ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დედამიწის მოსახლეობის 92% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. ეს უკვე საგანგაშო მაჩვენებლია და სამწუხაროდ, უკეთესი ვითარება არც საქართველოს დედაქალაქში გვაქვს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ვითარება წლიდან წლამდე უარესდება.
როგორც ჯანმოს ახალ ანგარიშშია ნათქვამი, პლანეტის 10-დან 9 მცხოვრებელი ცხოვრობს ისეთ რაიონებში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი დონეა. ანგარიშის თანახმად, ამ კუთხით ყველაზე უარესი მდგომარეობა შექმნილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთში, მალაიზიასა და ვიეტნამში.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ დედამიწაზე ადამიანის გარდაცვალების ყოველი მეცხრე ფაქტი სწორედ ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება. განსაკუთრებით მწვავედ აღნიშნული პრობლემა დგას ღარიბ ქვეყნებში. 2012 წელს ჰაერის დაბინძურება 3 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ამ მხრივ მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება და გამონაკლისი არც საქართველოა. ცოტა ხნის წინ საერთშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ გამოქვეყნა მასშტაბური კვლევა, თუ რომელ ქვეყანაში რა მდგომარეობაა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად, ჰაერის დაბინძურება 6,5 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. მკვლევარები იმასაც ამტკიცებენ, რომ ყოველ 100 ათას ადამიანზე, ჰაერის დაბინძურების მიზეზით ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში კვდება.
შემდეგ მოდის ბულგარეთი, შემდეგ კი - ჩინეთი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, მეტია, რადგან მისი მოსახლეობა ბევრჯერ აღემატება საქართველოსას, თუმცა იგივე ჩინეთში ყოველ 100 ათას ადამიანზე ჰაერის დაბინძურების მიზეზით თითქმის ორჯერ ნაკლები ადამიანი კვდება, ვიდრე საქართველოში.
სხვათა შორის, ამ მონაცემებში იმთავითვე ეჭვი შეიტანეს სპეციალისტებმა.
„მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა, დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ე.წ. სმოგი დიდ ქალაქებში ჩამოწოლილი გამონაბოლქვია, რომლითაც ხალხი მასიურად იხოცება. ასეთი რამ ჩამორჩენილ ქვეყნებს ახასიათებს და ჩვენი ატმოსფერული ჰაერიც ძალზე დაბინძურებულია.
დაბინძურების ძირითადი წყარო ავტოტრანსპორტია. განსაკუთრებით, თბილისში უამრავი რაოდენობის მანქანაა, რომელთა 99%-იც მოძველებულია. ამ მანქანების უმეტესობას კატალიზატორი ამოღებული აქვს და გამონაბოლქვი არ იფილტრება.
„მიუხედავად ამისა, არა მგონია, ჰაერის დაბინძურების მასშტაბით საქართველო ჩინეთს უსწრებდეს. ამ მხრივ ჩინეთში კატასტროფული მდგომარეობაა. სულ რამდენიმე ხნის წინ მძიმე ვითარება შეიქმნა შანხაიში, ლამის ხალხის ევაკუაცია მოახდინეს, რადგან სუნთქვა აღარ შეიძლებოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ შანხაიში სამრეწველო ობიექტებია განლაგებული და უამრავი ტრანსპორტი გადაადგილდება. იგივე პრობლემები ჰქონდა სტამბულს. ინდოეთი ხომ გადატვირთულია ხალხითა და ტრანსპორტის სიმჭიდროვით. ამიტომ არა მგონია, საქართველო მათგან გამორჩეული იყოს. რასაკვირველია, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მხრივ სერიოზული პრობლემებია, მაგრამ გამონაბოლქვის პირდაპირი დაკავშირება ადამიანის სიკვდილიანობასთან არადამაჯერებელია“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ასეა თუ ისე, ორივე საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა შემაშფოთებელია. ამიტომაც საქართველოს მთავრობაც იძულებულია პრევენციულ ზომებს მიმართოს. ვარკეთილში, ყაზბეგისა და წერეთლის გამზირზე ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურები უკვე დამონტაჟდა,
ჰაერის ხარისხის შემმოწმებელი ახალი სადგურები თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. დედაქალაქის ეს ადგილები იაპონელ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა. აქამდე თბილისში მხოლოდ ერთი – ვაშლიჯვარში განთავსებული სადგური მოქმედებდა.
ავტომატური სადგურის საშუალებით დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი 24-საათიანი მონიტორინგი განხორციელდება და მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაცემს. ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის; აზოტის ჟანგეულების; გოგირდის ორჟანგის; მიწისპირა ოზონისა და მტვრის სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა.