დიდი ჩავარდნის შემდეგ თხილის ბაზარი გამოცოცხლდა

დიდი ჩავარდნის შემდეგ თხილის ბაზარი გამოცოცხლდა

რამდენიმეთვიანი მკვეთრი ვარდნის შემდეგ, როგორც იქნა, საქართველოში თხილმა გაძვირება დაიწყო. მიზეზები სხვადასხვაგვარია, დაწყებული თურქეთში შედარებით მცირემოსავლიანობით, ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციით დასრულებული. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ზუგდიდში თხილის ფასმა საგრძნობლად მოიმატა.

სამეგრელოში ამ დროისთვის 1 კგ თხილის ფასი 4 ლარიდან იწყება და ხანდახან 5 ლარსაც აჭარბებს. თხილის მწარმოებლების თქმით, გლეხებმა თავად დაახარისხეს თხილი რეალიზაციის გაადვილების მიზნით.

„ასე გაცილებით გაიოლდა ყველაფერი - მივდივართ გლეხებთან ან ისინი მოდიან ჩვენთან და წინასწარ დაფასოებულ თხილის ფასს ველოდებით. კარგი ხარისხის თხილის ფასი 5 ლარზე მეტია. შემდეგ მოდის საშუალო, რომელიც 4-დან 5 ლარამდე ღირს და ბოლოს, დაბალი ხარისხი, ანუ თხილი, რომელშიც მხოლოდ ნაჭუჭის თანხას ვიხდით 1-დან 2-ლარამდე“, - ამბობს თხილის მწარმოებელი სერგო ქარდავა.

ასე დაფასოებული თხილი ქარხნებში ჩასაბარებლადაც ადვილია და თხილის პლანტაციების მეპატრონეების მდგომარეობაც გაუმჯობესდა - მათ დარჩეული თხილის ხანგრძლივად დასაწყობებაც არ უწევთ.

გურიაში თხილის მიმღებ პუნქტებში, ფასი ძალიან ხშირად იცვლება და ეს გლეხებს პორბლემას უქმნის. ფერმერებმა ფასის ხშირი ცვალებადობის მიზეზები არ იციან.

„სტაბილურობა თხილის ფასს სულ აკლდა, მაგრამ ასეთი ხშირი ცვლა არასდროს ყოფილა. წლევანდელი ნაყოფი განსაკუთრებით უვარგისია. 1 კილოგრამი „გულშიშველას“ ფასი 2 ლარამდეც კი დაეცა. რამდენიმე დღე საერთოდ არ ვიბარებდით. ახლა ფასის მატება უფრო განაპირობა „ველურა“ ჯიშებად ცნობილი თხილის შემოსვლამ. ასეთ თხილს დაავადება ადვილად ვერ ერევა და ნაყოფიც საღია“, - ამბობენ ჩამბარებელ პუნქტებში.

საერთოდ ბოლო პერიოდში თხილზე ფასის ვარდნა დაბალმა ხარისხმა განაპირობა. მაღალ ზონებში თხილის მოსავალი ნორმალურია, გურიაშიც უკეთესი ხარისხის თხილი მოვიდა, კახეთშიც ეს პრობლემა არ ყოფილა, სამეგრელოში კი, რომელიც ამ კულტურის ძირითადი მწარმოებელია, ხარისხი ძალიან დაეცა. ამიტომ, ყველა ამ რეგიონში მოწეული თხილის ფასი სხვადასხვაა.

სოფლის მეურნეობის საკითხებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტის აკაკი ღლონტის განცხადებით, თხილს ისეთივე მოვლა და ყურადღება უნდა, როგორც ვაზს ან სხვა მცენარეულ კულტურებს.

„საერთოდ ნაცარი და სხვა დაავადებები თუ მავნებლები მაშინ მატულობს, როდესაც ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა ორივე მაღალია. ეს ეტაპი მაისის მეორე ნახევრიდან იწყება. დაავადებებიც სწორედ ამ დროს მრავლდება და ამ პერიოდში მცენარეებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ნაცარი ჩვეულებრივი პრეპარატებით იკურნება, რომელიც ყველა სპეციალურ მაღაზიაში იყიდება და მისი მკურნალობა არ არის პრობლემა. რაც შეეხება მავნებლებს, მათი დამარცხება შედარებით რთულია. ასეთი მავნებელია ამბროზიის ხოჭო, რომლის წამალი მსოფლიოში ჯერ არ არის გამოგონებული. ხოჭო ღეროში შედის და ძნელი სამკურნალოა. ის იტალიიდან არის შემოსული და ძალიან საშიში მავნებელია. საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ მასობრივად არ გვხვდება, მაგრამ ამ საკითხს დროზე უნდა მივაქციოთ ყურადღება“, - აღნიშნავს აკაკი ღლონტი.

რაც შეეხება აფხაზეთს, იქ მოსავალი ასე თუ ისე ნორმალურია და გალელებს თვალი უფრო მეტად ზუგდიდის ბაზრისკენ უჭირავთ. ასე იყო შარშან და ასე იქნება ახლაც. 2015 წელს სეზონის განმავლობაში გალის რაიონის საბაჟო პუნქტების გავლით გაიტანეს 875 ტონა თხილი, ხოლო ფსოუს პუნქტის გავლით სულ 82 ტონა.

„რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გავლით თხილის ექსპორტი იმის გამო დაეცა, რომ აფხაზეთიდან გატანილ საქონელს რუსული მხარე დღგ-ით ბეგრავს და გადასახადები გაცილებით მაღალია. ამჟამად დასაბეგრი ბაზა 175 რუბლიდან ითვლება. გალის რაიონის შიდა ბაზარზე 1 კგ თხილი 120 რუბლს შეადგენს, ზუგდიდის რაიონის შესასყიდ ბაზებზე მას 150-160 რუბლად იბარებენ, ამდენად, მოსახლეობისთვის თხილის საქართველოში გატანა უფრო ხელსაყრელია“, - ამბობს ადგილობრივი უშანგი კვიციანი