სამორინეები და აზარტული თამაშები საქართველოს ავადმყოფობაა. რასაკვირველია, ამაზე თვალს ყველა იბრმავებს, მათ შორის, მთავრობა, რომელსაც ყური რომ ვუგდოთ, თითქოს შეცნობილი აქვს საკითხის სიმწვავე. ამ დროს საქართველში აზარტული ბიზნესის განვითარებამ მეზობელი ქვეყნის პირველი პირებიც შეაწუხა.
თურქეთის პრეზიდენტს საქართველოში სამორინეების დახურვა სურს. სავარაუდოდ, ამის მიზეზია ისაა, რომ თურქი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი საქართველოში კაზინოებში სათამაშოდ გადმოდის.
რეჯებ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნული თხოვნით საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს პირადად მიმართა, რათა მან საკუთარი გავლენა გამოიყენოს და თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე სამორინეების დახურვა შეძლოს.
გამოცემა CALVINAYRE.COM წერს, რომ 2012 წელს თურქეთმა და საქართველომ თავისუფალი მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მალევე თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ ბათუმში დიდი რაოდენობის თურქები კაზინოებში სათამაშოდ ჩამოდიოდნენ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ელჩის ადმინისტრაციაში თურქი ქალები ხშირად რეკავდნენ თხოვნით, რომ მათ მეუღლეების ქვეყანაში დაბრუნება სურდათ.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში კაზინოები 1998 წელს აიკრძალა. უნდა ითქვას ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში თურქების რიცხვი, რომლებიც ბათუმში სამორინეებში სათამაშოდ გადმოდიან, მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილმა ამ ორიოდე დღის წინ მართლაც აღნიშნა, რომ ერდოღანთან შეხვედრისას სამორინეების აკრძალვაზე მართლაც ისაუბრეს. „პირველი ეს მთხოვა, იქნებ, კაზინოები დახუროო“, - აღნიშნა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ მომხრეა აზარტულ თამაშებზე არასრულწლოვნებისთვის მკაცრი შეზღუდვები უნდა დაწესდეს.
„მართალი გითხრათ, მე სიამოვნებით ავკრძალავდი, მაგრამ ესეც ეკონომიკაა და მკვეთრი დამოკიდებულება ამაზე თურმე არ შეიძლება. განსაკუთარებით, აჭარაში, ბათუმში, ამას სერიოზული პოზიცია უჭირავს, როგორც ბიზნესს და ქვეყნის განვითარებაში ამასაც თავისი ადგილი აქვს. სასტიკად უნდა გამკაცრდეს იქ არასრულწლოვნების მისვლა. არ დაგიმალავთ, მე ისიც კი მქონდა იდეად და გუშინაც ვსაუბრობდი ამ თემაზე, რომ იქნებ მოვახერხოთ ადგილობრივები არ შევუშვათ ამ კაზინოებში. ალბათ, ეს კანონმდებლობასთან შეუთავსებლობაში მოვა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ბევრი ტურისტი ჩამოდის და კაზინოების არსებობა ტურსტების დინებასაც უწყობს ხელს.
„ეს ფაქტია და ამას ვერ უარვყოფთ. კაზინოებს თავისი წვლილი და როლი აქვს. თუ რამეს კანონმდებლობაში მოვიფიქრებთ და მაქსიმალურად გავამკაცრებთ... უამრავი ოჯახი გაუბედურდა. მეც ვიცი ეს რა არის.
მახსოვს, როდესაც ერდოღანთან მქონდა შეხვედრა, პირველი ეს მთხოვა, იქნებ კაზინოები დახუროო. იქედანაც ჩამოსულებიც ძალიან ბევრი უბედურდება ამ კაზინოებში. მაგრამ რა ვქნათ, ბიზნესის სახეა ეს. ხალხს უყვარს და მოსწონს. ტურიზმს ხელს უწყობს, შესაბამისად, კანონმდებლობას უნდა მივხედოთ. კატეგორიული კანონები უნდა შემოვიღოთ არასრულწლოვნებზე, უნდა დაუხურო და გააკოტრო პირდაპირ, ვინც არასრულწლოვანს შეუშვებს, დაარღვევს, პასპორტები უნდა მოსთხოვონ. ამ მხრივ კანონმდებლობები გავამკაცროთ, მაგრამ ბიზნესზე უარს ნუ ვიტყვით“, - განაცხადა ივანიშვილმა.
კანონმდებლობის გამკაცრებაზე კარგა ხანია მიდის საუბარი, მაგრამ თავი ვერ მოება. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ ხდომაზე განაცხადა, რომ ინტერნეტ-კაზინოების საკითხს საფუძვლიანად შეისწავლის და მიიღებს სახელმწფიო გადაწყვეტილებას მის რეგულირებაზე.
„ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და შევეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს, თავიდან იქნას აცილებული“, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება ფიზიკურ კაზინოებს, კვირიკაშვილის თქმით, თუ არის რაიმე ტიპის დამატებითი რეგულაცია საჭირო, მთავრობა ამას შეისწავლის, თუმცა მისი თქმით, ამ ბიზნესს არაფერი უნდა დაემუქროს, რადგან ის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიისთვის.
მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და არანაირ რეგულაციაზე, მით უფრო შეზღუდვაზე საუბარი არ ისმის. როგორც ჩანს, ფულს (როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს ის ნაშოვნი), გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე მორალურ კატეგორიებს.