არჩევნების წინ ლარი დაცემას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ეროვნული ბანკი ლარის კურსის ფორმირების პროცესში აქტიურად ერევა და ცდილობს დევალვაცია არ დაუშვას, ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერება ვერ ხერხდება.
სებ-მა უკვე 60 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად, მათ შორის, 40 მილიონი უშუალოდ ბოლო ვაჭრობის დროს. ლარი კი მაინც დაბლა ეშვება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კურსი 2,31-დან 2,35-მდე დაეცა. ეს ნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია, რაც, ერთი მხრივ, საგარეო ვალები მომსახურებას უკავშირდება, მეორე მხრივ კი, მიმოქცევაში ლარის მასის ხელოვნურად ზრდას.
ექსპერტთა ნაწილი შიშობს, რომ არჩევნების შემდეგ ლარი კიდევ მეტად გაუფასურდება, რადგან ამჯერად მისი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება მხოლოდ ეროვნული ბანკის ძალისხმევით ხერხდება.
ეკონომისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის წარმომადგენელი ბესო ნამჩავაძე ფიქრობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ ლარის კურსის გაუფასურების წინააღმდეგ განხორციელებული ინტერვენციები, რომელმაც ლარი მცირედით გაამყარა, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
„შეიძლება ითქვას, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება არჩევნების მოახლოებულ თარიღს. ეროვნული ბანკისაგან განმარტებებს ვერ ვისმენთ, ათეულობით მილიონ დოლარს ყიდიან და საზოგადოებას არ ეუბნებიან, რატომ? ასეთი ტიპის ინტერვენცია გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც იცი, რომ საშუალოვადიან და გრძელავდიან პერიოდში ლარს გაუფასურება არ ელის და გაუფასურება მხოლოდ მოკლევადიანი შოკით არის გამოწვეული. მაშინ ეს გვითხრან და აგვიხსნან: რისი იმედი გვაქვს მომდევნო თვეებში, რომ ლარის კურსის გაუფასურება შეჩერდება? აღარაფერს ვამბობ გამყარების დაწყებაზე.
არ ვიცი, რა არგუმენტი უნდა ჰქონდეს ეროვნულ ბანკს, რომელიც ფიქრობს, რომ ახლა უნდა შევაჩერთოთ ლარის კურსის გაუფასურება და მომავალში თავისით გამყარდება. თუ ზუსტად იციან, რომ რაღაც დიდი ინვესტიცია შემოვა უახლოეს დღეებსა თუ თვეებში, მაშინ გასაგებია, მაგრამ ამას უნდა გვეუბნებოდნენ“, - ამბობს ნამჩავაძე.
„პირველი საკრედიტო კავშირის“ ხელმძღვანელი გივი კორინთელი კი ამბობს, რომ ეკონომიკისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილური ეროვნული ვალუტაა. ამიტომაც, მას მიმაჩნია, რომ სებ-ი სწორად იქცევა.
„სერიოზულად გაუფასურების მოლოდინის შემთხვევაში, ლარს ეს 60 მილიონი ვერ უშველიდა. ეროვნულ ბანკში ეს იციან და ამიტომაც გაყიდეს ამ ოდენობით დოლარი. ეს პოზიტიური სიგნალია და მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად ყველაფერი წონასწორული კურსისთვის კეთდება“, - აღნიშნა კორინთელმა.
როგორც „პირველი საკრედიტო კავშირის“ ხელმძღვანელი ამბობს, ახლა მთავარი ისაა, რომ ბაზრისთვის ვალუტს მიწოდება და ლარის კურსის ამ ნიშნულზე „დაჭერა“ ხელოვნურად, არჩევნებისთვის არ კეთდებოდეს. რამდენადაც არჩვნების წინ სავალუტო რყევა არც ერთ ხელისუფლებას არ აწყობს და ახლაც გამორიცხული არ არის, რომ ასეთი ეჭვი გაჩნდეს.
„თუ ხელოვნურად ხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია, მაშინ ჩვენ არჩევნების შემდგომ უფრო სავალალო შედეგებს მივიღებთ. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ეს წონასწორული კურსის შესანარჩუნებლად კეთდება“, - განუცხადა „კომერსანტს“ კორინთელმა.