„სააკაშვილი კამიკაძე არ არის, საქართველოში ჩამოვიდეს“

„სააკაშვილი კამიკაძე არ არის, საქართველოში ჩამოვიდეს“

გაბედავს თუ არა ექსპრეზიდენტი საზღვრის გადმოკვეთას და რატომ ვერ მოაწყობენ ნაციონალები რევოლუციას

,,სააკაშვილის ჩამოსვლამდე დარჩა 10 დღე'', - მსგავს ფრაზებს, ნაციონალები თუ მათი მომხრეები ინტერნეტსივრცეში აქტიურად წერენ. თავად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ავითარებს აზრს იმის შესახებ, რომ 9 ოქტომბერს სამშობლოში დაბრუნდება. ,,ვერსია'' შეეცადა გაერკვია, რა შემთხვევაში შეიძლება გაბედოს ოდესის გუბერნატორმა საზღვრის გადმოკვეთა და მისი ჩამოსვლის შემთხვევაში, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები.
26 სექტემბერს, ,,თავისუფალი ზონის'' გლდანის რაიონული განყოფილების წევრებმა ორგანიზაცია დატოვეს, მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ გამოყენებასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავს. არასამთავრობო ორგანიზაციის უკვე ყოფილი წევრები სააკაშვილთან შეხვედრაზე ალაპარაკდნენ და ოდესის გუბერნატორი ამხილეს. მათი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტს ,,თავისუფალი ზონა'' არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ვითარების დასაძაბად სჭირდება. ამ განცხადების შემდეგ, ,,ენჯეოს'' აქტივისტები დაკითხვაზე დაიბარეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი, განაცხადეს, რომ ახალგაზრდებმა, ფაქტობრივად, ფარდა ახადეს ნაციონალების გეგმას, რომელზედაც ბოლო დროს, ბევრი საუბრობდა. 
ნაციონალების გეგმა ,,ბე''-ზე საუბარი პოლიტიკურ კულუარებს, ფაქტობრივად, მას შემდეგ გასცდა, რაც სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების ფარული ჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც საუბარი ხელისუფლების რევოლუციური სცენარით ცვლილებაზეა. ბოლო ასეთი სკანდალური ჩანაწერი, 2 დღის წინაც გავრცელდა. ჩანაწერში, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და რამდენიმე ნაციონალს - აკაკი მინაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, ნუგზარ წიკლაურს, აკაკი ბობოხიძესა და გიგი წერეთელს შორის საუბარია. ოდესის გუბერნატორი ,,რევოლუციურ სცენარზე'' აპელირებს და აცხადებს, რომ თუკი არჩევნებში ,,ოცნება'' გაიმარჯვებს, ამას არ უნდა შეეგუონ და კოალიცია კალაძესთან, ალასანიასა და სხვებთან არ უნდა შექმნან. 
ჩანაწერის ავთენტურობაზე საუბარი, ჩვენი მხრიდან, არასერიოზულია, მით უმეტეს, რომ ჯერჯერობით ისიც უცნობია, როდის, რა ვითარებაში ან ვის მიერ მომზადდა იგი. ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა. მიხეილ სააკაშვილი და თავად ნაციონალები ჩანაწერს ,,უნიჭო მონტაჟს'' უწოდებენ და მსგავს დიალოგს არ ადასტურებენ. სამაგიეროდ, უკვე კარგა ხანია არაერთი პოლიტიკოსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნაციონალები არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციას გეგმავენ. მეტიც, შეიძლება ითქვას, ნაციონალების გეგმა ,,ბე''-ზე საუბარი მთელ წინასაარჩევნო კამპანიას ლაიტმოტივად გასდევს. ნაციონალები ამტკიცებენ, რომ არეულობის მოწყობა სულაც არ დასჭირდებათ, რადგან ჰგონიათ, რომ ფენიქსივით ფერფლისგან აღდგებიან და 8 ოქტომბერს არჩევნებში გაიმარჯვებენ. ,,ოცნების'' წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ნაციონალებს გამარჯვების, შესაბამისად, ხელისუფლებაში მობრუნების შანსი არ აქვთ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, წყალწაღებულივით ხავსს მოეჭიდონ - ქვეყანაში ვითარება არიონ და რევოლუცია მოახდინონ. 
არაერთმა პოლიტიკოსმა, იმის დასტურად, რომ რევოლუციური სცენარი ნაციონალების თავში მართლაც იხარშება, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება დაასახელა - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის Facebook-გვერდზე დაიდო ფოტო მინაწერით, სადაც სააკაშვილი სრულიად საქართველოს მოსახლეობას ჰპირდება, მალე დავბრუნდებიო. მას შემდეგ, მისმა მომხრეებმა, დღეების ათვლა დაიწყეს და აქტიურად ქმნიან მოლოდინს, რომ სააკაშვილი სამშობლოში 9 ოქტომბერს დაბრუნდება. 
პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა, სწორედ ,,რევოლუციური სცენარის'' ნაწილი შეიძლება იყოს - თუ არჩევნებში ,,ოცნება'' გაიმარჯვებს, ნაციონალების დე ფაქტო ლიდერი საზღვარს გადმოკვეთს, რის შემდეგაც, ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია მისი დაპატიმრება იქნება. გისოსებსმიღმა სააკაშვილის აღმოჩენა კი, მისი მომხრეებისთვის მართლაც შეიძლება აღმოჩნდეს ბიძგი, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნითა და სურვილით დაირაზმონ. ახლა საინტერესო მხოლოდ ისაა, გაბედავს თუ არა ოდესის გუბერნატორი საზღვრის გადმოკვეთას? იქნებ მას პირიქით, წამებულის მანტიის მორგება და თავისი თუ ნაციონალების რეიტინგის ასამაღლებლად, ხელისუფლებაში რევოლუციური გზით დასაბრუნებლად, რამდენიმე დღით ხელბორკილების დადება აწყობს კიდეც? ან იქნებ მართალია მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ნაციონალებს იმედი აქვთ, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას 200 ათასი თუ არა, 10-50 ათასი ადამიანი მაინც დაელოდება და ფიქრობენ, რომ მათი შემხედვარე, ხელისუფლება სააკაშვილს არ დააპატიმრებს? 
ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩამოსვლისთანავე, კანონის ფარგლებში, სააკაშვილს დაპატიმრება ემუქრება. ამ ფონზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც უტოპიად მიაჩნია საქართველოში ექსპრეზიდენტის დაბრუნება. მეტიც, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილმა ისიც კი განაცხადა, ,,სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი, ლიფტში შესვლის ეშინია, დახურულ სივრცეს ვერ იტანს და დაპატიმრების შიშით აქ როგორ ჩამოვა. ამას უბრალოდ თავის გუნდს პირდება''. 
სააკაშვილის ეს დაპირება წინასაარჩევნოდ თანაგუნდელებისა და მომხრეების უბრალო გამხნევებაა თუ რეალური გეგმის ნაწილი, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი საინტერესოა, რამდენად აქვთ საქართველოში იმის მოლოდინი, რომ ოდესის გუბერნატორი საზღვარს გადმოკვეთს და თუ ჩამოსვლა მართლაც გაბედა, ქვეყანაში რა სცენარი შეიძლება განვითარდეს? 
ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ,,ვერსია'' პოლიტოლოგებს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, მათგან არც ერთს არ სჯერა, რომ სააკაშვილი რისკზე წავა და საქართველოში დაბრუნდება. 
სოსო ცისკარიშვილის აზრით, ზოგადად, მეოცნებე ერი ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ოცნებები არასოდეს აგვხდენია. საქართველოში დაბრუნებაც, სააკაშვილისთვის ოცნებაა: ,,თუ ეს რეალური ოცნებაა, უნდა გაჟღერებულიყო მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვრებს გადმოკვეთდა. წინასწარი მოტივაცია ყველა სახელისუფლებო სუბიექტისა - არ დაუშვან ეს ვიზიტი მათი აქტიური ჩარევის გარეშე - მიმანიშნებელია, რომ ჯერჯერობით სააკაშვილის ფიგურა ერთადერთ საყრდენად რჩება ,,ქართული ოცნების'' პარტიისთვის, რათა მოიზიდოს ამომრჩეველი. სააკაშვილი უფრო პრაგმატული ადამიანი გახლავთ. მისი ჩამობრძანება არის არა მხოლოდ მისი სურვილი. ვრცელდება ინფორმაცია, თურქეთის ტერიტორიაზე აპირებდა დაბინავებას, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ ჰქონდა სურვილი შტაბის მსგავსი აჭარის ტერიტორიაზე მოეწყო. სააკაშვილის ჩამოსვლა, ,,ოცნებისთვის'' ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება. ამით გაახსენებს ამომრჩეველს, რა ხდებოდა 2006-2012 წლებში საქართველოში. სააკაშვილი კამიკაძე არაა, საქართველოში ჩამოვიდეს''. 
სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხს, არასერიოზულად მიიჩნევს არჩილ გამზარდია. მისი თქმით, ეს საინფორმაციო პროპაგანდა და მოდელი სააკაშვილმა იმისთვის გამოიყენა, თავისი ამომრჩევლის სრული მობილიზება შეძლოს და კომფორმისტების კატეგორიაც ,,გადმოიბიროს'', რომლებიც თუ დააჯერებენ, რომ სააკაშვილი ჩამოდის, მის ,,ბანაკში'' დროულად გადავლენ. 
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოვა, თუკი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში, მას, დაპატიმრება არ დაემუქრება და ციხიდან ნაციონალების სხვა ლიდერებსაც კი გამოუშვებენ. 
ექსპერტი გია ხუხაშვილის თქმით, საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რადგან მას თუ არ ექნება სერიოზული გარანტიები, ასე, მარტივად, ჩამოსვლას ვერ გაბედავს. ამ ამბის გავრცელების მიზანი შესაძლოა, იყოს სააკაშვილის მხრიდან თავისი ამომრჩევლის მობილიზების მცდელობა. 
სააკაშვილის ბაქიბუქი ალბათ მართლაც უფრო მუხტის არდაგდებისა და ამომრჩევლის მობილიზების მცდელობაა. ექსპრეზიდენტს, პოლიტიკურ სიბეცეს ნამდვილად ვერ დასწამებ და ისიც ნაკლებსავარაუდოა, მას 2003 წლის სცენარის განმეორების იმედი ჰქონდეს, რასაც კულუარებში პროგნოზირებენ. სხვა თუ არაფერი, ,,ვარდების რევოლუციის ეპოქასა'' და დღევანდელ რეალობას შორის, არც დიდი პოლიტიკოსობა სჭირდება და არც პოლიტოლოგობა. ვითარება 2003 და 2016 წლებს შორის, ცასა და დედამიწასავით განსხვავდება - მაშინ რევოლუციის მომხრე, საზოგადოება იყო, დღეს კი, ასეთი მუხტი, მოქალაქეებში არ არის. სწორედ ამ აზრს ავითარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის აზრითაც, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ნაციონალებს რევოლუციის მოწყობა არ გამოუვათ: ,,აღარ არის ის სიტუაცია, რაც იყო 2003 წელს. ისინი წავიდნენ 2003 წლის სცენარით. 2003 წლის გადატრიალება ამერიკას სურდა, რუსეთსა და საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს. აშშ- ელჩის განცხადება მკაფიო მითითება იყო, რომ დესტაბილიზაცია არავის აწყობს, რუსეთი არც გვაინტერესებს და არც ვიცით. მოსახლეობის დიდი ნაწილი წინააღმდეგია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის. ამ პირობებში რევოლუცია შეუძლებელია, სულ რომ ხელი არ გაანძრიოს შსს-, რომელიც დარწმუნებული ვარ, მოახერხებს ნორმალური ზომით ამ ვითარების დარეგულირებას, რევოლუცია შეუძლებელია“.