატიული ენერგიის წყაროს გამოყენებით. თავისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეს ელექტროსადგური მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომლის ღირებულებაც 34 მილიონ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ახალი ელექტროსადგური საშუალებას იძლევა, ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიის ხარჯზე დაკმაყოფილდეს.
„რაც მთავარია, ეს არის როგორც ეკონომიური, ისე ეკოლოგიური და უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის. საქართველოს აქვს ისეთი ალტერნატიული ენერგიის რესურსი, როგორიც არის ქარის და მზის ენერგია. მჯერა, რომ ამ რესურსების სათანადოდ ათვისება დამატებით სიმძლავრეებს შესძენს ჩვენი ქვეყნის ენერგოსექტორს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ხდება ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი. ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ მაქსიმალურად ვნერგავთ ყველა იმ სიახლეს, რომლითაც საქართველო იქცევა ჭეშმარიტად განვითარებულ ტექნოლოგიების ქვეყნად“, - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ენერგეტიკის ექსმინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურის პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება და განვითარდება.
„პროექტი უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო განვითარდება. ქარის პირველი სადგური, ელექტროენერგიის გამომუშავებას რამდენიმე დღეში დაიწყებს. იგი 20 მეგავატი სიმძლავრისაა. ჩვენ ასეთი პროექტების განხორციელებას მივესამლებით და მის გაზრდას ხელს შევუწყობთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
ქარის ელექტროსადგურის პროექტი საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის“ შვილობილმა კომპანიამ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნ კვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური ექვსი აგრეგატისაგან შედგება. თითოეულის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ს შეადგენს. ელექტროსადგური „ქართლი“, მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სადგურია.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწო. სადგური რამდენიმე დღეში გადავა ტესტირების ეტაპზე. დეკემბრის მეორე ნახევარში კი ექსპლუატაციაში შევა და სრული დატვირთვით ამუშავდება. აღნიშნული პროექტის მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 200-მდე ადამიანი. სამომავლოდ გადამზადდება და დასაქმდება საქართველოს 20 მოქალაქე. პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 34 მლნ აშშ დოლარს. მათ შორის 24 მლნ აშშ დოლარი წარმოადგენს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხს, 10 მლნ აშშ დოლარით კი პროექტი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ დააფინანსა.
ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ამბობს, რომ საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია განახლებადი ენერგიების ათვისების მხრივ, მათ შორისაა, ქარის ენერგიაც.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამგვარი პროექტების განხორციელებას. ამის საშუალებას გვაძლევს არა მარტო ჩვენი ქვეყნის რესურსები, არამედ ენერგოდამოუკიდებულობისკენ სწრაფვა და ევროპასთან აღებული ვალდებულებები“, - აღნიშნა ელოშვილმა.