როგორც ჩანს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა ვერც 2016 წლის დასრულდება. ეს ოფიციალურ ინფორმაციებშიც იკითხება, მაგრამ კიდევ უფრო დადასტურებულ ინფორმაციას იძლევიან მეზობელი ქვეყნის მედიასაშუალებები.
ყარსის გუბერნატორი რახმი დოგანი აცხადებს, რომ სარკინიგზო მაგისტრალის ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობა სრულდება. ამავე მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოები კი აქტიურ ფაზაშია.
მაგისტრალზე მნიშვნელოვანი ობიექტია საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბი, რომლის მშენებლობაც სრულდება, მაგრამ მოესწრება თუ არა წლის ბოლომდე, დაზუსტებით არავინ იცის. გვირაბის საერთო სიგრძეა 4400 მეტრი - აქედან 1840 მეტრი საქართველოს ტერიტორიაზეა. დასრულებულია გვირაბის გაყვანა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოპირკეთების სამუშაოები.
ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა ჯერ კიდევ 2015 წლის დასაწყისში გაიარა. 2015 წლის დეკემბერში კი, რკინიგზა პირველმა ორგანიზებულმა საცდელმა სატვირთო მატარებელმა გატესტა.
მონაკვეთის მნიშვნელოვანი ობიექტია ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური. სადგურის ტერიტორიაზე აშენდა ევროპული სტანდარტების ვაგზლის შენობა, რომლის საერთო ფართობიც 3000 კვადრატული მეტრია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის დასრულება იგეგმება 2017 წლის დასაწყისში. ეს ნიშნავს, რომ რკინიგზია ამოქმედების ვადა ისევ გადაიწევს.
აქამდე ვარაუდობდნენ, რომ რკინიგზა ექსპლოატაციაში 2016 წლის ბოლოს შევიდოდა, თუმცა უცხური მედიასაშუალებებში აქტიურად წერენ, რომ წლის ბოლოსთვის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ვერც თურქეთში დასრულდება, ვერც საქართველოში და ვერც აზერბაიჯანში. ამ ფაქტის გამო აზერბაიჯანელი ექსპერტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
აზერბაიჯანის მხრიდან „ტრასეკას“ მდივან აკიფ მუსტაფაევის განცხადებით, შემაშფოთებელია აზერბაიჯანის რკინიგზის განცხადება იმის შესახებ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთი, სადაც აზერბაიჯანული კომპანიები მუშაობენ, კვლავ დაუსრულებელია.
„ნათელი გახდა, რომ რკინიგზის ამოქმედება დაკავშირებულია არა მხოლოდ თურქეთის მონაკვეთზე არსებულ ტექნიკურ პრობლემებთან. არის განცდა, რომ არც აზერბაიჯანულ მონაკვეთზეა დასრულებული ყველა სამუშაო. აშკარაა, რომ საჭიროა სამუშაოების დაჩქარება აზერბაიჯანსა და საქართველოში, თუ გვსურს ბაქო-თბილისის-ყარსის კომერციულ ექსპლოატაციაში გაშვება 2017 წელს“, - განაცხადა მუსტაფაევმა.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს. რკინიგზა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე შენდება. მაგისტრალმა პირველ ეტაპზე, 1 მილიონი მგზავრის გადაყვანა და 5 მილიონი ტვირთის გატარება უნდა შეძლოს, რაც მოგვიანებით, 17 მილიონ ტონამდე გაიზრდება. პროექტის საერთო სიგრძე 826 კილომეტრს შეადგენს.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა რამდენჯერმე გადავადდა. ზოგ შემთხვევაში მიზეზად თურქეთი სახელდებოდა, ზოგჯერ - აზერბაიჯანი, ზოგჯერ - საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის შენელებული ტემპი. დრო და დრო მხარეები პირობას დებდნენ, რომ სამშენებლო სამუშაოებს დააჩქარებდნენ, თუმცა პირობა ვერ სრულდებოდა.