უცხო ქვეყნების „რბილი ძალის“ ზემოქმედება ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოზე

უცხო ქვეყნების „რბილი ძალის“ ზემოქმედება ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოზე

„რბილი ძალა“ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის ფორმას, რომელიც გულისხმობსსასურველი შედეგების მიღწევას ნებაყოფილობითი მონაწილეობის, დაყოლიების საფუძველზე, განსხვავებით „ხისტი ძალისაგან“, რომელიც იძულებას გულისხმობს. ტერმინი შემოღებულია ამერიკელ პოლიტოლოგ ჯოზეფ ნაის (Joseph S. Nye) მიერ. მიმოხილვაში მოცემულია აშშ-ს, თურქეთის და ირანის, მიერ საგარეო პოლიტიკურ მოქმედებებში „რბილი ძალის“ გამოყენების ანალიზი და მათი ზეგავლენა საქართველოზე.

აშშ-ს მიერ საგარეო პოლიტიკაში „რბილი ძალის“ აქტიური გამოყენება ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის მეორე ვადას ემთხვევა, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად კონდოლიზა რაისის დანიშვნის პერიოდს, რომელმაც ავღანეთში და ერაყში სამხედრო კამპანიების გამო გამოწვეული აშშ-ს შერყეული საერთაშორისო იმიჯის გამოსწორების მიზნით მიმართა „რბილი ძალის“ მეთოდოლოგიას. აშშ-ს მიერ „რბილი ძალის“ ელემენტების გამოყენება ცივი ომის პირობებშიც ხდებოდა, რისი თვალსაჩინო მაგალითია „ამერიკის ხმა“, „რადიო თავისუფლება“ და ზოგადად საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც დასავლური, დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზებისკენ იყო მიმართული.

ამჟამად „ამერიკული რბილი ძალა“ ეყრდნობა: პოლიტიკურ ფასეულობებსა და ინსტიტუტებს, როგორიცაა დემოკრატიული არჩევნები,მრავალპარტიულობა, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ქველმოქმედება (მარშალის გეგმა ...); კულტურულ ღირებულებებსა და სამომხმარებლო უპირატესობებს, ასე მაგალითად ჰოლივუდის მაღალბიუჯეტიანი ფილმები, ინგლისური ენა და ლიტერატურა, ტექნოლოგიური ინოვაციები და სხვ. ქართულ საზოგადოებაზე აშშ-ს რბილი ძალის ზემოქმედებას აქვს ორი განზომილება, ან ორი სახის აღქმა:

ზედაპირული - სტილი, კვებისა და დასვენების კულტურა, ტანსაცმელი, ესთეტიკა, ქცევის მანერა და სხვა.

სიღრმისეული - ზემოქმედებს ცნობიერზე და ქვეცნობიერზე,აზროვნების სტერეოტიპებსა და არქეტიპებზე, რასაც შედეგად აზროვნების თანდათანობითი ტრანსფორმაციაშეიძლება მოყვეს.

ზედაპირული გავლენა იოლად ათვისებადია, მაგრამ არ წარმოქმნის კულტურის თვისობრივად ახალ ხარისხს. შეიძლება ისმენდე ამერიკულ (დასავლურ) მუსიკას, იცვამდე, როგორც ტიპიური ამერიკელი, იკვებებოდე „მაკდონალდსში“, მაგრამ იმავდროულად იყო ქართული ტრადიციების მატარებელი. განსხვავებით ზედაპირულისა, სიღრმისეული გავლენა ძნელად მიღწევადია, რადგანაც აზროვნების სტილს ცვლის და მასიური ზეგავლენის პირობებში შეიძლება ადგილობრივი კულტურის მარგინალიზაცია გამოიწვიოს. ამერიკის და ზოგადად დასავლეთის „რბილი ძალის“ ზემოქმედება გარკვეულ გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს საზოგადოებას:

წარმოშობს საკუთარი იდენტობის დაზუსტების სურვილს საერთო ევროპული ოჯახის კონტექსტში;

სტიმულს იძლევა, უფრო მიმზიდველ, დასავლურ კულტურასთან ინტეგრაციის;

ბადებს ქართულ და დასავლურ კულტურებს შორის შესაბამისობის ფორმების ძიების სურვილს.

ამ პროცესმა შეიძლება მიგვიყვანოს საკუთარი კულტურის მარგინალიზაციამდეც, რაც ნაკლებ სავარაუდოა, ან წარმოშვას კულტურათა სინთეზი და მოხდეს ტრადიციული კულტურის ახალი, ხარისხობრივი გამდიდრება. ყველაფერი დამოკიდებულია ამ გამოწვევაზე ქართული საზოგადოების რეაგირების სტრატეგიასა და ტაქტიკაზე.

იმისათვის, რომ უკეთ დავინახოთ ამერიკული „რბილი ძალის“ ზეგავლენა ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოზე, გადავხედოთ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის მეორე ვადის საგარეო პოლიტიკურ კურსს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახლო აღმოსავლეთში და ავღანეთში საომარი ოპერაციების შედეგად ამერიკელების საერთაშორისო იმიჯი საგრძნობლად შეირყა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებში, ამისათვის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გაემდიდრებინა თავისი საგარეო პოლიტიკური ზემოქმედების მექანიზმები „რბილი ძალის“ მეშვეობით. კონდოლიზა რაისის დანიშვნის შემდეგ გატარდა მთელი რიგი მსხვილი რეფორმები და გარდაქმნები სახელმწიფო დეპარტამენტში. აშშ-მ „საჯარო დიპლომატიის“ უფრო აქტიური გამოყენება დაიწყო. გამოვყოფთ ორ მთავარ მიმართულებას: რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და აგრეთვე, საგანმანათლებლო პროგრამები.

პირველი მიმართულება აუცილებელია მოვლენათა საკუთარი ინტერპრეტაციის ჩამოყალიბებისა და პოპულიზაციისათვის და აგრეთვე, აშშ-ს ღირებულებებისა და იდეოლოგიის ხასიათის უნივერსალურობის დამკვიდრებისა დასაზღვარგარეთის აუდიტორიამდე მისი მიტანისათვის.

მეორე - საგანმანათლებლო პროგრამები, განკუთვნილია საზოგადოებათაშორის დონეზე გრძელვადიანიკავშირების დამყარებისათვის. მათში ასევე შედის მრავალრიცხოვანი კულტურული და გაცვლითი პროგრამები. მაგალითისათვის - FLEX LEADERS EXCHANGE, რომელიც აშშ-ს მთავრობის მიერ ფინანსირდება და განკუთვნილია აშშ-ში ახალგაზრდობის მიზიდვისათვის და აგრეთვე კლასიკური ამერიკული პროგრამა „ფულბრაით“ - ინტელექტუალური პოლიტიკური ელიტის მომზადება. ანალოგიური პროექტები, რასაკვირველია, ხორციელდებოდა 90-იანი წლებიდანაც, მაგრამ აღნიშნული პერიოდიდან მათი ინტენსიობა იზრდება, განსაკუთრებით მუსულმანურ ქვეყნებში.

საქართველოს სინამდვილეში ეს აისახა, მუსლიმი ახალგაზრდობის კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის პროცესში ჩართვაში. ძირითადი აქცენტი ამერიკულ ღირებულებებზე კეთდებოდა. ამგვარად, ამერიკის „საჯარო დიპლომატიის“ მთავარ საქმიან მიმართულებად გახდა სამიზნე ქვეყნებში უფრო ღია, მდიდარი სამოქალაქო საზოგადოების განვითარება. მისიის განხორციელების დროს აქცენტი გაკეთდა არასამთავრებო სექტორზე. ამერიკულმა კორპორაციებმა, ფონდებმა, უნივერსიტეტებმა და სხვა არაკომერციულმა ორგანიზაციებმა თავის თავზე აიღეს ღია სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების სამუშაოს დიდი ნაწილი. 2005-2007 წლებში საზოგადოებრივ საქმეთა ბიურო (bureau of Public Affairs) კატრინ ჰიუზის, სახელმწიფო მდივნის მოადგილის ხელმძღვანელობით, თავისი საქმიანობის გაფართოებისთვის ახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს. კერძოდ, შეიქმნა ამერიკული საინფორმაციო ცენტრები ლონდონში, დუბაისა და ბრიუსელში, ამერიკელი ელექტრონული მაუწყებლობის მოცულობა გაიზარდა 25%-ით. ამერიკელი პოლიტიკოსები რეგულარულად გამოჩნდნენ ტელევიზიასა და რადიოს ახალი ამბების გამოშვებებში. ასევე, მათი მონაწილეობა გაიზარდა ევროპის მაუწყებლობათა თოქ-შოუებში.

ამ პერიოდიდან იწყება აგრეთვე „გარდაქმნათა დიპლომატიის“ პოლიტიკის შემუშავება. ტრადიციული დიპლომატიისგან განსხვავებით, აღნიშნული დიპლომატია არამარტო უზრუნველყოფდა აშშ-ს ხელმძღვანელობას ინფორმაციით მსოფლიოში საქმეთა მდგომარეობის შესახებ, არამედ აწვდიდა ინფორმაციას მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე და ხელს უწყობდა სასურველი ცვლილებების განხორციელებასაც. მიზანი პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთის ქვეყნებში დემოკრატიული რეჟიმების დამკვიდრება იყო. მოტივაცია გამომდინარეობდა შემდეგი თეზისიდან - არადემოკრატიული სახელმწიფოები წარმოადგენენ საფრთხეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და მთლიანადსაერთაშორისო უსაფრთხოებისათვის.

ამ კონტექსტში შეიძლება განხილულ იქნას ფერადი რევოლუციებიც, რომელთა მიზანი იყო სუსტად გამოხატული დემოკრატიის ქვეყნების ტრანსფორმირება და ამ ქვეყნებში დემოკრატიის გაძლიერება. ზოგიერთი მკვლევარის მიხდვით, ვარდების რევოლუციასაქართველოში, ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში და ტიტების რევოლუცია ყირგიზეთში,წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სახელმწიფოს შიდა საქმეებშიჩარევას და არ შეიძლება აღქმული ყოფილიყო,როგორც „რბილი ძალა“. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მათი მიზანი არ იყო არასასურველი რეჟიმების უბრალოდ დამხობა, არამედ მთავარი ამოცანა იყო აღნიშნულ ქვეყნებში დემოკრატიის გამყარება და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ის მაინც შეიძლება შეყვანილ იქნას „რბილი ძალის“ ინსტრუმენტარიების არსენალში.

ამერიკის „რბილი ძალის“ დეფინიციისას გასათვალისწინებელია, რომ ჯორჯ ბუშ უმცროსმა ამ პოლიტიკის აქტიური გამოყენება დაიწყო აღმოსავლეთში„ხისტი ძალის“ გამოყენებისშედეგად ამერიკის საერთაშორისო იმიჯზე მიყენებული სერიოზული დარტყმის გამო. თვითონ ამ ტერმინის შემქმნელის ჯოზეფ ნაის მოსაზრებით, რომელიც ამ პერიოდს ემთხვევა (2004 წ.) ამერიკას უნდა შეეცვალა მკაცრი საგარეო პოლიტიკური კურსი და მოეზიდა თავისი მოკავშირეები და არაბული ქვეყნების ლიდერები, ზუსტად „რბილი ძალის“ მეშვეობით.

ცნობისათვის, ერაყში და ავღანეთში ომის დაწყებამდე ამერიკის საგარეო პოლიტიკის კურსს არაბულ ქვეყნებში მხარს უჭერდა გამოკითხულთა 75% (სოციოლოგიური კვლევები), ხოლო ამ მოვლენათა შემდეგ ეს პროცენტული მაჩვენებელი 15%-მდედაეცა. ბარაკ ობამას პერიოდში,სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ შემოთავაზებული იყო ერთგვარი ბალანსი „რბილსა“ და „ხისტ ძალას“ შორის, რომელიც საერთაშორისო ლექსიკონში შევიდა, როგორც „გონიერი ძალა“ (Smart Power).

ითვლება, რომ ამ მიმართულებას საგარეო პოლიტიკაში უნდა შეეცვალა „ხისტი ძალა“, რომელმაც როგორც აღვნიშნეთ გამოიწვია ამერიკის პრესტიჟის დაცემა. ამავე პერიოდს ემთხვევა „გადატვირთვის“ პროცესი, რაც გულისხმობდა რუსეთთან ურთიერთობის ახალ, არა ხისტ და უფრო დინამიურ კონტექსტში გადაყვანას. ამავე პერიოდში, თანდათანობით იცვლება ჯორჯ ბუშ უმცროსის ერთპოლუსიანი მსოფლიოს დოქტრინა, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს იდეით.

საქართველოს სინამდვილეში ამერიკის „რბილი ძალა“ კვლავ ვითარდება ზემოთ ჩამოთვლილი ორი მიმართულებით - დემოკრატიული ღირებულებისა და თავისუფლების პოპულარიზაცია, განათლება, რომელიც ეფუძნება მსჯელობას, ლოგიკურ აზროვნებას და არა „ტრადიციული, ტრაფარეტული ტექსტების დაზეპირებას“ - პროვინციალურ, ყოველდღიურ სიბრძნეს. და ქველმოქმედებას ჰუმანიტარულ დახმარებას - არაკომერციული პროექტები მიმართული ქვეყნის საგანმანათლებლო, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაციისაკენ.

„რბილი ძალის“ სპეციფიკიდანგამომდინარე, რომელიც დინამიურ პოლიტიკურ პროცესს წარმოადგენს, აშშ-ს „რბილი ძალა“ მთელ რიგ წინააღმდეგობებს აწყდება. ერთის მხრივ ეს არის ტრადიციული, კულტურული ღირებულებები, მათ შორის რელიგიური მრწამსი, რომელსაც საქართველოში აქტიურად ავითარებს უკვე რუსეთის „რბილი ძალა“. კერძოდ, ხდება მართლმადიდებლობის დაპირისპირება ისეთ იდეასთან, როგორიცაა ევროპული „რბილი ძალის“ ლიბერალური ღირებულებებიდან გამომდინარე ადამიანის უფლებების უზენაესობა, რომელშიც შედის „ლგბტ“ საზოგადოების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაც. მეორეს მხრივ, აუცილებლობას წარმოადგენს ამერიკულ-ევროპული „რბილი ძალის“ და რეგიონში მოთამაშე ნებისმიერი ქვეყნის „რბილი ძალის“ ფარგლებში შემოთავაზებული მნიშვნელოვან წინადადებათა პაკეტების გადახედვა ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინების თვალსაზრისით.

თურქეთი

თურქეთის მიერ საგარეო პოლიტიკურ არსენალში „რბილი ძალის“ ჩართვა ემთხვევა ერდოღანის მოსვლას ხელისუფლების სათავეში. მისი თანამებრძოლის მევლუდ დავითოღლუს მთელ რიგ ნაშრომებში ახსნილია თურქეთის ახალი პრიორიტებები. მისი მოსაზრებით, თურქეთი არა უბრალოდუნდა დარჩენილიყო ნატოს წევრქვეყნად, რომლის „ცივი ომის“ დროინდელი ფუნქცია ნატოს სამხრეთის ფლანგზე საბჭოთა კავშირის შეკავება იყო, არამედ უნდა გადაქცეულიყო რეგიონალურ აქტორად, ერთგვარ მიზიდულობის ცენტრად ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისათვის.თურქეთის „რბილი ძალა“ ბოლო დრომდე ეყრდნობოდა ისლამური დემოკრატიის ქვეყნის იმიჯს, ანუ დემოკრატიულ, და ამავე დროს ისლამურ სახელმწიფოს მიმზიდველობას მუსლიმანური ქვეყნებისათვის. მეორეს მხრივ, მათ განავითარეს „დიადი თურანის“ იდეა, რაც გულისხმობდა თურქულენოვანი ერების საერთო ისტორიულ-კულტურულ საფუძვლებზე განვითარებას. მესამე კონცეპტი თავად ისლამი, როგორც იდეოლოგია იყო.

ერდოგანის მმართველობის პირველ პერიოდში შეიქნა სახელმწიფო სააგენტო “TIKA”, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ პროექტებს საზღვარგარეთ. მისიის ძირითადი ამოცანაა თურქული სახელმწიფოს და ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ასევე, სამოქალაქო და რელიგიური განათლებისშეტანა მუსულმანურ სახელმწიფოებსა და რელიგიურ თემებში (საქართველოს მუსულმანური მოსახლეობა).

მაგალითისათვის, ერდოგანმა შეიარაღებული ძალები კონსტიტუციურ დონეზე შეასუსტა და აიღო კურსი ქვეყნის მოდერნიზაციაზე, ხოლო ისლამი იქცა ეკონომიკაში წარმატებული ცვლილებების იდეოლიგურ ბაზად. შრომა განსაზღვრულ იქნა, როგორც რელიგიური ვალდებულება. სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის მიმართული მეწარმეობა და ბიზნესი შეფასებულ იქნა ისეთივე „ღვთივკურთხეულ“ საქმედ, როგორიც ლოცვაა. „ისლამის მიმდევარმა ბიზნესმენებმა“ აქტიურად დაიწყეს ისლამური ქველმოქმედების დაფინანსება. დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც გამოცხადებული იქნა მძიმე ცოდვად. ისლამის იდეოლოგიის საფუძველზე შესაძლებელი გახდა გაერთიანებული ყოფილიყო ისეთი ცნებები, როგორიცაა „თანამედროვეობა“, „მოდერნიზაცია“ და „წარმატება“, რათა შექმნილიყო მუსულმანური ქვეყნის მომხიბვლელი სახე.

ისლამი თურქეთის მიერ გამოიყენება მისი მეზობელი თურქული წარმოშობის ხალხების გაერთიანებისათვის. რელიგია გახდა წინა და შუა აზიის მთელი რიგი ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური და სულიერი სოლიდარობისსაფუძველი. შედეგად, თურქეთი, ბოლოდროინდელი სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე, წარმოადგენდა ავტორიტეტულ და ძლიერ ევრაზიულ რეგიონალურ აქტორს.

საქართველოს სინამდვილეში თურქეთის „რბილი ძალა“ პირდაპირ დაპირისპირებაში არ შედის არც ამერიკულ-ევროპულ და არც რუსულ „რბილ ძალასთან“. თუმცა მათ შორის ღრმა იდეოლოგიური და რელიგიური წანააღმდეგობებია, რაც აისახება კიდეც როგორც ქართულ საზოგადოებაზე, ისე ჩვენს მუსულმანურ თემზე.

მაგალითად, თურქეთის „რბილი ძალის“ ზეგავლენით აზერბაიჯანელები მოხიბლულნი არიან თურქული სამყაროს წევრობით. ისინი თურქეთს აღიქვამენ წარმატებულ მუსულმანურ სახელმწიფოს მაგალითად. იგივე წარმოდგენა აქვთ ქართველ აზერბაიჯანელებს თურქეთზე, მის კულტურასა და სახელმწიფოზე. ინტენსიური კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება აჭარაში. საქართველოში ფუნქციონირებს შვიდამდე უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მოსწავლეები სამოქალაქო პროგრამით იღებენ განათლებას, თურქული ენისა და ლიტერატურის სწავლების ჩათვლით, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესის მიღმა ე.წ არაფორმალური განათლების კონტექსტში (საკვირაო სკოლები), ისინი ეცნობიან ისლამურ რელიგიას და ზოგადად ისლამურ ცივილიზაციას.

2005 წლამდე საქართველოში ფუნქციონირებდა ქართველი ოფიცრების ოთხწლიანი მომზადების პროგრამა, სადაც ისინი სამხედრო საქმის გარდა სწავლობდნენ თურქულ ენასა და კულტურას, ჰქონდათ მჭიდრო კავშირი თურქ სამხედროებთან, მონაწილეობდნენ გაცვლით პროგრამებში თურქეთში, თუმცა ეს პროგრამა მოკლებული იყო რელიგიურ კონტექტს და ხელს უწყობდა სამხედროებს შორის ურთიერთობის გამყარებას.

ირანი

ირანის ზეგავლენა საქართველოზე ბოლო დრომდე (სანქციების მოხსნამდე) დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით შემოიფარგლებოდა, რასაც ვერ ვიტყვით აზერბაიჯანსა და სომხეთზე, სადაც ირანი აქტიურად მოქმედებდა ერთის მხრივ, აზერბაიჯანში შიიტური კლერიკალიზმის დანერგვის მცდელობებით და მეორეს მხრივ, სომხური დიასპორის სხვადასხვა საერთაშორისო ურთიერთობებში გამოყენებით.

ირანის ოფიციოზი ტერმინ „რბილ ძალას“ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში არ იყენებს, ამიტომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ „რბილი ძალის“ პარამეტრებიდან გამომდინარე რამდენად იყენებს ირანი ამ მეთოდს.ირანის მდებარეობა მას ანიჭებს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცენტრის სტატუსს. ის არის ახლო აღმოსავლეთის, თვითმყოფადი და უნივერსალური შემაერთებელი. ერთის მხრივ აკონტროლებს სპარსეთის ყურეს, ერთადერთი სახმელეთო გზა წინა და შუა აზიას შორის გადის ირანზე, მას აქვს საზღვრები ერაყთან, ავღანეთთან და ასევე კავკასიის ორ ქვეყანასთანაც. ირანის კავკასიური პოლიტიკა შეიძლება შემოვფარგლოთ სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ელემენტების კონტროლის მცდელობით და სხვა მსხვილ მოთამაშეებთან ერთად რეგიონიდან პოტენციური საფრთხეების წინააღმდეგ უსაფრთხოების რეჟიმის შექმნის მცდელობით. ირანის ინტერესები კავკასიის რეგიონში რუსეთისა და თურქეთის ინტერესებთანიკვეთება. ამიტომ მისი დიპლომატია და „რბილი ძალაც“ აწყდება წინააღმდეგობებს ამ ქყვეყნების „რბილ ძალასთან“.

ირანის ჩართულობა რეგიონულ პროცესებში დაკავშირებულია ოთხ ძირითად ოფციასთან - ეს არის სომხეთთან ურთიერთობის გაღრმავება (ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებაში სიფთხილის შენარჩუნებით), აზერბაიჯანში ვითარებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების განვითარება და შესაძლებლობისდაგვარად რეგიონში მისი როლის შემცირება, და აგრეთვე, თურქეთის გავლენის შეზღუდვა. ბოლო ოფციას კრემლი გაგებით ეკიდება, მისი მესვეურები თვლიან, რომ კავკასიაში ერდოღანის და მისი პარტიის ძალისხმევა(ჩუმი „ისლამიზაციიდან“ პანთურქისტულ ამბიციებამდე) რუსეთის ინტერესებისათვისგამოწვევას წარმოადგენს.

ირანის „რბილი ძალის“ მთავარ იარაღს წარმოადგენს შიიზმი. საუკუნეების განმავლობაში სპარსეთი შიიტური დიასპორების მეშვეობით მუსულმანურ სამყაროში საკუთარ ინტერესებსატარებდა, მიუხედავად იმისა, რომ შიიტები მთლიანი მუსულმანური უმის 10%-ს არ აღემატებოდნენ. შიიტური მსოფლმხედველობა, რომელიც ამჟამადაც ირანის სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს, იძლეოდა საშუალებას შექმნილიყო ქსელური სტრუქტურა პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში, სადაც კი შიიტური თემებიცხოვრობდნენ. ქსელური სტრუქტურა და დიასპორული ზეგავლენა, რაც ირანის „რბილი ძალის“ საფუძველს წარმოადგენს, ყოველთვის ეყრდნობოდა ორ ფაქტორს:

შიიტური თემების პასიონარიზმი საშუალებას იძლეოდა ყველა ქვეყანაში ემოქმედათ აქტიურად, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროში. ქვეყნებში, სადაც სუნიტური მმართველობა იყო შიიტები იყენებდნენ „ტაკიას“ პრინციპს, რომელიც გულისხმობდა, რომ შიიტს ფორმალურად შეეძლო მოქცეულიყო, როგორც სუნიტი, ესარგებლა ყველა პრივილეგიებით, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროში, მაგრამ ამავე დროს ის რჩებოდა შიიტად და იმართებოდა თეირანიდან. მათ ბადალი არ ჰყავდათ კონსპირაციის თვალსაზრისითაც, მაგალითად - სუფიური ორდენები (საძმო).

მეორე ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს ირანის საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას არის „ჰავალა“, ანუ არაფორმალური ფინანსური - საგადამხდელო სისტემა. მთელ მუსულმანურ სამყაროში სხვადასხვა მონაცემებით 65% ჰავალი-დასებისა შიიტია. ასევე, სხვადასხვა მონაცემებით ამ სისტემაში თანხების ბრუნვა ორასიდან ხუთას მილიარდ დოლარამდე მერყეობს. აქედან ღვთისმოსავი შიიტების მოგების მეათედი მიდის უმაღლეს სასულიერო პირებთან - ანუ ირანში.

ეს ორი უხილავი ბერკეტი მოუხელთებელი რჩება მთელი რიგი სახელმწიფოებისათვის, მათ შორის ისეთი ძლიერი სუნიტური სახელმწიფოსათვისაც, როგორიც საუდის არაბეთია, რომელიც ათწლეულებია ცდილობს შეზღუდოს და დათრგუნოს შიიტური თემები საკუთარ ქვეყანაში.

საქართველოს სინამდვილეში შიიტური თემები შემოიფარგლება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ აზერბაიჯანული მოსახლეობის ნაწილით, რომელშიც ასევე მძლავრად არის თურქული „რბილი ძალის“ გავლენა. პრაქტიკულად, რა პროცესებიც მიმდინარეობს აზერბაიჯანში, იგივე აისახება ჩვენს აზებაიჯანულ თემშიც.

ამ ეტაპზე, სახელმწიფოს მხრიდან თვალყურის დევნებისა და ანალიზის გარდა,ამ პროცესში აქტიური ჩარევა მიზანშეწონილი არ ჩანს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე საუდის არაბეთის სხვადასხვა ჰუმანიტარული ცენტრების მიერ ვაჰაბიტური იდეების გავრცელება ქართველ მუსულმანებსა და აზერბაიჯანელებს შორისშესაძლოა უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს საქართველოსთვის. და ამიტომ, სალაფიტების წინააღმდეგ, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ისე სამხრეთ კავკასიაში, ირანული შიიზმის მოძლიერება შეიძლება დადებით ფაქტორადაც ჩაითვალოს (რუსეთი ცდილობს შიიზმი გამოიყენოს, როგორც თურქული სუნიტური განმანათლებლური ცენტრებისა და თურანული იდეოლოგიის წინააღმდეგ, ასევე სალაფიტების მიმდინარეობის წინააღმდეგაც).

ირანის კიდევ ერთი „რბილი ძალის“ კომპონენტად შეიძლება მივიჩნიოთ სომხური დიასპორის აქტიური გამოყენება თავისი ინტერესების გასატარებლად. სომხები ირანში ყოველთვის წარმოადგენდნენ პრივილეგირებულ თემს. ისინი არ იყვნენ შეზღუდულნი რელიგიურ ღვისმსახურებაში, მონაწილეობას იღებდნენ ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში და განსაკუთრებით დიდი შესაძლებლობა ჰქონდათ და აქვთ ვაჭრობაში. ასე მაგალითად, 1980 წელს აშშ-ს სომხური დიასპორა მონაწილეობას იღებდა აშშ-ირანის მოლაპარაკებებში. საფრანგეთისა და რუსეთის სომხური დისასპორები, ასევე აქტიურად არიან ჩართული დიპლომატიურ და სხვა სახისურთიერთობების დალაგებაში ირანსა და ამ ქვეყნებს შორის. ასე რომ, შესაძლებელია ირანმა გამოიყენოს ეს საშუალება საქართველოში თავისი ზეგავლენის გაზრდისათვისაც.

თურქეთის და ირანის ინტერესების შეჯახება „რბილი ძალის“ თვალსაზრისით ხდება ისლამის ჭრილში. საქართველოს მუსულმანურ თემებზე მუდმივად ხდება ზეწოლა, როგორც თურქეთის, ასევე - სალაფიტების მხრიდან, და მოსალოდნელია, რომ ირანმა ამ მიმართულებით გააძლიეროს თავისი ზემოქმედება მუსულმანურ თემებზე, უნივერსალური შიიზმის პოპულარიზაციის მიზნით.

ამერიკის და დასავლეთის „რბილ ძალასთან“ მიმართებაში დიდი მნიშვნელობა ექნება წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდგომი თურქეთის პოლიტიკას რეგიონში. რადგანაც ჯერჯერობით თურქეთში მიმდინარე მოვლენები ბევრ შეკითხვებს ბადებს, შეგვიძლია ავიღოთ მოვლენათა განვითარების ორი შედარებით მარტივი ვერსია - პირველი, თურქეთის დაბრუნება ისლამური, მაგრამ ამავე დროს ლიბერალური დემოკრატიის ჩარჩოებში, რაც საფთხეს არ უქმნის დასავლურ „რბილ ძალას“, და მეორე, თურქეთის შემდგომი რელიგიური რადიკალიზაცია, ავტორიტარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, დასავლეთთან კონფრონტაცია, რისი შედეგიც შეიძლება იყოს, ერთი მხრივ სამხედრო შესუსტება, და მეორე მხრივ რეგიონში ბალანსის დარღვევა რუსეთისა და ირანის სასარგებლოდ და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენები, რაც საფრთხეს უქმნის ამერიკული და დასავლური „რბილი ძალის“ მოქმედებას რეგიონში და შესაბამისად სერიოზული გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის.