საქართველოს საკუთარი ნავთობქარხანა და ევრო-5-ის ტიპის საწვავი ექნება

საქართველოს საკუთარი ნავთობქარხანა და ევრო-5-ის ტიპის საწვავი ექნება

საქართველოს ნავთობგადამამუშავებელი საკუთარი ქარხანა ექნება, სადაც 2 მილიონამდე ტონა ნავთობს გადაამუშავებენ და ევრო-5-ის ტიპის საწვავსაც მიიღებენ. სუფსაში დაგეგმილ პროექტს ირანული მხარე განახორციელებს. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა კომპანია GEOPARS-მა უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც იგი არანაკლებ 20 მლნ დოლარის ინვესტიციას დააბანდებს.

ხელმოწერის ცერემონიას და პროექტის პრეზენტაციას „ქარვასლაში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროექტს, ისევე როგორც ყველა მსგავს წამოწყებას, საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ექნება.

პრემიერმა, ირანში გასულ წელს, ვიცე-პრემიერის რანგში ოფიციალური ვიზიტი გაიხსენა, სადაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა. მთავრობის მეთაურის თქმით, სხდომის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება იყო და შედეგიც სახეზეა, რაზეც ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობის უმსხვილესი პროექტი მიუთითებს.

„ამ მასშტაბის პროექტს, რა თქმა უნდა, თან ახლავს დასაქმების ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი და მოხარული ვარ, რომ 800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს არის 800 შეძლებული და წელში გამართული ოჯახი საქართველოში. რა თქმა უნდა, პროექტი წარმატებით განხორციელდება და მისი შედეგები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ახალი წამოწყება ქვეყანას ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით დიდ შესაძლებლობას მისცემს და სტაბილურ გარემოს შექმნის.

„ეს არის საქართველოში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი მაგალითი. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემოს და სწორი ეკონომიკური კურსის დადასტურებაა. ეს არის საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

კომპანიას ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით სოფელ სუფსაში მდებარე 2 მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც GEOPARS-მა ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა უნდა დაიწყოს. მანამდე კი კომპანიამ უნდა მოახდინოს პროექტის სრული ტექნიკური და ეკონომიკური კვლევა, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური გავლენის შეფასება.

კვლევის შედეგები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებს და იქ უნდა გამოირიცხოს საწარმოს მშენებლობის დროს გარემოზე შესაძლო ყოველგვარი მავნე ზემოქმედება.

აღსანიშნავია, რომ GEOPARS-ი განახორციელებს მეგასაინვესტიციო პროექტს შავი ზღვის საქართველოს სანაპირო არეალში. იგი ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ბიტუმის საწარმო, ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, პეტროქიმიის საწარმო და ლოგისტიკური ცენტრი.

საწარმოები იმუშავებენ ირანულ ნედლეულზე, რომელსაც მიიღებენ კონკურენტულ ფასში. პროექტის პარტნიორი იქნება ირანის ნაციონალური სატანკერო კომპანია. სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 1.5 მლრდ აშშ დოლარია.

პროექტის განმახორციელებელი ერთ-ერთი მმართველი კომპანიის წარმომადგენლის ირაკლი გიორგობიანის თქმით, ქარხნის ამოქმედება დაეხმარება საქართველოს გახდეს ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა და აღინიშნოს მსოფლიოს ნავთობგადამამუშავებელი სახელმწიფოთა რუკაზე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში კი განმარატვენ, რომ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივ წარმოებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის წინაპირობა გახდება. პროექტის განხორციელების შემდეგ საქართველოში საწვავის ფასი შემცირდება, რადგან კომპანიებისთვის ტარიფიდან ტრანსპორტირების კომპონენტი ამოვარდება და აღარც მარაგის გაკეთება გახდება საჭირო.

„პირველ რიგში, იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლების საშუალება მოგვეცემა. დღეს ქვეყანაში დაახლოებით 50 ათასი ტონა ნავთობის მოპოვებაა შესაძლებელი, ასეთი მასშტაბის ქარხნის მუშაობისთვის კი საჭიროა წელიწადში 1,5-2 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება, შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო იქნება ნედლეულის იმპორტი. შესაძლოა, ეს იყოს ირანიდან შემოტანილი ნავთობიც“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ თუ დარჩება გარკვეული რაოდენობის პროუდქტი, შესაძლებელი იქნება მისი ექსპორტზე გატანაც.