ავტოპარკირება დედაქალაქის მთავარ პრობლემად იქცა

ავტოპარკირება დედაქალაქის მთავარ პრობლემად იქცა

თითქოს სექტემბრიდან ტროტურებზე პარკირება უნდა აკრძალულიყო, მაგრამ ერთი შეხედვით დედაქალაქში ყველაფერი ძველებურად გრძელდება. ტროტუარები კვლავ მანქანებითაა გადაჭედილი და არც „სითი პარკს“ შეუთავაზებია მოსახლეობისთვის ალტერნატიული პარკირების ადგილები. თბილისის მერიის ინიციატივა ჯერჯერობით არ მუშაობს და ქალაქის განტვირთვის გეგმის ამოქმედებაც გვიანდება.

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, „ტრასეკას“ საგზაო უსაფრთხოების პროექტის რეგიონული კონსულტანტი გელა კვაშილავა ამბობს, რომ თბილისში სატრანპორტო მოძრაობა არაორგანიზებული და ძალიან მოუწესრიგებელია.

„სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზება და ქალაქში პარკინგის სისტემის მოწესრიგება მთავარი პრობლემაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება პარკინგის თვალსაზრისით მოსაწესრიგებელია, რადგან ქალაქს პარკინგი, პრაქტიკულად, არ აქვს. კერძოდ, ასეთ გადატვირთულ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქ აჩერებს, სადაც პირველი მიასწრებს.

ჩვენთან ყოველწლიურად ავტომანქანების რაოდენობა 8%-ით მატულობს, თუმცა საცობები მანქანების მომატებასთან პირდაპირ კავშირში არ არის - ეს მოძრაობის წესების დარღვევასა და პარკინგის უქონლობასთანაა დაკავშირებული“, - განუცხადა „კომერსანტს“ გელა კვაშილავამ.

აღსანიშნავია, რომ ევროპისა და ამერიკის უმეტეს ქალაქში არსებობს ერთგვარი კონსენსუსი და პრაქტიკა საცობის საკითხთან მიმართებაში. საქართველოში კი, როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტერიტორიის გაფართოვება, ასევე მსუბუქი ავტომობილების პარკირების სისტემისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწესრიგება.

მერიის ცნობით, პარკირების ადგილები ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არსებულ მიშველაძის ქუჩაზე (27 პარკინგი), ჩოლოყაშვილის გამზირზე (16 ადგილი) უქმდება, ასევე საპარკინგე ადგილები ნუცუბიძის, პეკინისა და ყაზბეგის, ცოტნე დადიანის ქუჩებზე გაქრება. პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, რათა პარკირების გაუქმების პარალელურად ე.წ. „შეჭრების“ გაკეთება მოხერხდეს.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამბობს, რომ პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მრავალდონიანი ავტოსადგურის მშენებლობაზე და დაგეგმილი 10 ლოკაციის გარდა მერია გეგმავს დამატებითი ადგილები მოიძიოს, რათა მსგავსი სადგური დედაქალაქში რაც შეიძლება მეტი იყოს.

მუმლაძის განმარტებით, მერიამ ასეთი მიდგომა იმის გამო აირჩია, რომ არ მომხდარიყო დისკომფორტის შექმნა მძღოლებისთვის და, ფეხით მოსიარულეებისთვის ტერიტორიის გამოთავისუფლებასთან ერთად, ავტომფლობელებისვის მანქანის გაჩერების ალტერნატიული ადგილები შეეთავაზებინათ.

სპეციალისტები კი მიუთითებენ, რომ საჭიროა ინვესტიციების მოძიება, თვითნებურად მიტაცებული პარკირების ადგილების გაკონტროლება და იმ მშნებელობების აკრძალვა, რომელთაც პროექტში პარკირების ადგილი განსაზღვრული არ აქვთ.