ყოველი მესამე მსურველი ბინას ვაკეში ან საბურთალოზე ეძებს

ყოველი მესამე მსურველი ბინას ვაკეში ან საბურთალოზე ეძებს

დედაქალაქში ყველაზე ძვირი უბანი მთაწმინდაა, ხოლო ყველაზე იაფი სამგორი. თბილისის მასშტაბით უძრავი ქონების ფასი საცხოვრებელი ადგილის პრესტიჟულობის მიხედვით ყალიბდება. ბინები, ძირითადად, ვაკეში და საბურთალოზე იყიდება.

კვლევა, რომელიც „თიბისი ბანკის“, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JUMPSTART-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი უძრავი ქონების ლაბორატორიის მიერ 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით ჩატარდა და საინტერესო დეტალები გამოვლინდა.

კვლევის თანახმად, 1 კვ/მ საცხოვრებელი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი დედაქალაქში მერყეობდა 836-დან 900 აშშ დოლარამდე. ამასთან, თბილისში საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის ივნისში 1.8%-ით შემცირდა, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

2016 წლის ივნისის მონაცემებით, საცხოვრებელი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია (1 კვ/მ 1011 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი - სამგორის რაიონში (1 კვ/მ 544 აშშ დოლარი).

ანალოგიური ტენდენციაა გაქირავების მხრივაც: საცხოვრებელი ქონების გაქირავებაც ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა (1 კვ/, საშუალოდ, 9 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი - სამგორში (1 კვ/მ, საშუალოდ, 5 აშშ დოლარი). ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ქონების ქირის ფასის ინდექსი 2016 წლის ივნისში 13.2%-ით შემცირდა, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, რაც გაყიდვის ინდექსის შემცირებაზე დაბალი მაჩვენებელია.

შედარებით ძვირია თბილისში კომერციული უძრავი ქონების გაყიდვისა და იჯარის ფასი. მაგალითად, 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე 1 კვ/მ კომერციული ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერყეობდა 1088-დან 1230 აშშ დოლარამდე, თუმცა, 2016 წლის ივნისის მონაცემებით, გაყიდვის ფასის ინდექსი შემცირებულია 9.6%-ით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

რაც შეეხება იჯარას, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში 1 კვ/მ კომერციული ქონების იჯარა, საშუალოდ, 10.1-დან 12.0 აშშ დოლარამდე მერყეობდა. 2016 წლის ივნისის თვეში იჯარის ფასის ინდექსიც შემცირებულია 4.8%-ით.

2016 წლის ივნისში დედაქალაქში უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებელი, ძირითადად, (34.9%) ვაკისა და საბურთალოს რაიონებზე მოდიდა. ეს ნიშნავს, რომ ყოველ მესამე ადამიანს სურს ბინა ამ უბნებში შეიძინოს.

ბოლო პერიოდში უძრავ ქონებაზე ფასი მართლაც შემცირებელია. ამას საქმეში ჩახედული ადამიანები ყოველგვარი კვლევის გარეშეც ხვდებიან. უძრავი ქონების ბიზნესით დაკავებული პირები კი კონკრეტულ მონაცემებზეც საუბრობენ. უძრავი ქონების სააგენტოს ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე იმასაც ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ფასების ვარდნა შეჩერდა და ახლა ერთ ადგილზეა გაყინული.

„4-5 წლის წინანდელ მაჩვენებელს თუ შევადარებთ, ფასი არის შემცირებული სხვაობა ფასში 25-30%-ს აღწევს. ეკონომიკა, არასტაბილური შემოსავალი, ინვესტიციების შემცირება, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ამ ყველაფერმა მოახდინა გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა, კომერციული ფართის ღირებულება სტაბილურად ერთ მაჩვენებელზეა და დიდად არაფერი შეცვლილა“, - განმარტავს ნელი გოგუაძე.

სავალუტო რყევის გარდა უძრავი ქონების საბაზრო ფასზე გარკვეული გავლენა მოახდინა ჭარბმა მიწოდებამაც. ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი მშენებლობა დასრულდა, რაც საბოლოოდ კომერციული ფართის ღირებულებაზეც აისახა.