მომავალი წლის ბიუჯეტი არჩევნების ჩამთავრებას ელოდება

მომავალი წლის ბიუჯეტი არჩევნების ჩამთავრებას ელოდება

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტმა კრიტიკა უკვე დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ გაისად ბიუჯეტი საკმაოდ იზრდება, იგი ვერ დააკმაყოფილებს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს - ასე მიიჩნევენ ოპონენტები. ფინანსთა სამისტროში კი ირწმუნებიან, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ძირფესვიანად გადაამუშავებენ.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პროექტის მიხედვით, 410 მლნ ლარით იზრდება და 10 მლრდ 555 მლნ ლარს მიაღწევს. მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9 მილიარდ 520 მილიონ ლარს, გრანტები 135 მილიონ ლარს, ხოლო კრედიტები 900 მილიონ ლარს.

როგორც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2017 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის და მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4% იქნება. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 4,5%-ის ფაგრლებშია მოსალოდნელი.

პროექტის თანახმად, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 მლრდ 170 მლნ ლარია, რაც მთლიანი შიდაპროდუქტის 22,3%-ს შეადგენს. დაახლოებით 450 მლნ ლარით მცირდება მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი და ის 523 მლნ ლარი იქნება, რაც ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედებას უკავშირდება, ანუ 2017 წლიდან დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება, რაც ამცირებს მომავალ წელს ამ გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების პროგნოზს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ არჩევნების შემდეგ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მნიშვნელოვნად შეიცვლება.

„პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებით, ცალსახად იკრძალება საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, არჩევნებამდე 60 დღით ადრე და არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, ყოველგვარი ახალი ინიციატივების წარმოდგენა, როგორც სოციალური გასაცემლების მიმართულებით, ასევე სხვა ახალი პროგრამების დაწყება და შეღავათების დაწესება.

სწორედ ამიტომ, ჩვენ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მოვამზადეთ იმ მოცემულობაში, რა ვალდებულებაც ჰქონდა აღებული სახელმწიფოს საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. შესაბამისად, ყველა ეს ვალდებულება გათვალისწინებულია ბიუჯეტში და გამოყოფილია შესაბამისი თანხებიც.

რაც შეეხება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, დოკუმენტი საარჩევნო პერიოდის დასრულების შემდგომ მნიშვნელოვნად გადამუშავდება. გაიზრდება მისი ჯამური მოცულობა და გათვალისწინებული იქნება ბევრი სიახლე, მათ შორის, იმ პროგრამების ზრდა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ფინანსთა სამინისტროს ეს პოზიცია მაინცდამაინც მისაღები არ აღმოჩნდა ოპოზიციური პარტიებისთვის და სპეციალისტთა ერთი ნაწილისთვის. ეკონომისტი ბესო ნამჩევაძე ამბობს, რომ მთავრობას აქამდე 2017 წლის ეკონომიკური ზრდა 5,5%-ზე ჰქონდა გათვლილი და ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 1,5%-იანი კლებაა.

„ალბათ, მშპ-ს ზრდა 4%-ით უფრო რეალურია. პრინციპში 2016 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უფრო ცუდია, იმიტომ რომ დეფიციტი იზრდება, ინფრასტრუქტურული ხარჯები მცირდება, ხოლო ბიუროკრატიის - მცირდება. სოციალური ხარჯები დაახლოებით 100 მილიონამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს არის უკვე გაზრდილი პენსიის დაფინანსება 2017 წელს.

როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ამ ბიუჯეტზე სამუშაო ძალიან ბევრია. თუნდაც ის მთავრობა რომ დარჩეს, რომელმაც აღნიშნული ბიუჯეტი მოამზადა, ნახევრად თუ მეტად არა იგი შესაცვლელი იქნება წლის ბოლომდე“, - ამბობს ნამჩავაძე.

ოპოზიცია ადმინისტრაციული ხარჯის ზრდაზე და ფუჭ დაპირებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„მოსახლეობა უნდა გაერკვეს, რომ დამატებითი სიკეთეები, რომელსაც „ქართული ოცნება“ მათ ჰპირდება, არ შესრულდება“, - აცხადებს რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური კი ამბობს, რომ მას არც „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა აქვს წაკითხული და არც ბიუჯეტის პროექტი. მას მიაჩნია, რომ ვითარება ამ კუთხით ერთმანეთში „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გაარკვიონ.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დავით ონოფრიშვილი კი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებულ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს „ქართული ოცნების“ უმრავლესობაც არ დაუჭერს.

„მე გადავხედე ბიუჯეტის პროექტს და მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკის ზრდა არის მხოლოდ 4% მაშინ, როცა ივნისში შემოსულ ძირითად მიმართულებებში შეთანხმებული იყო 5%-იანი ზრდა. ეს მინიმუმის მინიმუმია, რაზეც უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა ორიენტირებული. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამ ბიუჯეტს გინდაც ძველმა და გინდაც ახალმა პარლამენტმა მხარი დაუჭიროს იმიტომ, რომ არავითარი ცვლილებები არ არის.

ერთადერთი მოგების გადასახადი არის შემოსავლებში შემცირებული, რადგანაც იგი უქმდება. სხვა მხრივ, შემოსავლების ზრდა არის მინიმუმზე, ხოლო პროგრამებიც თითქმის უცვლელია“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.