აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია უძრავი ქონების ღირებულებაზეც იმოქმედებს. პრემიერი უკვე ირწმუნება, რომ იქ ფასები გახუთმაგდა, რადგან დაინტერესება დიდია. უძრავი ქონების სააგენტოებში ამ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებენ.
თბილისის მერიის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზიანებულ შიდა ეზოებში ჩატარდა შუშაბანდების რესტავრაცია და განხორციელდა ეზოების კეთილმოწყობა. სახლებზე მოეწყო ახალი ცხაურები. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა. ამ ყველაფერმა კი უძრავი ქონებით დაინტერესებული ბიზნესმენების ყურადღება გამოიწვია. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამტკიცებს, რომ რეაბილიტირებულ აღმაშენებელზე ქონების ფასი არის გახუთმაგებული.
„უპრეცედენტოდ მოკლე დროში დასრულდა პირველი ეტაპი და პრაქტიკულად, 7 თვის განმავლობაში შესრულდა უზარმაზარი სამუშაო. აღდგენილია ქუჩა, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მთლიანად აღდგენილია არა მარტო გარეგნული იერსახე, ასევე აღდგენილია სადარბაზოები, მათ შორის, კედლის მოხატულობა, ეზოები, კომუნიკაციები მთლიანად არის განახლებული“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპი გულისხმობს საფეხმავლო მარშრუტების აღდგენას, ასევე მე-19 საუკუნის ბაღების აღდგენას.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, ჩატარებული სამუშაო მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. „უძრავი ქონების ფასი არის გახუთმაგებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გახდება ეს ადგილი ტურისტებისთვის, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უბანი თბილისში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამა თუ იმ უბნის განახლებას რომ ფასების ზრდაც მოჰყვება, ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა საკითხავია რამდენად შეესაბამება პრემიერის დასახელებული მონაცემები რეალობას. უძრავი ქონების სააგენტოებში ადასტურებენ, რომ ფასი გაზრდილია, თუმცა არა იმ დონეზე, როგორც ამას კვირიკაშვილი წარმოაჩენს.
როგორც კომპანია „რემაქს ავალონში“ განმარტავენ, ამჟამად რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირზე 1 კვ/მ კომერციული ფართის ქირაობა 40 აშშ დოლარი ღირს. მათი ინფორმაციით, ახალი ფასები ახლა კორექტირდება, შესაბამისად, რთულია იმის თქმა კვადრატული მეტრის ფასი რამდენით გაიზარდა და კიდევ რამდენით გაიზრდება.
„რემაქს ავალონის“ წარმომადგენელთა ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, შესაძლოა, დეფიციტურიც კი იყოს ფართი, რადგან ამჟამინდელმა მფლობელემა უძრავი ქონება აღარც გააქირავონ, აღარ გაყიდონ და ბიზნესი თავად წამოიწყონ.
„შესაბამისად, რაც დეფიციტურია ის ძვირია. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ფასები გაიზარდოს“ -განუცხადეს „კომერსანტს“ „რემაქს ავალონში“.
აღმაშენებლის 108-ში მდებარე უძრავი ქონების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ფართები არც გასაქირავებელი და არც გასაყიდი არ აქვთ, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფართების ღირებულება გახუთმაგდა, სიცრუეა. მართალია, რომ 1 კვადრატული მეტრის ღირებულება გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვნად არა.
„იქ, სადაც ახლა რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირია, იმ ტერიტორიას „მკვდარ პლეხანოვს“ უწოდებდნენ. ახლა ამოძრავდება თუ არა, არ ვიცით“, - აცხადებენ უძრავი ქონების სააგენტოში.