ჩინელების მოთოკვა ვერ ხერხდება, რკინიგზას პიკეტირება ემუქრება

ჩინელების მოთოკვა ვერ ხერხდება, რკინიგზას პიკეტირება ემუქრება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტ სოფელ ზვარეში გაფიცული 40 მუშა თბილისში რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობის აქციის დაწყებას გეგმავს. დამსაქმებელ კომპანიასა და ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორს შორის გამართულმა უკვე მერამდენე შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო. გაფიცული მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების წესების დაცვას ითხოვენ, თუმცა ჩინური კომპანია გაფიცულ მუშებთან დათმობაზე ჯერჯერობით არ მიდის.

მუშების ინფორმაციით, დღესვე სოფელ ქვიშხეთში ჩინური კომპანიის საწარმოს 60-მდე მუშა გაიფიცა. უკვე მე-13 დღეა ზვარეში ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ქართველი მუშები მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას მართავენ, მაგრამ თავგასული ინვესტორი არ ეპუება არც თანამშრომლებს, არც პროფკავშირებს და არც მთავრობის მედიატორებს, რომლებიც აშკარად მიუთითებენ ქართველი მუშა-მოსამსახურეების უფლებების უხეშ დარღვევებზე.

როგორც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენელი, ილია ლეჟავა აცხადებს, კომპანიამ უკვე შეთანხმებულ საკითხებზე დაიხია უკან და ეს პირველად არ ხდება.

„გამოდის ისე, ზვარეში დასაქმებულებმა რომ გაფიცვა შეწყვიტონ და ახალი ხელშეკრულება გააფორმონ, შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ხელფასი უნდა დააკლდეთ. ჯერ ანაზღაურების მატებაზე საუბარიც არ არის და დამსაქმებლის პოზიციაა, რომ უნდა შეუმცირდეს ხელფასი და თუ ზეგანაკვეთურს იმუშავებს, იმითი დაუკომპენსირდეს ის, რაც აქამდე ჰქონდათ და ეს მთლიანად მიუღებელია ჩვენთვის. შესაბამისად, ასეთ დამსაქმებელთან მოლაპარაკებას ჩვენ ვერ გავაგრძელებთ“, – ამბობს ილია ლეჟავა.

მისი თქმით, დამსაქმებელთან მოლაპარაკებების გაგრძელებას შედეგი არ მოაქვს და პროფკავშირი მუშებთან ერთად რადიკალურ ზომებზე გადავა.

მუშების აქცია სოფელ ზვარეში, გვირაბის მშენებლობის ადგილზე, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ერთ-ერთი აქტივისტი მინდია ოკრიბელაშვილი ამბობს, რომ ისინი მოითხოვენ მხოლოდ იმას, რაც საქართველოს შრომის კოდექსით არის გათვალისწინებული:

„ჩვენი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში შედის უსაფრთხოება, რაც დაუცველია, ზეგანაკვეთური საათები, შვებულება, ბიულეტინი, სპეც ტანსაცმელი. როდესაც ადამიანი ცუდად ხდება და 2 დღე სამსახურში ვერ გამოცხადდება, იმას ათავისუფლებენ. რატომ? ხომ წერია კანონში, რომ ბიულეტინი ეკუთვნის ადამიანს. ბიულეტინს ესენი არ აღიარებენ, ამბობენ თქვენი კანონი ფეხებზე გვკიდიაო“, - აცხადებს ოკრიბელაშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს მივლინებული მედიატორი ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც მხარეებს მოლაპარაკებების წარმართვაში ეხმარება, ადასტურებს, რომ პროცესი დასასრულებლად მზად იყო, მაგრამ მოულოდნელად „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ ხელმძღვანელობამ აზრი შეიცვალა.

ჟორჟოლიანის თქმით, კომპანია დასაქმებულებს თვეში 28 დღეს ამუშავებდა. მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები 26-დღიან სამუშო დღეზე შეთანხმდნენ, რის შემდეგაც მუშები კვირაში 6 დღე იმუშავებდნენ და თვეში 4 დღე დაისვენებდნენ:

„პირველივე დღეებში ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა პრობლემური საკითხი, მივიღე გარანტია კონკრეტული ხელმძღვანელი პირებისგან, რომ ხელფასი არ შეიცვლებოდა და დღემდე მეც და პროფკავშირის წარმომადგენლებსაც გვქონდა ინფორმაცია, რომ იქ ხელფასი არ შეიცვლებოდა. ყველას ავუხსენი, რომ 30 დღიდან 28 დღე მუშაობაში აძლევთ კონკრეტულ ხელფასს, სიტყვაზე, 700 ლარს. ეს არის უკანონობა და ადამიანებს აქვთ უფლება, რომ დაისვენონ. დამსაქმებელს აქვს ასეთი წარმოდგენა, რომ იმ 28 დღეში, რასაც უხდიდნენ, ის უნდა შემცირდეს ორი დღის ხელფასით“, – ამბობს მედიატორი.

ხარაგაულის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის გაფიცულმა მუშებმა გვირაბის შესასვლელის პიკეტირება უკვე მოახდინეს. გაფიცულების ინფომაციით, გვირაბი გადაკეტეს და მძიმე ტექნიკას არ მისცეს იქ შესვლის საშუალებას. ახლა კი ისინი რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალის პიკეტირებით იმუქრებიან. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ტვირთი დაეკისრება ჩინურ კომპანიას, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს არც თავისი თანამშრომლები, არც საქართველოს მთავრობის პოზიცია და არც ქართული კანონმდებლობა.