დღეს, მთელ მსოფლიოში, დროის, ამ უზომო ცაიტნოტში იშვიათად თუ იპოვით ქალს, რომელიც ერთდროულად არის, იდეალური დიასახლისი და წარმატებული მენეჯერი. და, თუკი ასეთი რამ არსებობს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ერთ-ერთი გამორჩეულია.
მისი სამუშაო დილა იწყება 8 საათზე და ღმერთმა უწყის, როდის მთავრდება. მიუხედავად, ამისა, თავისუფლად შეუძლია, საკუთარი თავის მრავალმხრივ რეალიზება და დროის დეფიციტთან გამკლავება. თუ როგორ ახერხებს ამას , ის მცირე საიდუმლოს ჟურნალ „სარკეს“ უმხელს.
-მე მაქვს, უდიდესი სურვილი, ჩემი მზრუნველობა გავუნაწილო, ჩემთვის საყვარელ ადამიანებს. ალბათ, ეს სურვილი მაძლევს ძალას, მიუხედავად ჩემი დაძაბული დღის რეჟიმისა, სადილი მოვუმზადო შვილებს, პერანგი დავუუთავო მეუღლეს, თუ ვინმე სადმე მიემგზავრება ბარგი ჩავულაგო, საყიდლებზე წავიდე...ჩემთვის ამაში უცნაური არაფერია. ოჯახის დიასახლისის როლი მოვირგე ძალიან პატარა ასაკიდან. 17 წლის გავთხოვდი. მეშვიდე კლასიდან კი, უკვე კარგი კულინარი ვიყავი. მხოლოდ დამამთავრებელ კურსზე გაიგეს ჩემმა ლექტორებმა, რომ შვილები მყავდა. არასოდეს ვაპელირებდი ჩემი „პრობლემებით“.
-გეთანხმებით, შესაძლოა ეს ქალის ყოველდღიური რუტინაა, მაგრამ ჩვენს რეალობაში ცოტა მამაკაცი თუ მოითმენს, მეუღლე გვიან ღამით ბრუნდებოდეს სახლში..
-მესმის, მაგრამ ჩემი მეუღლე ყოველთვის მიდგას მხარში, როგორც ჩემს საქმეში, ასევე შვილების აღზრდაში.ოჯახური ჰარმონია, იმიტომ არ ირღვევა ჩვენთან, რომ მეთვითონ ოჯახურ ურთიერთობებს ყველაზე მაღლა ვაყენებ. ოჯახმა უნდა იგრძნოს, რომ ხარ დედა, მეუღლე და არამარტო, საქმიანი ქალი.
-რა არის იმის საიდუმლო, რომ იყოთ წარმატებული მენეჯერი და იდეალური დიასახლისი? და, არ გრძნობდეთ დროის დეფიციტს?
-ერთ-ერთი მთავარი თვისება, რაც მე მაქვს არის მიზანსწრაფულობა. შეიძლება სურვილები გქონდეს, მაგრამ ყოველთვის უნდა გაითვალსიწინო, რომ მიზნები თანხვედრაში იყოს შესაძლებლობებთან. ასევე, მიზნამდე მისასვლელი გზა ყოველთვის უნდა იყოს ჰუმანური. ჩემთვის ნებისმიერი საქმე, თუ ადამიანურ ურთიერთობებს არ ეფუძნება, მკვდარია. ბავშვობიდან მიყვარდა პრიორიტეტების მიხედვით საქმეების დალაგება და ეს თვისება ალბათ დღესაც მეხმარება.არასოდეს უნდა მოცდე არასწორ საქმეზე, მით უფრო ნეგატივზე. ჩემი დევიზია: „გაეცი პოზიტივი და მიიღებ პოზიტივს“. ალბათ, ეს არის ის ძირითადი თვისებები, რამაც აქამდე მომიყვანა. რამაც რთული ეტაპები გადამალახინა ცხოვრებაში.
- ქალბატონო თამარ, ხელოვანების ოჯახიდან ხართ. საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფიები აქვთ თქვენს მშობლებს, ბებია-ბაბუას, რომლებიც მუსიკას უკავშირდება.რა მოგცათ იმ გარემოებამ, რომელშიც თქვენ გაიზარდეთ?
-მომცა უდიდესი გამოცდილება, რაც ცხოვრების სირთულეების გადალახვაში მეხმარება. ბებიაჩემი მღეროდა ფალიაშვილის გუნდში. მეორე ბებია მანდოლინაზე უკრავდა. მამაჩემი, სოსო ჟვანია, თითქმის 18 წელი მღეროდა ანსამბლ: „ორერაში“. დედა, ასევე საკმაოდ ცნობილი მომღერალი იყო, საერთაშორისო პრემიების ლაურეტი. ჩვენს ოჯახში მცირე ვახშამიც კი, უდიდესი დღესასწაული იყო. ძალიან გვიყვარდა ნათესავებს ერთად შეკრება, რადგან ეს იყო თბილი, მუსიკალური და პოზიტიური საღამოები. გარდა ამისა, მაქვს ის უდიდესი ბედნიერებით სავსე დღეები,რაც სოფელს უკავშირდება. თონეში პურიც გამომიცხია, მდინარეში თევზიც დამიჭერია. ერთხელ რეკორდიც მოვხსენი, სამეგრელოში პატარა მდინარეში, ანკესით 18 თევზი დავიჭირე.. ასე მგონია, ვისაც არ ჰქონია სოფელთან შეხება, ცხოვრება მეტად გაუჭირდება. ლაშქრობებზეც ბევრი მივლია. ფეხით მაქვს შემოვლილი საქართველოს მთა-ბარი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს ჩემი სამშობლოს შეგრძნება. ვიცი ადამიანების შრომის ფასი, გაჭირვების ფასიც... ამ ყველაფერმა მომცა იმხელა გამოცდილება, რომ ჩამომაყალიბა ისეთად, როგორიც დღეს ვარ.
-როგორ ფიქრობთ, დღეს, რომ არ ყოფილიყავით ცესკოს თავმჯდომარე, იქნებოდით თუ არა კარგი მომღერალი ან მუსიკოსი?
- მუსიკა იმდენად მიყვარს, რომ ყოველთვის ვფიქრობდი, მუსიკას გავყვებოდი. უბრალოდ ოჯახის უფროსებმა მირჩიეს, რომ არ იქნებოდა სწორი, იმ მოცემულობაში, მეც, ანალოგიური, პრობლემური გზა გამევლო. ავირჩიე სოციოლოგია, რასაც ადამიანის საზოგადებასთან ურთიერთობა ჰქვია. ძალიან მიყვარს ეს პროფესია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხელოვნებისგან შორს ვარ. არ გადის დღე, გულში მაინც, რომ არ წავიღიღინო. ინსტრუმენტთან მისვლა, დაკვრა, უბრალოდ გულში ღიღინიც კი, ჩემთვის დიდი სტიმული და განტვირთვაა.
-ამ ყველაფერთან ერთად, როგორც ვიცი, სპორტზე კამათსაც ასწრებთ და კამათის ობიექტი თქვენი მეუღლეა, რადგან ფეხბურთს არ გაყურებინებთ?
-(იცინის) სრულიად არაორდინალური მდგომარობა გვაქვს ოჯახში, მაგრამ რას ვიზამთ, ასეა. ჩემს მეუღლეს ფილმები უყვარს და როცა, საინტერესო მატჩია, ვკამათობ, რომ გადამირთოს ფეხბურთზე. ერთხელ ბარსელონაში ვარ საერთაშორისო კონფერენციაზე. ჩემს ბიჭს უნდოდა მადრიდის რეალის მაისური. შევდივარ ბარსელონას სპორტულ მაღაზიაში და ვეუბნები: მადრიდის რეალის მაისურს ვეძებ? რომ დავინახე როგორ გაუმძაფრდა სახე გამყიდველს, მივხვდი რაშიც იყო საქმე და შეშინებული უკან გამოვიქეცი(იცინის). მუსიკა, კულინარია და სპორტი, სამივე ეს, ჩემი სისუსტეა.
-მეუღლესთან კამათის საფუძველი გასაგებია. შვილებთან თუ გქონიათ კონფლიქტი?
-ყველაზე მეტად არ მიყვარს, როცა ადამიანი თავის შესაძლებლობებს არ იყენებს და ამაზე ბევრს ვესაუბრები შვილებს. სხვა მხრივ უშეცდომო არავინაა. ვფიქრობ, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს სწორი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი და მერე, ყველაფერი დალაგდება. ასევეა ოჯახშიც. ოჯახებში, თაობათა შორის, ღირებულებების განსხვავებულობის გამო, ყოველთვის ხდება გარკვეული სახის კონფლიქტი. თუმცა მე, თამამად ვიტყვი, რომ ამგვარი რამ სერიოზული ფორმით ჩვენთან არ ყოფილა და ძირითადად დისკუსიით და საუბრით ვჯერდებით. ერთი მახსოვს, მხოლოდ, როცა ჩემი ბიჭი გარდატეხის ასაკში იყო, თუ რამეს გააკეთებდა არასწორად, ჩემი მეუღლე ჩემით „აშინებდა“, კარგად მოიქეცი, თორემ დედა გაიგებს (იცინის).
- ესე იგი, მკაცრი დედა ხართ.
-არა, არა. ვფიქრობ, რომ ბავშვებს კი არ უნდა ეშინოდეთ მშობლების, რიდი უნდა ჰქონდეთ, პატივს სცემდნენ. ერთადერთხელ იყო, ჩემი უფროსი ქალიშვილი, რომ გამინაწყენდა. ის ჩემზე გაცილებით ადრე მუშაობდა ცესკოში. როცა, მე ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ამირჩიეს, ჩემს შვილს კონტრაქტი აღარ გავუგრძელე და სამსახურიდან გავუშვი. მოგვიანებით მივხვდი, რომ ამ შემთხვევამ მასზე იმოქმედა და ჩათვალა, რომ უსამართლოდ მოვექეცი. რთულად, თუმცა საბოლოოდ, მაინც გამიგო.
- მიუხედავად ასეთი ფაქტისა, უარყოფითი ტალღა გაცილებით სწრაფად გორდება ცესკოს მისამართით, განსაკუთრებით არჩევნების წინ. რა მექანიზმებით ახერხებთ მასთან გამკლავებას?
- მე მაქვს უსაზღვრო მოთმინების უნარი და არ ვიცი გაბუტვა, წყენის დამახსოვრება. ყველაზე კარგი რჩევა, რაც ჭკვიანი ადამიანებისგან მიმიღია, ეს არის, რომ გაბრაზებულ გულზე არასოდეს მივიღო მყისიერი გადაწყვეტილება. ჯერ გავაანლიზო, დრო მოვიგო და მერე, გადავწყვიტო. რაც აქამდე უარყოფითი ტალღები ყოფილა, ყველა იყო პიროვნული და არა, რაიმე არგუმენტირებული ფაქტი, არჩევნებთან დაკავშირებით. თან, თუ ვიცი, რომ ეს არ არის სიმართლე, ვაგრძელებ ჩემი საქმის უკეთესად გაკეთებას. მე უკვე ვთქვი, ნეგატივსა და არასწორ საქმეზე არ უნდა მოცდე და დროს დაზოგავ.
აქვე, ჩემს თანამშრომლებზეც გეტყვით. მიყვარს მათთან ურთიერთობა. ამასწინათ, ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, ამ დაძაბულ ცხოვრებაში, როგორ ახერხებთ ყოველდღე გაიღიმოთო. ჩვენ, წინასაარჩევნოდ რთული დღის რეჟიმი გვაქვს, სამუშაო დღეები, დასვენების გარეშე და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ყოველ დღის ბოლოს კი, მაქვს განცდა, რომ იმ დღის მაქსიმუმი გავაკეთეთ.
-რამდენად მზად არის ცესკო წელს, მთავარი ტესტის ჩასაბარებლად?
- 2016 წლის არჩევნებისთვის, ცესკო უკვე დიდი ხანია ემზადება. ეს ინსტიტუცია ამდენი გამოცდილების საფუძველზე ჩამოყალიბდა ისეთ ინსტიტუციად, რომ ნებისმიერ მომენტში აქვს მზაობა, თუნდაც დაუგეგმავი, ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს. ჩვენ კარგა ხანია აღარ ვართ მხოლოდ ხმების დამთვლელი მანქანა. ჩვენ ჩამოვყალიბდით, ამომრჩევლებისთვის მომსახურე და სერვისების მიმწოდებელ, ინსტიტუტად. ბოლო წლების განმავლობაში, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით.
ჩვენ, უკვე გასული არჩევნებიდან ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია მოვახდინოთ პროცესის ორგანიზება, სრულად უზრუნველვყოთ ამომრჩევლისა და ჩართული მხარეების მომსახურება და მათი ნების ასახვა. ერთ-ერთი მთავარი ნიშა, დღევანდელი ჩვენი ინსტიტუციისა არის, სამოქალაქო განათლება. განათლება არის ის საფუძველი, რომელზეც ამ ქვეყანაში აშენდება ყველა წარმატება. ამ არჩევნებზე ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც ამას საზოგადოება ელოდება და იმსახურებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ და მთელმა საზოგადოებამ, ვისწავლეთ კარგი არჩევნების ჩატარება.