მშპ-ს ზრდის გეგმა შესრულებულია, მოხერხდება თუ არა მისი შენარჩუნება?

მშპ-ს ზრდის გეგმა შესრულებულია, მოხერხდება თუ არა მისი შენარჩუნება?

წლის პირველ ნახევრში მშპ-ს მატების გეგმა შესრულდა. ეკონომიკური ზრდა 3%-ზეა, მაგრამ რამდენად შეინარჩუნდება ეს ტემპი, ძნელი სათქმელია. წინ არჩევნებია მოსალოდნელი დაპირისპირებით და უკვე დაანონსებული დაძაბულობით. ასეთ პირობებში ეკონომიკაში, როგორც წესი, პაუზა ცხადდება.

2016 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 მილიარდ 59 მლნ ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშპ-ის ზრდა 3,0 პროცენტის დონეზეა. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,6 პროცენტი) და ვაჭრობა (15,1 პროცენტი). ეს საკმაოდ ტრადიციული სფეროებია და, როგორც წესი, მშპ-შიც, მწარმოებელთა ფასების მასშტაბშიც წამყვანი ადგილი სწორედ ამ სფეროებს უკავიათ ხოლმე.

შედარებით მოულოდნელია მესამე პოზიცია სოფლის მეურნეობისთვის, რომ ამ დარგში საქართველოს მოსახლეობის თითქმის 50 პროცენტია დასაქმებული და მასში სახელმწიფო ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ დიდ რესურსებს დებს, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სუბსიდირების თვალსაზრისით. სოფლის მეურნეობა ასევე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ეკონომიკური დახმარებისთვის, რომელიც, პირველ რიგში, კოოპერატივების შექმნას და სხვა მიმართულებებს უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში წელს 9,4%-დან 10,6%-მდე გაიზარდა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ის მესამე პოზიციაზეა, გადაასწრო რა ერთ-ერთ წამყვან დარგს - ტრანსპორტს, კავშირგაბმულობას და მიუახლოვდა ლიდერებს - მრეწველობას და ვაჭრობას.

სოფლის მეურნეობის შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,2 პროცენტი), მშენებლობა (8,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი).

2016 წლის II კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით, რაც, ერთი მხრივ, სეზონურობითაც არის განპირობებული და, მეორე მხრივ, გამორიცხული არ არის წინასაარჩევნო ინფრასტრუქტურულ აქტივობასთანაც ჰქონდეს კავშირი.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპები დღეს დაბალია, თემცა ამას თავისი მიზეზი აქვს. გარდა ამისა, საქართველო ამ კუთხით მაინც რეგიონის ლიდერია.

„ზრდის ტემპით დღეს რეგიონში პირველ ადგილზე ვართ, რომელიც არასდროს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. რა თქმა უნდა, 3-4% არ არის შესაშური ზრდის ტემპი. ამის მიზეზი არის ის, რომ რეგიონში კრიზისია. ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკა მინუსებში წავიდა, სტაგნაციის პერიოდი აქვთ, ევროპაში მძიმე სიტუაციაა. შესაბამისად, როდესაც ეკონომიკური სიტუაცია გლობალურად არის მძიმე, ერთი ქვეყანა სწრაფი ტემპით, 10-15%-ით ვერ განავითარებს ეკონომიკას. ამ დროს და ამ ფონზე 3-4%-იც შთამბეჭდავია“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, მთავარია, რომ ქვეყანაში შექმნილია ყველა პირობა ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის.

„ის, რომ ქვეყანაში ადამიანის თავისუფლებაა, ბიზნესის ხელშეუხებლობაა, არ არის კორუფცია, რომ არ არის მაფიოზური სახელმწიფო და ასე შემდგომ, ბიზნესს მაქსიმალურად ლობირებს ხელისუფლება, ლამის ევროპულ ქვეყნებს შეიძლება შევადაროთ, ეს შექმნის საფუძველს ეკონომიკის სწრაფი განვითარების, რაზეც აკეთებს ძირითად აქცენტს ჩვენი ხელისუფლება. საქართველომ თუ ეს კურსი შეინარჩუნა, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 10 და უფრო მაღალი ზრდა. თუ ასე მოხდა და ახალი კატაკლიზმები არ დაემთხვა, ჩვენ შეგივძლია 7-8 წელიწადში გავაორმაგოთ ეკონომიკა, ხოლო 2030 წლისთვის შეგვიძლია კიდეც გავაოთხმაგოთ და ახლოს მივიდეთ ევროპულ ეკონომიკასთან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის მოსაზრებას არ იზიარებეს ეკონომისტი გიორგი ღაღანიძე. იგი პირდაპირ ამბობს, რომ 3%- ზრდა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, კარგი არ არის:

„თუ როგორ გაიზრდება ეკონომიკა სამომავლოდ, ამის გამოთვლა ამ ეტაპზე რთულია. რაც შეეხება დასახელებულ 3%-ს ან 3,5%-ს, ასეთი ზრდა განვითარებული ქვეყნისთვის ძალიან კარგია, ჩვენთვის კი არის მიუღებელი. ეს ნიშნავს, რომ თუ ამ ტემპით გავაგრძელეთ, განვითარებულ ქვეყნებს ვერ დავეწევით. გვჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომ ელემენტარულად რაღაც პრობლემები გადავჭრათ“, - განაცხადა ღაღანიძემ.