ანტიმონოპოლისტებისა და მენავთობეების დავა უსურულოდ იჭიმება. დაუსრულებელი პროცესი არც სახელმწიფოს ინტერესებშია და მით უფრო, არც ნავთობკომპანიებს აძლევს ხელს. ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, ყველაფერი საბოლოოდ მორიგებით დასრულდება და ამას არცთუ დიდი ხანი დასჭირდება. ჯერჯერობით მოლაპარაკების დეტალები არ ხმაურდება.
„ვისოლ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწესებულ ჯარიმაზე მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის მივა ლოგიკურ დასარულამდე. მისი თქმით, ასეთი ტიპის დავები სასამართლოში დიდი ხანის განმავლობაში ჭიანურდება და შესაბამისად, ორივე მხარისთვის უმჯობესია შეთანხმება დროულად შედგეს. ფხაკაძე „ჯიბისისთან“ საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ საჭიროა ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე შეთანხმება.
ამ ეტაპზე კომპანიათა უმეტესობისთვის საქმის განხილვა ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში მიმდინარეობს, გამონაკლისია „სოკარი“, რომელიც პირველ ინსტანციაში გამტყუნდა და ახლა 14-მილიონიანი ჯარიმის გაუქმებაზე დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს.
როგორც „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორი დავით ზუბიტაშვილი განმარტავს, კომპანიის უფლებებს საერთაშორისო საადვოკატო კომპანია DLA PIPER-ი იცავს. მისთვის უცნობია რა გადაწყვეტილებს გამოიტანს სააპელაციო სასმართლო, თუმცა კომპანია „სოკარ ჯორჯია“ საკუთარი სიმართლის დაცვას ყველა ინსტანციაში გააგრძელებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება „ლუკოილის“ და დანარჩენი სხვა კომპანიების სასამართლო პროცესები.
„სოკარმა“ კონკურენციის სააგენტოსთან სასამართლო მიმდინარე წლის 11 აპრილს წააგო. სასამართლომ ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება კომპანიის 14 მილიონი ლარით დაჯარიმების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ზაფხულში, სააგენტომ ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის ხუთი უმსხვილესი მოთამაშე კონკურენციის კანონის დარღვევის მიზეზით ჯამში 55 მილიონამდე ლარით დააჯარიმა.
სააგენტომ ხუთ მსხვილ ნავთობკომპანიას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის გამო სანქციები დააკისრა. საუბარია კომპანიებზე „ვისოლი“ (10,426 393 ლარის ჯარიმა), „ლუკოილი“ (4, 740 260), „სოკარი“ (14 381 385), „რომპეტროლი“ (10 885 806) და „გალფი“ (11 267 384) და სამ ეკონომიკურ აგენტზე, რომელთაც მჭიდრო ურთიერთობები გააჩნდათ აღნიშნულ ხუთეულთან.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სამართლიანია და გამომდინარეობს იმ რეალობიდან, რაც სანავთობო ბაზარზე წლების განმავლობაში სუფევდა.
„ნავთობპროდუქტების ბაზარზე არაჯანსაღი სიტუაცია იყო, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია მუდმივად საუბრობდა. აშკარად შეიმჩნეოდა კარტელური გარიგების ნიშნები და ადგილი ჰქონდა შეთანხმების ფაქტებს. თუკი მორიგებაზე წავლენ კომპანიები, ეს ნიშნავს, რომ აღიარებენ ბრალეულობას. მათი დაჯარიმება კონკურენციის სააგენტოს მიზანი არ იყო. მთავარია, ქვეყანაში გაჩნდა პრეცენდენტი, რომ არამართებული ქმედებისთვის პასუხი ყველას მოეთხოევება“, - აცხადებს ბაირახტარი.