უმსხვილესი საბანკო გარიგებას ყველა მხრიდან აკვირდებიან

უმსხვილესი საბანკო გარიგებას ყველა მხრიდან აკვირდებიან

„თიბისი ბანკის“ მიერ „ბანკი რესპუბლიკის“ შეძენამ ყურადღება საერთაშორისო მასშტაბითაც მიიქცია. ისევე როგორც საქართველოში, უცხოეთშიც ზოგიერთი ანალიტიკოსი იწონებს უმსხვილეს გარიგებას, ზოგიერთი კი, პირიქით, ამაში პრობლემას ხედავს. რეალურად რამდენად წაადგება ადგილობრივ საბანკო სექტორის ტოტალური გამსხვილება, ეს მოკლე დროში გამოჩნდება.

„ორი მსხვილი ინსტიტუტის - „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ დომინანტობა, რაც ბაზრის 60% იკავებს, ქმნის ბარიერებს ახალი მოთამაშეების შემოსვლისთვის და მოქმედებს კონკურენციაზე - აცხადებს „ფიჩ რეიტინგს“-ის წარმომადგენელი. ოლგა იგნატიევას თქმით, ფინანსურად ძლიერი, უცხოელი აქციონერებით დაკომპლექტებული ბანკების არსებობა ბაზარზე სექტორის ფინანსური სტაბილურობის კუთხით პოზიტიურია.

დსთ-ს ქვყენებში „ფიჩ რეიტინგს“-ის უფროსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ გამსხვილებამ საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა, შემდგომი გამსხვილებები გამოიწვიოს სექტორში. ამასთანავე, პატარა მოთამაშეები, რომლებმაც საკუთარი ნიშა იპოვნეს და ფოკუსირებას მცირე ბიზნესებსა და საცალო კლიენტების მომსახურებაზე აკეთებენ, მაინც კარგ პოზიციებს იკავებენ.

„ფაინენშელის“ კითხვაზე - უნდა შეწინააღმდეგებოდა თუ არა ეროვნული ბანკი აღნიშნულ გარიგებას, რადგან ის ბაზარზე ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას აკონტროლებს, იგნატიევა პასუხობს, რომ ეს საკითხი ხელისუფლებამ უნდა განიხილოს. იგი აღნიშნავს, რომ ამ გარიგებამდე საქართველოს უკვე ყავდა ორი დომინანტი მოთამაშე საბანკო სექტორში.

„სოსიეტე ჟენერალმა“ „თიბისი ბანკთან“ გარიგების შესახებ გასულ კვირას განაცხადა. „თიბისიმ“ აქციების 93.64% 315 მილიონ ლარად შეიძინა. ამ ტრანზაქციის შემდეგ „თიბისი ბანკი“ სესხებისა და დეპოზიტების კუთხით უმსხვილესი ბანკი ხდება.

მიმდინარე წლის ივლისში „ფიჩ რეიტინგს“-ი წერდა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი რეგიონში ყველაზე სწრაფად მზარდია. ანგარიშში საუბარი იყო დოლარაზიის მაღალ მაჩვენებელზე და საცალო ვაჭრობის სეგმენტზე გაცემულ დიდი რაოდნეობით სესხებზე. ამასთან, სარეიტინგო კომპანიის ანალიტიკოსების აზრით, მიუხედავად გამოწვევებისა, საბანკო სექტორი ახერხებს სოლიდური მოგება შეინარჩუნოს.

„რესპუბლიკადან“ ფრანგული კაპიტალის გასვლას დადებითად არ აფასებს ბანკის დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელი ლაშა პაპაშვილი.

„უკეთესი იქნებოდა „სოსიეტე ჟენერალი“ ბაზარზე დარჩენილიყო“, - აცხადებს ბიზნესმენი.

პაპაშვილი ამბობს, რომ ზოგადად 2008 წლის შემდეგ საბანკო ვექტორები შეიცვალა, მათ შორის, ევროპაშიც. ზოგი ბანკი აჩერებს საქმიანობას, ზოგი კი ააქტიურებს და ეს მხოლოდ საქარველოს პრობლემა არაა. პაპაშვილი ამბობს, რომ „სოსიეტე ჟენერალი“ ხუთივე კონტინენტზე მოთამაშე საბანკო გიგანტია და სამწუხაროა მისი ბაზრიდან გასვლა, თუმცა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და კომპანია თავისებურად აფასებს რეგიონის რისკებს.

ლაშა პაპაშვილი ადასტურებს, რომ საბანკო სექტორში ორი მოთამაშის გამსხვილების მომხრე არ იყო, თუმცა ამდაგვარი პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს.

„ძალიან განვითარებულ ქვეყნეში ფიქსირდება ასეთი ფაქტები, მაგალითად, ისრაელში ორი მსხვილი მოთამაშეა, თუმცა, ვფიქრობ, ბაზრისთვის უკეთესი იქნებოდა „სოსიეტე ჟენერალი“ საქართველოში დარჩენილიყო, რომ კონკურენცია ყოფილიყო და ბაზარიც სამომავლოდ კონკურენტულ გარემოში განვითარებულიყო“, - აცხადებს პაპაშვილი.