„ეს არის კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ მოიპარა აკაკი ჩხაიძემ ხალხის მილიონები...“

„ეს არის კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ მოიპარა აკაკი ჩხაიძემ ხალხის მილიონები...“

ინტერვიუ „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურ მდივანთან სოსო შატბერაშვილთან

- ბატონო სოსო, თქვენ აცხადებთ, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე იცოდით იმ შეთქმულების შესახებ, რომელსაც საარჩევნოდ სააკაშვილი და მისი გუნდი გეგმავენ? რა გაძლევთ ამ პროგნოზის საფუძველს?

-დიახ... „მემარცხენე ალიანსი“ ამის შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულზე აცხადებდა, მაგრამ ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ შეაფასა შეთქმულების რეალური მასშტაბები. ამ კრიმინალურ საქმიანობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მარტო არ არიან, მათ მხარს  უმაგრებენ ნაყიდი პოლიტიკოსი და სატელიტური არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ჩვენ ვთხოვდით პროკურატურასა და შესაბამის ძალოვან სტრუქტურებს, გამოეჩინათ პროფესიული პასუხისმგებლობა, არ დაეშვათ სააკაშვილისა და მისი დაჯგუფების ანტისახელმწიფოებრივი განზრახვა და ხალხისთვის სამოქალაქო დაპირისპირება აეცილებინათ.

- ნაყიდ პოლიტიკოსებში ვის გულისხმობთ?

- მათი ჩამოთვლა საჭირო არ არის, რადგან საზოგადოებამ ისედაც კარგად იცის მათ შესახებ... მოსყიდული პოლიტიკოსები და პარტიები თავად აცხადებდნენ, რომ შემოდგომაზე  არეულობას და არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლას გეგმავდნენ.

- მათ შორისლეიბორისტული პარტიისლიდერსაც მოიაზრებთ... „მემარცხენე ალიანსმაარაერთხელ განაცხადეთ, რომ შალვა ნათელაშვილი რევოლუციისთვის ემზადება..

- სააკაშვილის მიერ ნაყიდი პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილი თავად იმუქრებოდა არეულობით, ასეთი მოწოდებები არაერთხელ გაგვიგია თვითონ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისგან. ვფიქრობ, დიდი სისუსტე გამოიჩინეს სუს-მა, პოლიციამ, პროკურატურამ, ზოგადად მთავრობამ, როდესაც ყურად არ იღეს ეს მოწოდებები. ერთ-ერთი ტელევიზიის დირექტორი პირდაპირ სთხოვდა ფულს სააკაშვილს იმისთვის, რომ რკინის კონსტრუქციებისგან ბარიკადები გაეკეთებინათ ტელევიზიის „დასაცავად“... ხალხმა აღარ უნდა დაუჯეროს ასეთ მოსყიდულ ჩინოვნიკებს, ვინც წინა მთავრობებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარული თუ ქრთამის სახით აღებული მილიონების სანაცვლოდ ათასგვარ დანაშაულს სჩადიოდნენ, დღეს კი პარლამენტში კენჭს იყრიან.

- ვის გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა, ე.წ. გაცვეთილ სახეებს, მათ შორის - შევარდნაძის დროინდელ მილიონერ ჩინოვნიკებსაც. აი, მაგალითად „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი შეფი აკაკი ჩხაიძე დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის კენჭს... განა, ეს ნორმალურია? როგორ ბედავს ხალხთან ლაპარაკს ის, ვისაც ხალხის მილიონები აქვს მოპარული?!

მინდა გითხრათ, რკინიგზის ყოფილი შეფი შალვა ნათელაშვილსაც აფინანსებდა, ჩხაიძე კი ის კაცია, ვისაც ძალიან უყვარს ფული და ტყუილუბრალოდ კაპიკს არ გადაიხდის.

როცა მეც „ლეიბორისტულ პარტიაში“ ვიყავი, მაშინ ჩვენი პარტია სასტიკ ბრალდებებს უყენებდა აკაკი ჩხაიძეს, რადგან ვიცოდით, რომ რკინიგზის იმდროინდელი შეფი საშინლად კორუმპირებული იყო... ერთ მშვენიერ დღეს კიშალვა გვიცხადებს, მოდით, შევწყვიტოთ ჩხაიძეზე პოლიტიკური დარტყმებიო. როდესაც ვკითხეთ, რა ხდებოდა და რატომ უნდა შეგვეწყვიტა სიმართლის ლაპარაკი, შალვამ  ტონს დაუწია და გვითხრა, მან მე დამაფინანსაო. თან დასძინა, რომ ეს ფული პირადი ინტერესებისთვის კი არ აუღია, არამედ ისევ პარტიის  საკეთილდღეოდ სჭირდებოდა. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო...

- მაშინ, არ გააპროტესტეთ ის ფაქტი, რომ აკაკი ჩხაიძემ შალვა ნათელაშვილი ფულით გააჩუმა?

- საქმე ის არის, რომ მალევე აკაკი ჩხაიძე დააპატიმრეს და მერე უკვე დაპატიმრებულ ადამიანზე „წიხლის ჩაჭერა“ ჩვენს ხასიათში არ შედის. თუმცა, ფაქტია, რომ ეს კორუმპირებული ადამიანი ნათელაშვილს აფინანსებდა. ახლა კი ჩხაიძე, ტანჯულის იმიჯით, ისევ გეგმავს ხელისუფლებაში მოსვლას და ამ დროს გაჩუმება უკვე აღარ შეიძლება.

- აკაკი ჩხაიძის ბრალდებები ახსენეთ. კონკრეტული ფაქტები თუ გაქვთ?

- რა თქმა უნდა, ყველა ბრალდება ფაქტებს ეყრდნობოდა.  ეს არის კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ მოიპარა აკაკი ჩხაიძემ ხალხის მილიონები. ერთ-ერთი იყო საქართველოს რკინიგზის მიერ „ჭიქათჰესსა“ და „ბჟუჟჰესს“ შორის დადებულ საიჯარო ხელშეკრულება, მაშინ ჩხაიძემ სახელმწიფო ბიუჯეტს 150 ათასამდე ლარი დაუმალა.

გარდა ამისა, იგი, „საქართველოს რკინიგზის“ სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 2002 წლის განმავლობაში უძრავ ქონებაზე სამშენებლო სამუშაოების ჩატარების პროცესში არერთგზის უკანონოდ ამცირებდა დღგ-ს გადასახადს, რითიც სახელმწიფო ბიუჯეტს 353 ათასი ლარის ზარალი მიაყენა.

ჩხაიძის საქმეში ასევე ფიგურირებდა კიდევ ორ ფირმასთან „ალეგრატრანს ლიმიტედსა“ და შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთან ვაგონების მიწოდებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა პირობების მიხედვით, დამკვეთებს, ანუ ზემოთ ნახსენებ ორ ფირმას, ჯარიმის სახით სოლიდური თანხების გადახდა დაეკისრათ, „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელებს კი დაკისრებული გადაასახადები შემოსავალში არ დაუფიქსირებიათ, შესაბამისად, არც ქონებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე გადასახდელი დღგ გადაუხდიათ. ამით „რკინიგზის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა დიდი ოდენობით თანხები დამალა.

ეს შემთხვევა იყო ნაწილი იმ დანაშაულებრივი სქემისა, რომელიც ბატონმა ჩხაიძემ ვაგონების მოცდენით ფულის საკეთებლად მოიგონა.

კერძოდ კი ეს სქემა ასე მუშაობდა: სარკინიგზო გადაზიდვებით დაკავებულ კერძო კომპანიას შეეძლო, „საქართველოს რკინიგზასთან“ ვაგონების ქირაობის შესახებ ხელშეკრულება გაეფორმებინა, რის შემდეგაც კომპანია თავის ტვირთს შპს „საქართველოს რკინიგზის“ ვაგონებით გადაზიდავდა და, ცხადია, რკინიგზას შესაბამის ანაზღაურებას გადაუხდიდა. ხელშეკრულებაში ცალკე პუნქტადაა მითითებული, რომ ვაგონების მოცდენის შემთხვევაში - მაგალითად, დატვირთული ვაგონების დაყოვნებისას, სადგურებში ვაგონების შეჩერებისას და სხვა - კონტრაქტორი კომპანია თითოეულ დღეზე ჯარიმას იხდიდა. მოგეხსენებათ,  იმ პერიოდში რკინიგზა არასტაბილურად მუშაობდა და ამ სქემის მიხედვით კომპანია ზარალობდა, მაგრამ სახელმწიფოს და რკინიგაზას უნდა ეხეირა. აი, სწორედ ამ დროს იწყებდა მოქმედებას კორუფციული სქემა: თუ დაგროვილი თანხის 50%-ს კომპანია ნაღდი ფულით რკინიგზის ხელმძღვანელობას  გადაუხდიდა, რკინიგზა ამ დავალიანების ამოღებას „გაჭიმავდა“, საბოლოოდ კი ჩამოწერდა. გამოდის, რომ სახელმწიფო კაპიკსაც ვერ იღებდა, რკინიგზის ჩინოვნიკები კი მილიონებს იჯიბავდნენ. ასევე გარკვეულწილად ხეირობდა იყო კერძო კომპანიაც, რომელიც კონტრაქტით დაკისრებული თანხის მხოლოდ ნახევარს იხდიდა.

სწორედ ამგვარი სქემა მუშაობდა „საქართველოს რკინიგზის“ კომპანია „ალეგრატრანს ლიმიტედთან“ ურთიერთობისას, რომელსაც არასრული ორი წლის მანძილზე „საქართველოს რკინიგზის“ მიმართ 12 მილიონ 145 ათასი ლარის დავალიანება დაუგროვდა. მაშინ „ალეგრანტრასმა“ სასამართლოს მიმართა და საქმე მოიგო, თუმცა „საქართველოს რკინიგზამ“ დავა გააგრძელდა და უზენაესმა სასამართლომ 2003 წლის 16 ივნისს საქმე „საქართველოს  რკინიგზის“ სასარგებლოდ გადაწყვიტა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, აკაკი ჩხაიძემ აზერბაიჯანულ „ალეგრატრანს ლიმიტედს“ სასამართლო დავა მოუგო, თანაც ისე, რომ გასაჩივრების შანსიც არ გადაუტოვა - კონტრაქტის მიხედვით, კონტრაქტორთა შორის ნებისმიერი დავა საქართველოს იურისდიქციაში და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით უნდა გადაწყვეტილიტო.

იმასაც ამბობენ, აკაკი ჩხაიძე „ალეგრანტრასის“ წარმომადგენლებს დაჭერითაც დაემუქრაო, თუმცა საქმე აქამდე არ მისულა - აზერბაიჯანელმა ბიზნესმენებმა ჩხაიძეს 6 მილიონი ნაღდი ფული მიუტანეს, ჩხაიძე კი მათ შეჰპირებია, რომ დაგროვილ ვალს - 12 მილიონ 145 ათას ლარს  ჩამოაწერდა. საქმე ამგვარად ჩაფარცხულა, ჩხაიძეს 6 მილიონი შერჩა, „ალეგრატრანსს“ - 6 მილიონ 145 ათასი, საბოლოოლ ჯამში, დაზარალებული მხოლოდ სახელმწიფო დარჩა.

ეს ყველაფერი არ არის, აკაკი ჩხაიძის „შავ-ბნელ საქმეებს“ ბოლო არ უჩანს. მის წარსულში ნახავთ ჯართის სახით ვაგონების უკანონო გაყიდვის ფაქტებსაც. საქმე ეხებოდა 1000 ცალი გამოსადეგი ვაგონის დაჭრას და ჯართად გაყიდვას. ერთი ტონა ჯართის ფასად 30 დოლარი ჰქონდათ მითითებული, სინამდვილეში კი ერთი ტონის ფასი 130 დოლარი ყოფილა.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩხაიძის ეს თაღლითობები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში დევს.

- მაშინსაქართველოს რკინიგზის დეპარტამენტისყოფილმა შეფმა ამისთვის პასუხი აგო - ბიუჯეტის სასარგებლოდ დიდი თანხა გადაიხადა...

- მან რამდენიმე ასეული მილიონი ლარი მოპარა სახელმწიფოს, საპროცესო შეთანხმებით კი, სულ რაღაც, 3 მილიონი ლარი გადაიხადა. ამბობდნენ, რომ აკაკი ჩხაიძემ, თავისუფლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით უფრო სოლიდური თანხა „ნაციონალების“  შავ სალაროშიც შეიტანა, ამით კი მათთან გარკვეული გარიგება დადო. არც ის გამიკვირდება, თუ ცოტა ხანში აღმოჩნდება, რომ კაკო ჩხაიძის პარლამენტში მოსვლაც ამ გარიგების ნაწილია. ამ პირს თავის დროზე უამრავი დანაშაულებრივი სქემა აქვს შექმნილი ფულის საშოვნელად და  ადამიანს შუბლის ძარღვი ერთხელ რომ გაუწყდება, იმას, სულ ცოტა, აღარ უნდა ენდო და მისი დალაგებული ლაპარაკის უკან მისი თაღლითი სახე უნდა დაინახო.