სტომატოლოგიური კლინიკების შემდეგ, სილამაზის სალონების ჯერი დადგა. 1-ელი ოქტომბრიდან ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. ცვლილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შედის, რათა მოხერხდეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ინფექციების პრევენცია და სანიტარული ნორმების დაცვა.
ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიას ინფორმაციით, ცვლილების შესაბამისად, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრები 1-ელ ოქტომბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. ამისათვის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართონ.
„იმ შემთხვევაში, თუ ესთეტიკური ცენტრები და სილამაზის სალონები რეგისტრაციის გავლაზე უარს იტყვიან, მოხდება მათი დაჯარიმება. ჯარიმები იწყება 50 ლარიდან და არის 1000 ლარამდე. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენჯერ მოხდება დარღვევა“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების მფლობელების ინფორმირება რამდენჯერმე მოხდა.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია უფასოა, შესაბამისად, ამ მხრივ ბიუროკრატიული ბარიერი არ არსებობს.
ეკონომიკურ რეესტრში უკვე დარეგისტრდა სილამაზის სალონი „ლონდონი“. დაწესებულების მენეჯერის, ლიკა კერესელიძის თქმით, რეგისტრაცია უფასოა და პროცედურას 10 წუთი სჭირდება.
ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ფლობენ სილამაზის სალონ G&L-შიც, თუმცა რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლიათ. სალონის მენეჯერის, სოფო კახნიაშვილის თქმით, იუსტიციის სახლში მისვლას უახლოეს დღეებში გეგმავენ.
სხვათა შორის, მსგავსი ცვლილებები უკვე შეეხო სტომატოლოგიურ დაწესებულებებსაც.
ვალერი კვარაცხელიას თქმით, მას შემდეგ, რაც დაინერგა ლიცენზირების სისტემა და სტომატოლოგიურ კლინიკებს ვალდებულება დაეკისრათ, საკუთარი საქმიანობის შესახებ სამინისტროს აცნობონ, ჯანდაცვის უწყება სრულად ფლობს ინფორმაციას, თუ რამდენი მსგავსი ტიპის დაწესებულება ფუნქციობს და მათი მონიტორინგიც გამარტივდა.
სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთი გოგილაშვილის განცხადებით, ზოგადად ძალიან კარგი ნაბიჯია, რომ სტომატოლოგიურ კაბინეტებს გარკვეული კრიტერიუმები დაუწესდათ, რადგანაც 2005 წლიდან ეს სფერო აბსოლუტურად დერეგულირებული იყო.
„2005 წლიდან სახელმწიფო რეგულაციები სტომატოლოგიური კლინიკებისთვის საერთოდ გაუქმებული იყო, ეს ნიშნავდა, რომ არც კლინიკის გახსნა და არც დახურვა შეტყობინებას არ ექვემდებარებოდა. არანაირი ინფორმაცია არ იყო, თუ რამდენი სტომატოლოგი მუშაობდა, როგორი უნდა ყოფილიყო სტომატოლოგიის კაბინეტი და ა.შ.“, - აცხადებს გოგილაშვილი.
სილამაზის სალონების წარმომადგენელთა ერთი ნაწილი კი ამბობს, რომ ყველა პროცედურის დაცვა, მათ შორის, სადეზინფეციო საშუალებების შესყიდვა და გამოყენება, ძალიან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, რის გამოც, შესაძლოა, ბევრმა სალონმა ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძლოს და დაიხუროს, ან იქამდე გააგრძელოს საქმიანობა, სანამ შესაბამისი უწყების წარმომადგენლები არ შეამოწმებენ.